"მსოფლიოს 7 საოცრების" შესახებ ალბათ ყველას გვსმენია, თუმცა ამ ჩამონათვალში მხოლოდ დედამიწის საოცრებებია გაერთიანებული. "სამყაროს 7 საოცრების" სიის შექმნა რომ შეგვეძლოს, რომელი ციური სხეულები შევიდოდა მასში?

ასევე იხილეთ: ნახეთ, როგორი იქნებოდა მსოფლიოს შვიდი საოცრება დღეს

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა განსაკუთრებულად რთულია, რადგან კოსმოსი ბევრად მეტ საოცრებას ინახავს. მეორე მხრივ, მსგავსი სიის შედგენა მაინცაა შესაძლებელი, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ნაწილობრივ სუბიექტური იქნება, ნაწილობრივ კი — პროფესიონალი ასტრონომებისა და ამ სფეროს მოყვარულების კონსენსუსზე დაფუძნებული. სიის შედგენა რომ გაგვიმარტივდეს, უმჯობესია, მასში მხოლოდ ის სხეულები შევიტანოთ, რომლებიც ღამის ცაზე ჩანს როგორც შეუიარაღებელი თვალით, ასევე პატარა ტელესკოპით ან, თუნდაც, ბინოკლით.

  1. მთვარე

ფოტო: NASA

თუ ტელესკოპს ფლობთ, ვფიქრობთ, მთვარის დაკვირვებაში საათები გექნებათ გატარებული. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის უამრავი დეტალის გარჩევა ბინოკლის შემთხვევაშიც შეგიძლიათ.

ასტრონომი ერნესტ ჩერინგტონ უმცროსი თავის წიგნებში ხშირად ახსენებდა, რომ ჩვეულებრივი 7x50 ბინოკლითაც კი მთვარეზე არსებული 600-ზე მეტი წარმონაქმნის ხილვა შეგიძლიათ, მათ შორის კრატერებისა და ქედების.

მართლაც, მთვარე ღამის ცის უნიკალური მშვენებაა — თანაც, ის ჩვენთან ძალიან ახლოსაა! ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე დაკვირვება გაცილებით მარტივად შეგვიძლია, ვიდრე სხვა ციურ სხეულებზე. არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთვარე სამყაროში ერთადერთი სხეულია (თავისთავად, დედამიწის გარდა), რომელზეც ადამიანის ფეხის ნაკვალევს შეხვდებით.

2. სატურნი

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI, M. Tiscareno (SETI Institute), M. Hedman (University of Idaho), M. El Moutamid (Cornell University), M. Showalter (SETI Institute), L. Fletcher (University of Leicester), H. Hammel (AURA); image processing by J. DePasquale (STScI))

ამ პლანეტის რგოლებისთვის თვალის ერთი შევლებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ — სატურნი ამ სიაში ადგილს ნამდვილად იმსახურებს.

ღამის ცაზე სატურნი ერთი ჩვეულებრივი, მოყვითალო-მოთეთრო ვარსკვლავი გეგონებათ, რადგან შეუიარაღებელი თვალით მისი რგოლები არ ჩანს. მეორე მხრივ, მათი დანახვა პატარა ტელესკოპითაც კია შესაძლებელი. ესაა მილიარდობით ყინულის ნაწილაკისგან შემდგარი რგოლები, რომლებიც პლანეტის გარშემო ბრუნავს.

სატურნი სიაში მხოლოდ რგოლების გამო არ მომხვდარა. ამ პლანეტას ასტრონომიის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს: უძველეს დროში ის "უმაღლეს" ციურ სხეულად მიიჩნეოდა, მრავალ კულტურაში კი მას მითოლოგიური დატვირთვაც აქვს.

1610 წელს გალილეის მიერ სატურნზე დაკვირვება ტელესკოპური ასტრონომიის განვითარებაში რევოლუციური იყო. ამ ცთომილის უჩვეულო, "სამმაგმა" ვიზუალმა თავის დროზე ტელესკოპის დიზაინისა და პლანეტარული სისტემების გაგებაში უდიდესი როლი შეასრულა.

სატურნი იდუმალებას დღემდე ინარჩუნებს: მისი თანამგზავრების, მაგნიტური ველებისა და ქარიშხლების კომპლექსური სისტემა თანამედროვე დროშიც უამრავი სამეცნიერო დაკვირვებისა თუ აღმოჩენის საფუძველია, მაგალითად, ტიტანის ტბების ან ენცელადის ყინულის ჭავლების. ამის გამო, ხშირად ამბობენ, რომ სატურნი ცალკე სამყაროა, ან, როგორც მინიმუმ, ცალკე "მზის სისტემა" მაინც.

3. ორიონის თანავარსკვლავედი

ფოტო: VW Pics / Getty Images

ორიონი ცის თაღზე ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა თანავარსკვლავედია. მისი 2 წევრი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს: რიგელი (ახალგაზრდა თეთრ-ცისფერი ზეგიგანტი) და ბეტელგეიზე (მომაკვდავი წითელი ზეგიგანტი ვარსკვლავი). იგი ორიონის ნისლეულსაც მოიცავს, რომელიც ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონია.

ორიონის თანავარსკვლავედის დანახვა დედამიწიდან თითქმის ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ. ისიც აღსანიშნავია, რომ მის გარშემო ათასწლეულების განმავლობაში უამრავი მითი და ლეგენდა იქმნებოდა.

ამრიგად, ორიონი არამხოლოდ თანავარსკვლავედია, არამედ მეცნიერების, ისტორიისა და სილამაზის უნიკალური შერწყმა.

