უნდა გადადგეს თუ არა მასკი? — მილიარდერი Twitter-ზე გამოკითხვას ატარებს
როგორც ჩანს, მასკი მიხვდა, რომ სოციალურ ქსელში მის რადიკალურ ცვლილებებს კომპანია თანდათან უკან მიჰყავს. უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მასკმა იმავე დღეს გამოაქვეყნა გამოკითხვა, რომელშიც Twitter-ის მომხმარებლებს ეკითხება, უნდა გადადგეს თუ არა სოციალური პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან. გამოკითხვა რამდენიმე საათში დასრულდება. ამ მომენტისთვის მასში მონაწილეობა 15 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთა უმრავლესობაც ამერიკელი მილიარდერის გადადგომის მომხრეა.
გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან, როგორც უკვე ვახსენე, გამოკითხვის დაპოსტვამდე Twitter-ში წესები შეიცვალა და, ფაქტობრივად, კონკურენტი პლატფორმების (Facebook, Instagram, Mastonon, Truth Social) ბმულებზე გადასვლა შეუძლებელი გახდა. სოციალური ქსელის ცნობით, წაიშლება ყველა პოსტი, რომელიც ამ პლატფორმებზე გადასასვლელი ლინკის შემცველი იქნება. ამ წესის არაერთხელ დარღვევაში შემჩნეული Twitter-ის ანგარიში კი დაიბლოკება.
ბოლო დღეებში მასკის ქმედებები უფრო და უფრო რადიკალური გახდა, გასული კვირის ბოლოს, აღმასრულებელმა დირექტორმა კრიტიკული მედიის წარმომადგენლების, @ElonJet-ისა და Mastodon-ის ანგარიშიც კი დაბლოკა.
ასევე იხილეთ: მასკი Mastodon-ს ომს უცხადებს — Twitter-მა კონკურენტის ანგარიში დაბლოკა
ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ძალიან მალე Twitter-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება, რადგან როგორც ტვიტის ტექსტში ვკითხულობთ, ილონ მასკი გამოკითხვის შედეგებს დაემორჩილება.
კომენტარები