ვინ შეცვლის მასკს? — Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჯერ ისევ არ ჩანს
18 ნოემბრის საღამოს ილონ მასკმა Twitter-ზე გამოკითხვა გამოაქვეყნა, რომელშიც მომხმარებელს ეკითხებოდა, უნდა დაეტოვებინა თუ არა სოციალური ქსელის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. პოზიცია 17 მილიონზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა, რომელთა 57%-მა ხმა მასკის გადადგომას მისცა. მიუხედავად ამისა, Business Insider-ის ცნობით, მასკს "მემკვიდრე" არ ჰყავს, რადგან ამ თანამდებობის დაკავება არავის სურს.
მასკმა საკუთარი თავი Twitter-ის აღმასრულებელ დირექტორად კომპანიის შეძენიდან მალევე დანიშნა, როცა მოქმედი CEO პარაგ აგრავალი და სხვა აღმასრულებელი პირები დაითხოვა. სოციალური პლატფორმის რიგები დატოვეს დირექტორთა საბჭოს წევრებმაც და კომპანია სრულად ამერიკელი მილიარდერის ხელში აღმოჩნდა.
ასევე იხილეთ: საგა დასრულდა — მასკმა Twitter შეიძინა და წმენდა დაიწყო
რთულად დასაჯერებელია, რომ Twitter-ის მმართველობის სათავეში მასკმა ჯერჯერობით მხოლოდ 53 დღე გაატარა. დროის ამ მონაკვეთში იმდენი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ყურადღების ცენტრში იმდენჯერ მოექცა, იქმნება შეგრძნება, თითქოს მოვლენათა განვითარებას თვალს ძალიან დიდი ხანია ვადევნებთ.
როდის გადადგება ილონ მასკი
პირობის მიუხედავად, თითქოს გამოკითხვის შედეგებს დაემორჩილებოდა, მასკი ჯერ ისევ დუმს. კატარის დედაქალაქიდან, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრო, მილიარდერი აშშ-ში გუშინ დაბრუნდა, თუმცა რაიმე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ ისევ არ არის.
გასულ თვეში მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ში გატარებული დროის შემცირებას ეცდებოდა, თუმცა გუშინ ერთ-ერთ ტვიტში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი არა უბრალოდ ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა, არამედ ისეთი ადამიანის მოძებნაა, რომელიც კომპანიას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.
ფინანსური პრობლემები
მას შემდეგ, რაც Twitter-ის შეძენა გადაწყვიტა, მასკმა Tesla-ს 23 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები უკვე გაყიდა. თუ ადრეულ ეტაპზე ეს თანხა შესყიდვის დასაფინანსებლად სჭირდებოდა, ახლა, Business Insider-ის ცნობით ფული სოციალური ქსელის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას ხმარდება.
გარდა ამისა, მასკმა პროცესში ძალიან დიდი სესხიც აიღო, რომლის მომსახურებასაც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი სჭირდება. ვინაიდან სიტუაცია კომპანიაში ჯერჯერობით ძალიან არეულია, ხარჯების გაღება ამერიკელ მილიარდერს თავისი ჯიბიდან უწევს.
სიტუაციას Tesla-ს აქციების გაუფასურება უფრო ართულებს. კომპანიის აქციების ფასი 2022 წელს 50%-ით შემცირდა, შესაბამისად, ილონ მასკს მოუწევს, ავტომწარმოებელი კომპანიის ჩაძირვისგან დახსნას მეტი დრო დაუთმოს.
ასევე იხილეთ: Tesla-ში კრიზისია — ინვესტორები მასკზე ბრაზობენ
შესაბამისად, უცნაური არ არის, რომ რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც დათანხმდება იმაზე, რომ ასეთ რთულ ვითარებაში არსებული კომპანია გადაიბაროს.
გამოკითხვის დასრულებიდან 24 საათზე მეტი უკვე გავიდა. სავარაუდოდ, მეტ სიახლეს მალე გავიგებთ.
კომენტარები