4. ირმის ნახტომი

ფოტო: MARIANA SUAREZ / Getty Images

ჩვენს გალაქტიკას, უფრო სწორად კი ღამის ცაზე მის ერთგვარ დისკოს, ქალაქიდან იშვიათად თუ შეამჩნევთ. ყველაზე კაშკაშა ნაწილი მშვილდოსნის თანავარსკვლავედში ჩანს.

გარდა იმისა, რომ იგი ჩვენი "სახლია", ძალიან ლამაზიცაა — მბრწყინავი, ელვარე სარტყელი ღამის ცაზე. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ირმის ნახტომის შესწავლა ზოგადად გალაქტიკების წარმოშობის უკეთ გაგებაშიც გვეხმარება: მისი კაშკაშა ცენტრიდან დაწყებული და სპირალური მკლავებით დამთავრებული, ირმის ნახტომი ასტრონომიის თითქმის ყველა სახელმძღვანელოს განუყოფელი ნაწილია.

5. ჰერკულესის თანავარსკვლავედი

ფოტო: NASA, ESA, and the Hubble Heritage Team (STScI/AURA); Acknowledgment: C. Bailyn (Yale University), W. Lewin (Massachusetts Institute of Technology), A. Sarajedini (University of Florida), and W. van Altena (Yale University))

ის უმთვარო ღამეს უნდა ეძებოთ: მენახირის თანავარსკვლავედის ვარსკვლავ არქტურსა და ქნარის თანავარსკვლავედის კაშკაშა მნათობ ვეგას შორის. ზოგი ადამიანი ჰერკულესს ლათინურ ასო "H"-საც ამსგავსებს.

შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა საკმაოდ რთულია. ჰერკულესის თანავარსკვლავედის მთელი ბრწყინვალება მხოლოდ დიდი ტელესკოპით შეგიძლიათ იხილოთ. ასტრონომი რობერტ ბეიკერი მას "დიდ ციურ ქრიზანთემას" უწოდებდა.

აღნიშნულ თანავარსკვლავედში დიდი ჰერკულესის გროვა (M13) გვხვდება, იგი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე კაშკაშა სფერული გროვაა. M13 დაახლოებით 11.7 მილიარდი წლისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თითქმის სამყაროს ასაკისაა.

საინტერესოა, რომ 1974 წელს ადამიანებმა არესიბოს გზავნილი სწორედ ჰერკულესის თანავარსკვლავედში მდებარე M13-ისკენ მიმართეს. ეს ჩვენ მიერ უცხოპლანეტელებისთვის გაგზავნილი პირველი შეტყობინებაა.


6. კიბორჩხალას ნისლეული

ფოტო: NASA, ESA and Allison Loll/Jeff Hester (Arizona State University). Acknowledgement: Davide De Martin (ESA/Hubble))

1054 წელს ზეახალი ვარსკვლავი აფეთქდა. ეს მოვლენა იმდენად კაშკაშა იყო, რომ ის მაშინ ადამიანებმა შეუიარაღებელი თვალით დაინახეს. მეტსაც გეტყვით, იგი ცაზე დღისითაც კი ჩანდა, თანაც თითქმის მთელი თვის განმავლობაში. აფეთქების ნარჩენების ხილვა დღესაც კია შესაძლებელი — კიბორჩხალას ნისლეულის სახით.

მის ცენტრში სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ობიექტია: პულსარი. ეს ნეიტრონული ვარსკვლავი წუთში 30-ჯერ ბრუნავს, რის შედეგადაც გამოსხივება ელექტრომაგნიტური სპექტრის თითქმის ყველა ნაწილში გამოიყოფა. ეს მეცნიერებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ მაგნიტური ველები, რელატივისტური სიჩქარეები და ექსტრემალური სიმკვრივის პირობებში მატერიის ქცევა შეისწავლონ.

7. ანდრომედას გალაქტიკა

ფოტო: NASA/JPL-Caltech

თუ ანდრომედას გალაქტიკას ღამით, მოწმენდილ ცაზე ახედავთ, მართლაც საკმაოდ ძველ რაღაცას დაინახავთ: სინათლეს, რომელმაც გალაქტიკა 2.5 მილიონი წლის წინ დატოვა.

მეცნიერები ანდრომედას გალაქტიკას საუკუნეების განმავლობაში არასათანადოდ აფასებდნენ. 964 წელს სპარსელმა ასტრონომმა ალ-სუფიმ ცის თაღზე მოკიაფე იდუმალი "პატარა ღრუბელი" აღწერა. მე-17 საუკუნის დასაწყისში გერმანელმა ასტრონომმა ზიმონ მარიუსმა გალაქტიკას უკვე ტელესკოპით შეხედა, თუმცა ანდრომედა მასაც ნისლეული ეგონა.

ეს გალაქტიკა ტრილიონობით ვარსკვლავს მოიცავს, რომელთაგან უმეტესობას საკუთარი "მზის სისტემა" აქვს. ისიც აღსანიშნავია, რომ ის ირმის ნახტომთან მდებარე უახლოესი და უდიდესი სპირალური გალაქტიკაა — ჩვენი კოსმოსური მეზობელი.

საინტერესოა, რომ 4 მილიარდ წელიწადში ირმის ნახტომი და ანდრომედას გალაქტიკა, სავარაუდოდ, ერთმანეთს შეეჯახება, რის შედეგადაც ახალი, კიდევ უფრო დიდი გალაქტიკა ჩამოყალიბდება. ამრიგად, ანდრომედას გალაქტიკა ჩვენთვის საბედისწეროც კია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.