რა არის BeReal — ახალი სოციალური ქსელი, რომელიც დამუშავებულ ფოტოებს კრძალავს
წარმოიდგინე, ყოველ 24 საათში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში სმარტფონში მოგდის შეტყობინება და შენ სელფი უნდა გადაიღო. ეს შესაძლოა, ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ასეთია "ახალი" სოციალური ქსელი BeReal, რომლის მთავარი მიზანიც ადამიანების რეალური სახის წარმოჩენაა დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოულოდნელად და ყველანაირი ფილტრის გარეშე.
"Time to BeReal" — ვკითხულობთ შეტყობინებაში და 2 წუთიანი ტაიმერის ათვლაც იწყება. ეს ის დროა, რასაც აპლიკაცია სელფის გადასაღებად გვაძლევს, ასეთია წესები. ახალი სოციალური ქსელის გატესტვა მეც დავიწყე.
დილით, შესაძლოა ჯერ კიდევ ლოგინიდანაც არ იყოთ ამდგარი და პირველი, რასაც სმარტფონის გახსნის დროს დაინახავთ BeReal-ის შეტყობინება აღმოჩნდეს, ამ დროს არათუ თავის მოწესრიგებას, არამედ ხელპირის ნაჩქარევად დაბანასაც ვერ მოასწრებთ. აპლიკაციის მთელი ხიბლი იმაშია, რომ აქ ყველა ბუნებრივად გამოიყურება დღის იმ კონკრეტულ მონაკვეთში, როცა შეტყობინება მოგვივა.
BeReal რეალურად ახალი აპლიკაცია არ არის, ის ორი წლის წინ გამოვიდა და ამ პერიოდის განმავლობაში iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებმა ის 6.8 მილიონჯერ გადმოწერეს.
აპლიკაცია, რომელსაც დეველოპერები TikTok-ისა და Instagram-ის უფილტრო, ავთენტურ კონკურენტად ახასიათებენ განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდებს შორის გახდა. BeReal-ის ამჟამინდელ მომხმარებელთა უდიდესმა ნაწილმა აპლიკაცია წელს გადმოწერა.
BeReal ფრანგული აპლიკაციაა და ის დღეში ერთხელ შეტყობინებას გვიგზავნის, ჩვენ კი ჩვენი მთავარი კამერითა და წინა კამერით გადაღებული ფოტო უნდა ავტვირთოთ, არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ ან როგორ ვართ, ფოტოების გადასაღებად მხოლოდ 2 წუთი გვეძლევა. შეტყობინების მოსვლის დრო ყოველდღე იცვლება, ფოტოს გადაღებისას ვერანაირ ფილტრსა თუ ეფექტს ვერ გამოვიყენებთ. ასევე, TikTok-ის, Instagram-ის და სხვა გიგანტური სოც. მედიებისგან განსხვავებით, BeReal-ში არ არის რეკლამები და არც გამომწერების რაოდენობის შემოწმებაა შესაძლებელი.
როგორც უკვე დაასკვნიდით, BeReal-ს თავისი კონკურენტებისგან განსხვავებული მიდგომები აქვს. TikTok-სა და Instagram-ს ყოველთვიურად მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. იმისათვის, რომ აპლიკაციები კიდევ უფრო ჩამთრევი და მიმზიდველი გახდეს, აღნიშნული კომპანიები უამრავ ფულს ხარჯავენ. BeReal ასე არ იქცევა, აქ მთავარი სპონტანურობაა — დაპოსტე უსწრაფესად, ცოტა გასქროლე და გააგრძელე შენი ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ Gen Z-ისთვის ეს საკმაოდ მიმზიდველი იდეა აღმოჩნდა.
