ნახეთ: ახალ ფოტოზე გასაოცარი ბნელი ნისლეული კოსმოსის უკუნში ვარსკვლავებს გუშაგობს
კოსმოსის ბნელ კუნჭულებში არაერთი გასაოცარი ობიექტია, რომელთა უჩვეულო ფორმაც ჩვენს წარმოსახვას ფართო გასაქანს აძლევს. მათ შორისაა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) მიერ გადაღებული ბნელი ნისლეული, რომელიც ვარსკვლავთა "ღამის გუშაგს" მოგვაგონებს.
მტვრისა და აირისგან შედგენილი ეს შთამბეჭდავი ღრუბელი ნამდვილად ტიტანური მასშტაბებისაა, რადგან მისი სიგრძე 7 სინათლის წელს აღწევს. მას კონუსის ნისლეული ეწოდება და უფრო დიდი ზომის სტრუქტურის ნაწილია, რომელიც NGC 2264-ის სახელითაა ცნობილი და ჩვენგან 2 500 სინათლის წლითაა დაშორებული.
სურათზე გამოსახული ობიექტი შესაძლოა, სხვა ნისლეულებს ვერ მიამსგავსოთ, რადგან ისინი, როგორც წესი, უფრო კაშკაშა და მრავალფეროვანია. ამას ხან ვარსკვლავებიდან არეკლილი სინათლე, ხან კი მათ მიერ იონიზებული მატერია განაპირობებს, რის შედეგადაც ნისლეული სინათლეს თავად გამოყოფს.
რაც შეეხება კონუსის ნისლეულს, ის შედარებით მუქია და მტვრის სქელ ფენას შეიცავს, რომელიც ოპტიკურ სინათლეს შთანთქავს. მასში მხოლოდ ადამიანის თვალისთვის უხილავი ისეთი სპექტრული დიაპაზონის გამოსხივება აღწევს, როგორიც ინფრაწითელი და რადიოტალღებია.
ამგვარ წარმონაქმნებს მოლეკულურ ღრუბლებს უწოდებენ. მათში ყველაზე საინტერესო ნისლეულები ერთიანდება: ვარსკვლავთა დაბადების ადგილები. მტვერს მძლავრი ინფრაწითელი გამოსხივება ახასიათებს, რომელსაც თერმული ენერგია გააქვს და მატერიის გაციებას უწყობს ხელს. გარეთ მიმართული წნევის გარეშე, რომელიც მაღალ ტემპერატურას ახლავს თან, გრავიტაცია აირსა და მტვერს ერთად აჯგუფებს და მთლიანობას უნარჩუნებს.
ასეთი შეჯგუფებები მნათობთა ჩანასახებია, რომლებიც ბრუნვისას გარემომცველი ღრუბლიდან უფრო მეტ მატერიას იზიდავს და ზრდად პროტოვარსკვლავებს ედება საფუძვლად, წნევა კი მათში ბირთვული სინთეზის წამოწყებას განაპირობებს. კონკრეტული მასის მიღწევისას, აღნიშნული ობიექტები პლაზმის ნაკადებს წარმოქმნის, რომელიც პოლუსებთან არსებული მაგნიტური ველის გავლენით ჩქარდება, ულტრაიისფერი რადიაცია კი წნევას ქმნის. ეს ორივე ფაქტორი ვარსკვლავის ქარის ფორმირებას უწყობს ხელს, რომელიც მატერიას გარეთ უბიძგებს.
სწორედ ამ პროცესების შედეგად აქვს ასეთი უჩვეულო ფორმა კონუსის ნისლეულს. ახალგაზრდა მნათობები სურათზე მოლურჯო-მოოქროსფრო კაშკაშა წერტილების სახით ჩანს. თითოეული მათგანი განვითარების იმ ეტაპზეა, როცა მათგან წამოსული პლაზმის ნაკადები ნისლეულში მტვერს ფანტავს. ზუსტად ასე წარმოიქმნა ყველასთვის კარგად ცნობილი არწივის ნისლეულის ე.წ. შემოქმედების სვეტებიც.
ახალი სურათის სხვადასხვა ზომით გადმოწერას ESO-ს ვებგვერდიდან შეძლებთ.
კომენტარები