დისტოპიური სამუშაო გარემო? კომპანიები ავითარებენ ტექნოლოგიას დასაქმებულთა "გონების წასაკითხად"
ბოლო წლების განმავლობაში გამოჩნდა მრავალი კომპანია, რომლებიც დამსაქმებლებს სთავაზობენ დასაქმებულების გონების წამკითხველ მოწყობილობებს. მაგალითად, InnerEye არის კომპანია ისრაელიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ჰედსეტები აერთიანებს მანქანურ სწავლებას ადამიანის გონების თანდაყოლილ ძალასთან, რაც საბოლოოდ ეხმარება დასაქმებულებს გაურკვევლობის აღმოფხვრასა და უფრო სწრაფად მუშაობაში. ასევე, Emotiv, სტარტაპი სან-ფრანცისკოდან, აცხადებს, რომ შეუძლია, თვალყური ადევნოს თანამშრომლების კეთილდღეობას უსადენო EEG ჰედსეტებით.
დისტოპიურია? რა თქმა უნდა. მაგრამ ეს კომპანიები არ არის გამორჩეული. როგორც IEEE-ს Spectrum იუწყება, ეს მზარდი ბაზარია და მასში დამსაქმებლები იწყებენ ინვესტირებას.
როგორც თავად ამბობენ, ეს არის ინსტრუმენტი არა მხოლოდ პროდუქტიულობის გაზრდისთვის, არამედ თანამშრომლების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ისინი შეიძლება ტექნიკურად აკვირდებოდნენ თანამშრომლებს, მაგრამ მხოლოდ "მათივე გულისთვის". სწრაფი, თითქმის დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებით, InnerEye-ის AI ჩვეულებრივ დასაქმებულებს აქცევს სუპერ ადამიანებად. დამფუძნებლების მტკიცებით, Emotiv-ს მხოლოდ დასაქმებულების ბედნიერების შენარჩუნება სურს.
"ჩვენ ვაფასებთ ამ ტექნოლოგიის დისტოპიურ პოტენციალს", — განუცხადა Spectrum-ს Emotiv-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ტან ლემ. "ასე რომ, ჩვენ ძალიან დაკვირვებით ვირჩევთ პარტნიორებს, რომლებსაც სურთ ამ ტექნოლოგიის პასუხისმგებლობით დანერგვა — მათ უნდა ჰქონდეთ რეალური სურვილი, რომ დაეხმარონ თანამშრომლებს."
მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლების მიმართ მარკეტინგის ეს მიდგომა განასხვავებს ამ მოწყობილობებს — ყოველ შემთხვევაში, ბრენდინგის მცდელობებში — "bossware"-ისგან, სამომხმარებლო ტექნოლოგიების მზარდი სფეროსგან, რომელიც დამსაქმებლებს დასაქმებულების სამეთვალყურეო სისტემას სთავაზობს.
მარკეტინგი მარკეტინგია, თუმცა მონაცემთა გავრცელებისა და bossware-ის მუდმივი ზრდის გათვალისწინებით, დასაქმებულების მხრიდან ეჭვის გრძნობის გაჩენა საკმაოდ ლოგიკურია. თავის მხრივ, Emotiv-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Spectrum-ს განუცხადა, რომ EEG-ის მონაცემები ეკუთვნის დასაქმებულს, რომელსაც შეუძლია მისცეს ან არ მისცეს წვდომა მაღალი თანამდებობის პირებს მონაცემების ასლის გაზიარებაზე.
როგორც ამბობენ, დამსაქმებლების მხრიდან დიდი ინტერესი ჩანს, თუმცა შეგვიძლია თუ არა ვთქვათ იგივე დასაქმებულებზე? შეიძლება თუ არა მარკეტინგის ბრმად ნდობა და დინების დაუფიქრებლად მიყოლა? ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი ტექნოლოგიის დასანერგად, როგორც დამსაქმებლების, ისე დასაქმებულების სურვილების თანხვედრაა საჭირო.
კომენტარები