3 ფაქტორი, რომლებითაც გარემო ჩვენს ინტელექტზე ახდენს გავლენას
როგორც აღმოჩნდა, გარემო პირობები იმაზე დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ინტელექტზე, ვიდრე ჰგონიათ ხოლმე.
მკვლევრები ყოველ წელს აახლებენ IQ ტესტების საშუალო ქულას, მაგრამ რატომ? მარტივად რომ ვთქვათ, იმიტომ, რომ უფრო ჭკვიანები ვხდებით. ყოველ ჯერზე, როცა ტესტი ტარდება, მედიანური ქულა იზრდება. შედარებისთვის, დღევანდელი IQ ტესტები რომ ერთი საუკუნის წინ მცხოვრებ ადამიანებს დაეწერათ, მათი საშუალო ქულა, სადღაც, 70 იქნებოდა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ადამიანების IQ-ის ქულები ყოველ ათწლეულში, დაახლოებით, 3-ით იზრდება. ამას ეწოდება ფლინის ეფექტი, იმ მკვლევრის პატივსაცემად, რომელმაც იგი აღმოაჩინა.
ფლინის ეფექტის რამდენიმე ახსნა არსებობს. შესაძლოა, ახლა სკოლაში უფრო მეტი ადამიანი დადის, ვიდრე მანამდე, ან მასწავლებლები უკეთ ასწავლიან მოსწავლეებს IQ ტესტებთან უშუალოდ დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს და ა.შ. ეს შეიძლება მართალია, მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომელმაც უდავოდ გაზარდა ჩვენი ინტელექტი და ეს ჩვენი საცხოვრებელი გარემო პირობებია. სტატიაში მოგიყვებით იმ 3 ფაქტორზე, რომლებიც თქვენს ინტელექტზე ახდენს გავლენას.
1. იოდი
მე-20 საუკუნის დასაწყისში, დიდი ტბებისა და წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებით მოწყვლადები იყვნენ ჩიყვის მიმართ. პედიატრიის პროფესორმა დევიდ მიურეი ქოუიმ იცოდა, რომ ეს გამოწვეული იყო იოდის დეფიციტით, კრიტიკული მიკროელემენტით, რომელიც ფარისებრ ჯირკვალს სჭირდება გამართული ფუნქციონირებისთვის. ქოუიმ ისიც იცოდა, რომ შვეიცარიელებმა ამ მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ნატრიუმის იოდიდი შეიტანეს სუფრის მარილში, ამიტომ მან დაარწმუნა აშშ-ს მთავრობაც, რომ ეს პრაქტიკა დაენერგა.
1924 წლის შემოდგომაზე მორტონის მარილის კომპანიამ (Morton Salt Company) დაიწყო იოდიზებული მარილის დისტრიბუცია ეროვნულ დონეზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩიყვის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
თითქმის 100 წლის შემდეგ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ იოდიზებული მარილის შეყვანას სხვა მნიშვნელოვანი სარგებელიც ჰქონდა. იოდდეფიციტურ რეგიონებში IQ-ის ქულები 15-ით, ხოლო ეროვნულ დონეზე — 3 ქულით ამაღლდა. უფრო მეტიც, იოდდეფიციტურ რეგიონებში შემოსავალი 11%-ით გაიზარდა. მაშ, საიდან შეგვიძლია იოდის მიღება?
იოდის მიღება ყველაზე ადვილია ზღვის პროდუქტებიდან და ზღვის მცენარეებიდან, მაგრამ მისი მიღება ასევე შესაძლებელია ხმელეთის მცენარეებიდან და ცხოველებიდან, თუკი ეს უკანასკნელნი იოდით მდიდარ ნიადაგზე არიან მოშენებული. დიდი ტბებისა და წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში წყალდიდობამ და ძველმა მყინვარებმა მთელი იოდი ამოიღო ნიადაგიდან. ამან გაახშირა ჩიყვი, მაგრამ ასევე დიდი გავლენა იქონია ორსულ ქალებზე. თუ ორსულ ქალს აქვს იოდის დეფიციტი (და, შესაბამისად, დისფუნქციური ფარისებრი ჯირკვალი), მისი შვილი გონებრივად დაქვეითებული იქნება. აშშ-ს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაიზარდა იოდის დეფიციტის მქონე დედების გვერდით, რაც უარყოფითად აისახა მათ პოტენციალზე.
