App Store-მა 2022 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები გამოავლინა
App Store-ის გუნდმა Apple-ის მოწყობილობების 2022 წლის 16 საუკეთესო აპლიკაცია და თამაში შეარჩია.

ფოტო: Apple
28 ნოემბერს Apple-მა 2022 წლის App Store Awards-ის გამარჯვებული 16 აპლიკაცია და თამაში დაასახელა, რომლებმაც, კომპანიის აზრით, საშუალება მისცეს მომხმარებლებს, უფრო მეტად დაახლოებულიყვნენ სამყაროსთან, განევითარებინათ წარმოსახვის უნარი და მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ახლოს დარჩენილიყვნენ. გამარჯვებული დეველოპერები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან არიან და მათ მიერ შექმნილი აპლიკაციები კულტურული გავლენის მიხედვით, სპეციალურად App Store-ის სარედაქციო ჯგუფმა შეარჩია.
"ამ წლის App Store-ის დაჯილდოების გამარჯვებულებმა გარდაქმნეს ჩვენი გამოცდილება აპლიკაციებით, რომლებმაც დაგვანახა ახალი, გააზრებული და ჭეშმარიტი პერსპექტივები. თვითნასწავლი სოლო კრეატორებიდან დაწყებული, საერთაშორისო გუნდებით დამთავრებული, ეს ადამიანები ქმნიან გავლენას და წარმოადგენენ გზებს, რომელთა საშუალებითაც აპლიკაციები ჩვენს საზოგადოებებსა და სიცოცხლეს ცვლიან", — განაცხადა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა
გამარჯვებული აპლიკაციები
iPhone-ის წლის საუკეთესო აპლიკაცია: BeReal
BeReal ფრანგული აპლიკაციაა, მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი კი ყოველდღიური შეტყობინების სისტემაა, რომელიც მომხმარებელს ყოველდღე სთხოვს გადაუღოს ფოტო საკუთარ თავსა და შემოგარენს შეტყობინების მიღებიდან 2 წუთის შუალედში. კრიტიკოსები ხაზს უსვამენ აპლიკაციის აქცენტს ბუნებრიობაზე, რაც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს.
ასევე იხილეთ: რა არის BeReal — ახალი სოციალური ქსელი, რომელიც დამუშავებულ ფოტოებს კრძალავს

ფოტო: Apple
iPad-ის წლის საუკეთესო აპლიკაცია: GoodNotes 5
GoodNotes 5 ციფრული ბლოკნოტისა და PDF-ის ედიტორის კომპინაციაა, რომელიც ორივე საქმეში სრულყოფილია. მომხმარებელს შეუძლია შექმნას, გააფორმოს და შეცვალოს ჩანაწერები ისე, როგორც სურს. არ არქვს მნიშვნელობა, კლავიატურის გამოყენებით ქმნით ტექსტს თუ Apple Pencil-ით, აპლიკაცია თვენს ხელნაწერს გეომეტრიულად სრულყოფილად აქცევს.

ფოტო: Apple
Mac-ის წლის საუკეთესო აპლიკაცია: MacFamilyTree 10
MacFamilyTree 10 მომხმარებელს ოჯახის ისტორიისა და გენეალოგიური ხის კვლევის საშუალებას აძლევს და ამისათვის იყენებს ძალიან შთამბეჭდავ 3D გამოსახულებებს, აზრიან დიაგრამებს, სტატისტიკებსა და რეპორტებს. აპლიკაცია, ფაქტობრივად, გენეალოგიის კვლევის აბსოლუტურად ახალ გზას წარმოადგენს.

ფოტო: Apple
Apple TV-ის წლის საუკეთესო აპლიკაცია: ViX
TelevisaUnivision Interactive, Inc.-ის მიერ შექმნილი ტრანსლაციის სერვისია, რომელიც ძირითადად Televisa-ს ტელენოველებს უშვებს (ფაქტობრივად, Netflix ლათინოამერიკულად).

ფოტო: Apple
Apple Watch-ის წლის საუკეთესო აპლიკაცია: Gentler Streak
Gentler Streak ფიტნეს აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლის ჯანმრთელობას ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ იპოვოთ ბალანსი ვარჯიშსა და დასვენებას შორის.

ფოტო: App
გამარჯვებული თამაშები
iPhone-ის წლის საუკეთესო თამაში: Apex Legends Mobile
მობილურის თამაშებით დაინტერესებული ცოტა ვინმე თუ არსებობს, ვისაც EA-ის ამ თამაშის შესახებ არ სმენია. ეს Battle Royale ტიპის შუთერია, რომელიც პერსონაჟზე დაფუძნებულ თამაშის პროცესს და დროში შეზღუდულ, ძალიან აქტიურ ჯგუფურ ბრძოლებს გვთავაზობს.

