მსოფლიო პოპულაციის 40%-ზე მეტს ჯერ კიდევ სჯერა ჯადოქრობის — ახალი კვლევა
კვლევის მონაწილეთა 43% ეთანხმება განცხადებას, რომ "ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ვინმეს ცუდი რამ დამართოს, შელოცვის ან წყევლის საშუალებით".
ჯადოქრების კოცონზე დაწვის დრომ დიდი ხნის წინ ჩაიარა, თუმცა, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული სამეცნიერო მსოფლმხედველობის შემოჭრის მიუხედავად, ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ ადამიანების 40%-ზე მეტს, შესაძლოა, ჯერ კიდევ სჯეროდეს ჯადოქრობის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოძველებული ცრურწმენების გავრცელება მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნებს შორის, მკვლევრებმა გამოავლინეს რამდენიმე კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორი, რომლებიც, როგორც ჩანს, ასეთი რწმენების გაღვივებას უწყობს ხელს.
95 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან 140 000-ზე მეტი ადამიანის პასუხი შეიყვანეს ერთ დიდ მონაცემთა ბაზაში, რამაც საშუალება მისცა კვლევის ავტორებს, წარმოედგინათ ჯადოქრობის რწმენის გავრცელებულობის ფართო სურათი მთელ მსოფლიოში. საერთო ჯამში, მონაწილეთა 43% ეთანხმება განცხადებას, რომ "ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ვინმეს ცუდი რამ დამართოს შელოცვის ან წყევლის საშუალებით".
როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთ ქვეყანაში ჯადოქრობის მიმართ რწმენა უფრო გაღვივებულია. მაგალითად, შვედების მხოლოდ 9%-მა თქვა, რომ ჯადოქრობის სჯერა, ხოლო ტუნისში ეს მაჩვენებელი 90%-ს უდრის.
კვლევის ავტორები ეცადნენ, გაერკვიათ, თუ რა როლს თამაშობს ჯადოქრობის რწმენა საზოგადოებაში, ანუ რა არის მისი სოციალური ფუნქცია. როგორც ისინი აღნიშნავენ, "საუკუნეების მანძილზე, ჯადოქრობის რწმენის ყველაზე აშკარა დანიშნულება იყო ადამიანთა ცხოვრებაში სამწუხარო მოვლენების ახსნა და ამით მწუხარების დაძლევაში დახმარება".
მათ აღმოაჩინეს, რომ ასეთი შეხედულებები "კორელაციაშია გარკვეულ შოკებთან, როგორებიცაა: გვალვა და უმუშევრობა". მკვლევრები ასევე ამბობენ, რომ ჯადოქრობის კონცეფცია ხელს უწყობს "წესრიგისა და ერთიანობის შენარჩუნებას ეფექტური მმართველობის მექანიზმების არარსებობის პირობებში" და, შესაბამისად, "უფრო გავრცელებულია სუსტი ინსტიტუტების მქონე ქვეყნებში".
თუმცა, ამავდროულად, ისინი აღნიშნავენ, რომ "ეს პოტენციური ფუნქციები ან სარგებელი, სავარაუდოდ, სოციალური სტრუქტურის განადგურების ფასად უჯდებათ, რაც ხელს უწყობს შფოთვასა და ეკონომიკურ სტაგნაციას".
მკვლევრები იმასაც დასძენენ, რომ ჯადოქრობის რწმენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მხოლოდ განათლება საკმარისი არ არის. მაგალითად, ინდივიდმა შეიძლება იცოდეს, რომ მალარია კოღოს ნაკბენით გადადის, მაგრამ რამდენად დაკბენს მას კოღო — ეს შეიძლება ჯადოქრობას მიაწეროს.
ამგვარი რწმენების აღმოსაფხვრელად, მკვლევრების აზრით, უნდა ვფოკუსირდეთ სოციალური ინსტიტუტების მშენებლობაზე, რომლებიც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, იცავს ადამიანებს ფიზიკური და ეკონომიკური კატასტროფებისგან და, ამდენად, ამცირებს ჯადოქრობაზე, როგორც პრობლემებთან გამკლავების მექანიზმზე, დამოკიდებულებას.
კომენტარები