აპლიკაციის მთელი ხიბლი იმაშია, რომ აქ შეგვიძლია რეალურად ვნახოთ როგორ ატარებენ სხვა ადამიანები დღეს. თუ აპლიკაციას გადმოწერთ და ჩასქროლავთ, მიხვდებით რომ ფილტრებისა და მონტაჟის გარეშე ერთმანეთის ნახვა მართლაც კარგი გამოცდილებაა, ეს ინტერნეტით ურთიერთობას მეტად ბუნებრივს ხდის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ვინმეს პოსტზე რეაქციის გამოხატვას მოისურვებთ, ემოციაზე დამთხვევით თქვენი ფოტო უნდა გადაიღოთ.
აღსანიშნია, რომ iOS-ზე BeReal-ს WidgetMojis, ანუ საკუთარი აპლიკაციის ვიჯეტი აქვს, პატარა კვადრატი, სადაც ყოველთვის ნახავთ თქვენ მეგობრებს, რომლებიც თქვენს BeReal-ს დაარეაქთებენ.
იყავი ნამდვილი
მას შემდეგ, რაც BeReal-ისგან შეტყობინებას მიიღებთ, როგორც უკვე ვთქვით, თქვენ ფოტოს გადსაღებად 2 წუთი გექნებათ. თუ ძალიან დაკავებული ხართ, ან ისეთ ადგილას არ იმყოფებით, სადაც სელფის გადაღება შეძლებთ, BeReal უფლებას გაძლევთ პოსტი სხვა დროისთვის გადადოთ, თუმცა ერთი პირობით, აპლიკაცია ყველა თქვენს მეგობარს შეატყობინებს რომ ფოტო გვიანდება და თან დროის ათვლაც დაიწყება.
BeReal არც ფარულობის უფლებას გვაძლევს — იმისათვის, რომ Discovery განყოფილებაში სხვების ფოტოები ვნახოთ, პირველ რიგში ჩვენი უნდა გავაზიაროთ. თუ თქვენ ფოტოს არ ატვირთავთ, ვერც სხვებისას ნახავთ. მომდევნო შეტყობინების მოსვლისას ყველა ფოტო რესეტდება. აპლიკაციის მიზანი რეალურ დროში მეგობრებისთვის იმის გაზიარებაა, რაც იმ კონკრეტულ მომენტში თქვენს თავს ხდება.
სოციალური მედიის ექსპერტთა აზრით, BeReal-ის მთავარი პლიუსი სპონტანურობა და ავთენტურობაა.
ერთი შეხედვით, ყველაზე დიდი სოციალური მედიები, TikTok და Instagram, იგივეს გვთავაზობენ. ამ პლატფორმებზეც უხვად არის ადამიანების ყოველდღიურობის ამსახველი ვიდეოები, თუმცა კონტენტის უდიდესი ნაწილი დამონტაჟებულია და ფილტრებითაა გადაღებული, ამავდროულად, აქ უდიდესი კომპანიებიც იყრიან თავს და პროდუქტის რეკლამაში კოლოსალური თანხები იხარჯება. ორივე პლატფორმაზე უხვად არიან ე.წ. ინფლუენსერები, რომლებიც მომხმარებლებისა და სპონსორების მოსაზიდად განსაკუთრებული აკურატულობითა და სიზუსტით შერჩეულ პოსტებს გვთავაზობენ.
სწორედ ამ ყველაფრის შეცვლა და თავდაყირა დაყენება სურს BeReal-ს. თუ აპლიკაციაზე თინეიჯერები და სტუდენტები აქტიურად გადაერთვებიან, TikTok-სა და ისედაც არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში მყოფ Meta-ს კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდებათ. უნდა ვაღიაროთ, რომ BeReal-ს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. უკვე ნათელია, რომ მან ბაზარზე თავისი სეგმენტი იპოვა და პოპულარობასაც ძალიან სწრაფად იხვეჭს.
თუ აპლიკაციის გადმოწერა გსურთ, როგორც უკვე ვთქვით, ის ორივე პლატფორმისთვის ხელმისაწვდომია. Android-ისთვის მისი გადმოწერა გუგლის Play Store-დან შეიძლება, ხოლო iOS-ისთვის მას AppStore-ში იპოვით.
კომენტარები