სენსორებიანი ბურთი, რომელიც იტენება — რატომ არ ჩაეთვალა გოლი რონალდუს?
UWB და IMU სენსორების დახმარებით, ბურთი წამში საკუთარ თავსა და მოძრაობას 500-ჯერ ასკანერებს
მსოფლიო თასის მატჩების განსჯა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, ზეწოლა მსაჯებზე მუდმივად ძალიან მაღალია. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ცდილობს FIFA ყოველ ჯერზე ახალი ტექნოლოგიის დანერგვას. მაგალითად, 2010 წელს ინგლისისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირებისას ფრენკ ლამპარდის აშკარა გოლის უსამართლოდ არჩათვლამ კარის ხაზის ტექნოლოგიის დანერგვა დააჩქარა. სამართლიანობის დაცვის მოტივებითვეა შექმნილი ვიდეორეფერის (VAR) სისტემაც. როგორც ჩანს, 2022 წლის კატარის მუნდიალი საფუძველს ჩაუყრის ტექნოლოგიას, რომლის ამოსავალი წერტილიც ამ სპორტის მთავარი ატრიბუტი, ბურთი იქნება.
ყველა მსოფლიო ჩემპიონატს აქვს ბურთი, რომელიც ისტორიას დარჩება, თუმცა წლევანდელი Al Rihla მათ შორის ტექნოლოგიურად ნამდვილად გამორჩეულია. მასში ჩაშენებულია სენსორები, რომელიც ლაივ რეჟიმში აკონტროლებს ბურთის პოზიციას, აჩქარებასა და ზედაპირზე ფეხბურთელის შეხების დროსაც კი.
ასევე იხილეთ: მსოფლიო თასი 2022: Al Rihla — ბურთი, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს
როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად ტექნოლოგიური წინსვლისა, ბურთი მაინც ძველებური მოწყობილობასავით იტენება. 30 ნოემბერს გავრცელებულ კადრებზე ჩანს, რომ თამაშის წინ ბურთებს სტანდარტული სმარტფონივით ტენიან, რაც, ცოტა არ იყოს, სასაცილოა.
ტექნიკური შესაძლებლობები
მოედანზე Al Rihla სასწაულებს უკვე სჩადის. UWB (Ultra-Wide Band) და IMU (Inertial measurement unit) სენსორების დახმარებით, ბურთი წამში საკუთარ თავსა და მოძრაობას 500-ჯერ ასკანერებს, რასაც აბსოლუტურ სიზუსტემდე მივყავართ.
დამატებით, ბურთის მონაცემები დაკავშირებულია კამერების სისტემასთან, რომელიც ბურთსა და თითოეულ ფეხბურთელს 29 სხვადასხვა რაკურსით წამში 50 კადრს უღებს, რაც კონკრეტული საკამათო მომენტის იდეალურად აღქმის შესაძლებლობას იძლევა, რასაც FIFA-მ "თამაშგარის ნახევრად ავტომატური ტექნოლოგია" უწოდა.
შესაბამისად, შესაძლებელია თუ არა თამაშგარის წამებში გადამოწმება? დიახ. ფეხბურთელების პოზიციის 3D მოდელებით აღქმა? დიახ. იმის გაგება, ვინ შეეხო ბურთს ბოლოჯერ, რათა გოლის გამტანის ვინაობა ზუსტად ვიცოდეთ? დიახ. მომავალი ნამდვილად აქ არის.
რონალდუს შემთხვევა
ბურთი ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში უკვე ჩაერთო. 28 ნოემბერს, პორტურგალიისა და ურუგვაის ნაკრებების მატჩში, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ბრუნო ფერნანდეშმა ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩააწოდა, კადრებზე თითქოს გამოჩნდა, რომ მას კრიშტიანუ რონალდუ შეეხო და გოლიც მას ჩაეთვალა.
მიუხედავად ამისა, Adidas-მა დაადასტურა, რომ IMU სენსორების მიხედვით, ფერნანდეშის ჩაწოდებიდან ბურთის კარის ბადეში გახვევამდე მას არავინ შეხებია. მოგვიანებით გოლის ავტორის ვინაობა, ბუნებრივია, ფერნანდეშით შეიცვალა, რამაც ფანებში დაბნეულობა გამოიწვია.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, თუ რა შეუძლია ამ ტიპის ტექნოლოგიებს. მალე თითოეული დრიბლინგის, პასისა და დარტყმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგვეძლება, რაც ბევრი ჩვენგანისათვის საყვარელი თამაშის ტრანსლაციის პრინციპებს, ანალიზსა და კვლევას რადიკალურად შეცვლის.
კომენტარები