უძველეს ადამიანებს, შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვა 450 000 წლის წინ გადაეკვეთათ
უძველესმა ადამიანებმა, შესაძლოა, ჯერ კიდევ, თითქმის, ნახევარი მილიონი წლის წინ მოიფიქრეს, თუ როგორ უნდა გადასულიყვნენ ზღვაზე ახალი მიწების საძიებლად.
შუა ჩიბანის ხანის სანაპირო ზოლების ახალი ანალიზის მიხედვით, არ არსებობს სხვა გზა, რომლითაც უძველესი ჰომინიდები ახლანდელი ეგეოსის ზღვის კუნძულებამდე მიღწევას შეძლებდნენ. მიუხედავად ამისა, არქეოლოგებმა კუნძულებზე აღმოაჩინეს უძველესი არტეფაქტები, რომლებიც თარიღდება ჰომო საპიენსის, ჩვენთვის ცნობილ, ყველაზე ადრეულ გამოჩენამდე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უძველეს ადამიანებს უნდა ჰქონოდათ რაიმე საშუალება, რომლითაც წყლის დიდ მონაკვეთებზე შეძლებდნენ გადაადგილებას.
კითხვაზე, თუ ზუსტად როდის დაიწყეს ჰომინიდებმა ზღვაზე გადაადგილება, პასუხის გაცემა რთულია. გამომდინარე იქიდან, რომ ნავები, ისტორიის განმავლობაში, როგორც წესი, ხისგან მზადდებოდა — ხოლო ხისგან დამზადებული ნივთები ხშირად ისტორიის გამოცდას ვერ უძლებს — არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველ ნავებს აღმოვაჩენთ. სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს შემორჩენილი არტეფაქტებისა და ძვლების ჩანაწერები — მაგალითად, ქვის იარაღები, რომლებიც არ ფუჭდება — და ანალიზის ხელსაწყოები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ, როგორ შეიცვალა სამყარო მრავალი ათასწლეულის განმავლობაში. საბერძნეთში, პატრასის უნივერსიტეტის გეოლოგი ჯორჯ ფერენტინოსის ხელმძღვანელობით, ასე შეძლო მკვლევართა ჯგუფმა ახალი ანალიზის ჩატარება.
ეგეოსის ზღვის კუნძულები დღეს განიხილება მსოფლიოს ულამაზეს ადგილებს შორის. ისინი შედგება ასობით კუნძულისგან, რომლებიც ქმნის თურქეთს, საბერძნეთსა და კრეტას შორის მიმოფანტულ არქიპელაგს, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც დასახლებულია. აქ აღმოჩენილი არტეფაქტები დათარიღებულია, პოტენციურად, 476 000 წლით.
გარდა ამისა, ლესბოსზე, მილოსსა და ნაქსოსზე ნაპოვნი ეს უძველესი ხელსაწყოები დაკავშირებულია აშელის კულტურასთან, რომელიც შეიქმნა, დაახლოებით, 1,76 მილიონი წლის წინ. ეს კულტურა დაკავშირებულია ჰომო ერექტუსთან მთელს აფრიკასა და აზიაში. რამდენიმე ასეთი ხელსაწყო აღმოაჩინეს თურქეთში, საბერძნეთსა და კრეტაში და ისინი თარიღდება 1,2 მილიონი წლის წინ, ასე რომ, მათი გამოჩენა ახლომდებარე არქიპელაგში ლოგიკურია.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ უძველესი ადამიანები ყინულის ხანაში კუნძულებზე ფეხით გადადიოდნენ. როდესაც მსოფლიო იყინება, ზღვის დონე ეცემა და, შესაბამისად, ადამიანებს შეუძლიათ, გადაკვეთონ ადგილები, რომლებიც უფრო ზომიერი ტემპერატურის დროს წყლით იქნებოდა დაფარული.
იმის დასადგენად, არსებობდა თუ არა ეს შესაძლებლობა, ფერენტინოსმა და მისმა კოლეგებმა აღადგინეს რეგიონის გეოგრაფია, მათ შორის, სანაპირო ზოლი ეგეოსის ზღვის კუნძულების გარშემო, რომელიც დათარიღებულია 450 000 წლით. ამისთვის მათ გამოიყენეს უძველესი მდინარის დელტა, რომელსაც ზღვის დონის დასადგენად და ტექტონიკური აქტივობით გამოწვეული ნიადაგის დაწევის სიხშირის განსასაზღვრად იყენებენ.
მათ აღმოაჩინეს, რომ წინა რეკონსტრუქცია არასწორი იყო. ბოლო 450 000 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ წერტილში ზღვის დონე, დაახლოებით, 225 მეტრით დაბალი იყო, ვიდრე დღეს არის. ეს კი ნიშნავს შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ ეგეოსის ზოგიერთი კუნძული ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, როდესაც ზღვის დონე დაბალი იყო, ბოლო 450 000 წლის განმავლობაში, კუნძულები მუდმივად იზოლირებული რჩებოდა მიმდებარე ხმელეთის მასებისგან. ზღვის დონიდან ყველაზე დაბალ წერტილში, ეგეოსის ზღვის უახლოეს კუნძულებამდე მისასვლელად ჯერ კიდევ რამდენიმე კილომეტრის ღია წყალი იქნებოდა.
როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს არ იყო ზღვის გადაკვეთის ყველაზე ადრეული შემთხვევა. მიიჩნეოდა, რომ 700 000-დან მილიონამდე წლის წინ, უძველესი ადამიანები მოგზაურობდნენ ზღვაში ინდონეზიისა და ფილიპინების გარშემო. ამდენად, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ საზღვაო მოგზაურობა იყო არა ჰომო საპიენსის, არამედ ადამიანის წინაპრებისა და ნათესავების მიერ შემუშავებული უნარი.
კომენტარები