გაიცანით "თვითმკვლელი" პლანეტა, რომელიც საკუთარი ვარსკვლავისკენ მიიწევს — დედამიწის მომავალი?
ასტრონომებმა დააფიქსირეს ეგზოპლანეტა, რომელიც საკუთარი ვარსკვლავისკენ სპირალურად მიიწევს, რაც მის კატაკლიზმურ აღსასრულს მოასწავებს. ეს შესაძლოა, გვიჩვენებდეს, თუ რა ელის ჩვენს პლანეტას მომავალში.
აღნიშნული ეგზოპლანეტა Kepler-1658b გახლავთ, რომელიც დაახლოებით 2 600 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. ის "ცხელი იუპიტერის" ტიპის ციური სხეულია, რაც ნიშნავს, რომ ძირითადად აირისგანაა შედგენილი და ზომით ჩვენი სისტემის უდიდეს პლანეტას ჰგავს. მასა და მნათობს შორის არსებული დისტანცია მზიდან მერკურიმდე მანძილის მერვედია. ობიექტი საკუთარ ორბიტაზე მოძრაობას სამ დღეზე ნაკლებს ანდომებს, რაც ყოველწლიურად 131 წამით მცირდება.
"პლანეტა ვარსკვლავს 3 მილიონ წელზე ნაკლებ დროში შეეჯახება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პირდაპირი მტკიცებულება მოვიპოვეთ ციური სხეულისა, რომელიც ზრდადასრულებული მნათობისკენ სპირალურად მიემართება", — ამბობენ მეცნიერები.
Kepler-1658b-ის მშობელი ვარსკვლავი "სუბგიგანტურ" ფაზაში იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ ის ფართოვდება და უფრო კაშკაშა ხდება. მისი გრავიტაცია ეგზოპლანეტის ორბიტას ნელ-ნელა, ტალღისებურად აპატარავებს, ანუ წინ და უკან უბიძგებს. მსგავსი რამ ხდება მთვარის შემთხვევაშიც, თუმცა ის უკანასკნელი პირიქით, დედამიწას შორდება.
ელის თუ არა ჩვენს პლანეტას Kepler-1658b-ის მსგავსი ხვედრი?
"ვარსკვლავისგან სიკვდილისთვის მრავალი პლანეტაა განწირული და შესაძლოა, მათ შორის დედამიწაც იყოს, რომელიც მილიარდობით წელში დაგვემშვიდობება, როცა მზე უფრო ხნიერი გახდება და წითელ გიგანტად გადაიქცევა.
მართალია, ეს პროცესები დედამიწის ორბიტას მზისკენ გადაწევს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მსგავსი ეფექტი მზის მასის დაკარგვამ დააბალანსოს. ჩვენი პლანეტის საბოლოო ბედი გაურკვეველია", — აცხადებენ ავტორები.
Kepler-1658b მეცნიერებმა ამავე სახელწოდების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ჯერ კიდევ 2009 წელს დააფიქსირეს, თუმცა მისი არსებობა ახლახან, 2019 წელს დადასტურდა. 13 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასტრონომები ამ ობიექტის ორბიტის ცვლილებას აკვირდებოდნენ, რამაც ისინი ზემოხსენებულ დასკვნამდე მიიყვანა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები