ხელოვნური საშვილოსნო: ვიდეო გვიჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს ორსულობა მომავალში
ხელოვნური საშვილოსნოს კონცეფცია უკვე აქ არის. გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, EctoLife-ად წოდებულ მოწყობილობას ბავშვების წარმოება შეუძლია. სიტყვა "წარმოებას" მიზანმიმართულად ვიყენებთ, რადგან, როგორც ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ჩანს, დაწესებულება მიზნად ისახავს, მშობლებს მიაწოდოს ხელსაწყოების ფართო სპექტრი, რომლის საშუალებითაც ბავშვი მათ სურვილებს მოერგება.
ვიდეოს მიზანი
EctoLife არ არის რეალური კომპანია ან კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც უახლოეს მომავალში ასეთ მომსახურებას უზრუნველყოფს. კონცეფცია გააზიარა ვიდეოს შემქმნელმა და მეცნიერების კომუნიკატორმა, ჰაშემ ალ-გაილმა, რომელიც ადრე იზიარებდა იდეებს ბირთვული ენერგიით აღჭურვილი სასტუმროს შესახებ, რომელიც მიწაზე არასოდეს დაეშვებოდა...
EctoLife-თან ერთად, ალ-გაილმა კიდევ ერთხელ შემოიტანა რეალობაში ეს იდეა, რომელსაც ბევრი ჩათვლის უცნაურად ან შეუძლებლად. მიუხედავად ამისა, ვიდეოს შექმნა ცხადყოფს, რომ ტექნოლოგია და მეცნიერება ხელმისაწვდომია და ასეთი მომავალი არც თუ ისე შორს არის.
ამ ვიდეოთი ალ-გაილი ასევე აყენებს საჭიროებას ეთიკური დისკუსიისა, რომლის მთავარი კითხვაც მდგომარეობს შემდეგში: რამდენად მისაღებია ამ ტექნოლოგიით ბავშვების გაჩენა, მათი მახასიათებლების შეცვლა და "სუპერ ბავშვების რბოლის" მოწყობა?
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ტექნოლოგია მომავალში შეიძლება, შვილების გაჩენის ერთ-ერთ მთავარ გზად იქცეს.
ასეთი ობიექტის კონცეფცია და საჭიროება საკმაოდ ნათელია. ადამიანის პოპულაცია ახლა თავის პიკშია, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, მალე შემცირებას დაიწყებს. როგორც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და "ფრიად ნაყოფიერმა მწარმოებელმა", ილონ მასკმა, აღნიშნა, მსოფლიო მოსახლეობის კოლაფსის პრევენციისთვის რეპროდუქციას მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ.
თუმცა, სხვები, ვისაც ილონივით 9 შვილის მამობა არ შეუძლიათ, ეძებენ ტექნოლოგიას, რომელიც დააკმაყოფილებს ახალგაზრდა პოპულაციის რაოდენობის მოთხოვნას და მხარს დაუჭერს გლობალურ ეკონომიკას მომდევნო ათწლეულებში. გაეროს ანგარიშის მიხედვით, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ესპანეთი, იაპონია, ტაილანდი, სამხრეთ კორეა და პორტუგალია — ამ კრიზისის მოწინავე რიგებშია.
Forbes-ის მოხსენების მიხედვით, 2017 წელს მკვლევრებმა შექმნეს BioBag, რომელიც შეიცავდა ყველა აუცილებელ კომპონენტს ხელოვნური საშვილოსნოს შესაქმნელად და მასში ბატკანი გაზარდეს. EctoLife კონცეფცია კი მიზნად ისახავს ამ ტექნოლოგიის ინდუსტრიულ დონეზე განვითარებასა და ადამიანებზე გამოყენებას.
როგორ დაგვეხმარება EctoLife?
როგორც ვიდეოში ჩანს, EctoLife-ის მსგავს დაწესებულებას შეუძლია, დაეხმაროს მშობლებს შვილების გაჩენაში ორსულობის ან თუნდაც ჩასახვის გარეშე. ახლა უკვე ცნობილია, რომ შობადობის მაჩვენებლები მკვეთრად იკლებს ბოლო რამდენიმე ათწლეულში. გასულ თვეში Interesting Engineering-მა განაცხადა, თუ როგორ შემცირდა სპერმის რაოდენობა 51%-ით ბოლო 46 წლის განმავლობაში.
EctoLife-ის მსგავს დაწესებულებას შეუძლია, გააუმჯობესოს ჩასახვის წარმატების მაჩვენებელი ისეთი პროცედურების გამოყენებით, როგორიცაა ინ ვიტრო განაყოფიერება, და შემდეგ განაყოფიერებული ემბრიონი პირდაპირ ხელოვნურ საშვილოსნოში გადანერგოს. იქ 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ნაყოფის ზრდა-განვითარების მონიტორინგი და დროული ჩარევა, რათა თავიდან ავიცილოთ ნაყოფის დაკარგვა.
ვიდეოს თანახმად, როდესაც ბავშვი საკმარისად გაიზრდება, მშობლები მას უბრალოდ წაიყვანენ. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ, ვირტუალური რეალობისა და სხვა საშუალებების წყალობით, დააკვირდნენ ნაყოფის ზრდა-განვითარებას. როგორც ამბობენ, ხელოვნური საშვილოსნოთი გაჩენილი ბავშვი თავიდან აგვარიდებს დედის სხეულის დაზიანებას.
კომენტარები