ფოტო: Ap
iPad-ის წლის საუკეთესო თამაში: Moncage
Moncage ძალიან საინტერესო ინდი თამაშია, რომლის მსგავსიც, ალბათ, გამოცდილ გეიმერებსაც ძალიან ცოტა შეგხვედრიათ. ამ თამაშის მთელი სივრცე ქაოსურად მოწყობილი კუბია, რომელიც მოთამაშემ უნდა "ამოხსნას".

ფოტო: Apple
Mac-ის წლის საუკეთესო თამაში: Inscryption
Devolver-ის შედევრი გამარჯვებული დამსახურებულად გახდა. Inscryption აერთიანებს ბანქოს ტიპის თამაშებსა და Escape-Room სტილის თავსატეხებს, რაც სპეციფიკურ, ბნელ გრაფიკასთან და ფსიქოლოგიური საშინელებათა ჟანრის დეტალებთან ერთად დიდებულ კომბინაციას ქმნის.

ფოტო: Apple
Apple TV-ის წლის საუკეთესო თამაში: El Hijo
El Hijo სპაგეტი-ვესტერნის ტიპის, ძალიან ლამაზი გრაფიკის მქონე სათავგადასავლო ჟანრის თამაშია, რომელშიც მოთამაშე დედის ძიებაში მოხეტიალე 6 წლის ბიჭს მართავს. მოთამაშეს უწევს, მუდმივად ყურადღებით იყოს, რადგან სამყარო საფრთხეებითაა სავსე, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა 6 წლის ხარ.

ფოტო: Apple
წლის საუკეთესო არკადული თამაში: Wylde Flowers
ეს მარტივი შინაარსის თამაშია, სადაც კუნძულზე ჩასული მთავარი გმირი ბებიას საგვარეულო ფერმის მოვლაში ეხმარება.

ფოტო: Apple
წლის საუკეთესო ჩინური თამაში: League of Legends Esports Manager

ფოტო: Apple
კულტურული გავლენის პრიზი
გარდა საუკეთესო თამაშებისა და აპლიკაციებისა, App Store-მა გამოავლინა ხუთი აპლიკაცია და თამაში, რომელთაც ადამიანების ცხოვრებასა და კულტურაზე გავლენა იქონია.
1. How We Feel — აპლიკაცია მომხმარებელს აძლევს საშუალებას, დღის სხვადასხვა მონაკვეთში მარტივად ჩაინიშნოს თავს როგორ გრძნობს. ის გვეხმარება რთულად გამოსათქმელი ემოციების ფორმულირებაში და მათთან გამკლავების სტრატეგიასაც გვთავაზობს.

ფოტო: Apple
2. Dot’s Home — ეს 2D სტილში შექმნილი თამაშია, რომლის პროტაგონისტიც ბებიის სახლში, დეტროიტში მცხოვრები ახალგაზრდა ფერადკანიანი ქალია, რომელიც დროში მოგზაურობს და ცდილობს აღმოაჩინოს თავისი ოჯახის ისტორიის საკვანძო მომენტები, სადაც რასას, სახლსა და ადგილს რთული გადაწყვეტილებების მიღებისას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს.

ფოტო: App
3. Locket Widget — ეს აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, რომ გაუზიაროს ფოტოები ახლობლებსა და ოჯახის წევრებს პირდაპირ მობილურის Home Screen-ზე, რაც ტრადიციული სოციალური მედიის აპლიკაციებისგან განსხვავებული მიდგომაა.

ფოტო: Apple
4. Waterllama — აპლიკაცია ძალიან კეთილშობილურ მიზანს, ჩვენს დეჰიდრატაციისგან დაცვას ემსახურება და სხვადასხვა კრეატიული გამოწვევებით, შეხსენებითა და უსაყვარლესი პერსონაჟებით ცდილობს შეგვახსენოს, რომ წყლის დალევის დროა.

ფოტო: Apple
5. Inua - A Story in Ice and Time — თამაში, რომელიც ისტორიის ნებისმიერი მოყვარულისთვის საყვარელ გასართობად გადაიქცევა. ის სთავაზობს მოთამაშეებს მისტიკურ თავგადასავალს, სადაც ისტორიული მოვლენები ინუიტური ტრადიციების, ფოლკლორისა და გადმოცემების ელემენტებითაა გაჯერებული.

ფოტო: Apple
Apple წლის საუკეთესო აპლიკაციებსა და თამაშებს წლის ბოლოს უკვე დეკადაზე მეტია აჯილდოებს. ღონისძიება ემსახურება ახალი ინიციატივების, აპლიკაციებისა და თამაშების წახალისებას, რომელთაც ტოლერანტობის დამკვიდრება, ადამიანების გაერთიანება და მსოფლიოს გაუმჯობესება შეუძლია.
კომენტარები