2. ტეტრაეთილოტყვია
1922 წელს GM-მა აღმოაჩინა, რომ ქიმიური ნივთიერება, სახელად ტეტრაეთილოტყვია, ფანტასტიკურად მუშაობდა მანქანებში როგორც ანტიდეტონატორი — არსებითად, ის ხელს უშლიდა საწვავის ადრეულ წვას. ეთანოლიც ისევე კარგად იმუშავებდა, მაგრამ ამ ნივთიერების დაპატენტება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ტყვიაზე გაცილებით ნაკლებად ტოქსიკურია. ასე რომ, GM მუშაობდა ნავთობკომპანიებთან, რათა ბენზინში შეეტანა ტყვია, ვიდრე უსაფრთხო, მაგრამ ნაკლებად მომგებიანი ეთანოლი. GM-მა, Du Pont-მა და ფართო საზოგადოებამ იცოდა, რომ ტეტრაეთილოტყვია მომწამვლელი იყო. იმის ნაცვლად, რომ ეს დანამატი მისი ნამდვილი სახელით მოეხსენიებინათ, მას "ეთილი" უწოდეს.
მხოლოდ 1970-იანი წლების შუა ხანებში, სუფთა ჰაერის აქტის (Clean Air Act) მიღებით, აიკრძალა მისი გამოყენება. მას შემდეგ, რაც ბენზინიდან ტყვია მოაშორეს, ამ ათწლეულების განმავლობაში მოწამვლის საშინელი გავლენა აშკარა გახდა.
სუფთა ჰაერის კანონის მიღების შემდეგ დაბადებულმა თაობამ IQ 6 ქულით გაიუმჯობესა. უფრო მეტიც, მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ბავშვებმა, რომლებიც გაიზარდნენ 1920-იანი წლებიდან, ტყვიის ბენზინში შეყვანიდან, 1970-იან წლებამდე, მის აღმოფხვრამდე, პერიოდში, გამოიწვიეს ძალადობრივი დანაშაულების ვარიაციის 90%. ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის მსგავს ქალაქებში კრიმინალმა თავბრუდამხვევ სიმაღლეებს მიაღწია 80-იან და 90-იან წლებში და შემდეგ განუწყვეტლივ იკლო, რადგან ბოლო თაობა გარდაიცვალა, დააპატიმრეს ან გაექცა კრიმინალური ცხოვრების წესს. პოლიტიკოსებს სურდათ, რომ ეს პოლიციის პრაქტიკისთვის მიეწერათ, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ეს უფრო ჭკვიან, ჯანმრთელ და უკეთ ადაპტირებულ მოქალაქეებს უკავშირდებოდა, რომლებიც გაიზარდნენ ტეტრაეთილოტყვიისგან თავისუფალ ქვეყანაში.
3. ჰაერის დაბინძურება
გლობალური ჰაერის მდგომარეობის (State of Global Air) პროექტი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც აფასებს ჰაერის დაბინძურების სიმძიმეს მთელ მსოფლიოში. უახლესმა მოხსენებამ აჩვენა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 92% ცხოვრობს ისეთ რაიონში, რომლის ჰაერის დაბინძურების დონეც აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ჯანსაღ მაჩვენებელს. ეს არა მხოლოდ ცუდია ადგილობრივი ეკოსისტემებისთვის, კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის სხეულისთვის, არამედ იგი პირდაპირ უკავშირდება ინტელექტის მნიშვნელოვან შემცირებას.
მაგალითად, ერთმა კვლევამ გააანალიზა სტანდარტიზებული ტესტის ქულებისა და ჰაერის დაბინძურების ყოველდღიური ინდექსის თითქმის 32 000 დაკვირვების ნაკრები მთელ ჩინეთში. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო დიდხანს იყო კვლევის მონაწილე დაბინძურების მაღალ დონეზე, მით უფრო იკლებდა მათი ინტელექტი. კერძოდ, ყველაზე დიდი გავლენა აისახებოდა ლინგვისტურ უნარზე და უფრო მეტად ზარალდებოდნენ კაცები. საერთო ჯამში, დაბინძურების საშუალო ეფექტმა შეამცირა კვლევის მონაწილეთა ინტელექტი ისეთივე ხარისხით, როგორც შეამცირებდა სკოლაში ერთი წლის გაცდენა — დაახლოებით, IQ-ის 5 ქულის ეკვივალენტი.
ჰაერის დაბინძურების მცირე ნაწილაკები ორგანიზმში ფილტვების მეშვეობით შედის და იქიდან მთელ სხეულში, მათ შორის, ტვინშიც გადადის. მკვლევრებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს ნაწილაკები, შესაძლოა, იწვევდა ტვინში ანთებით პროცესს და ამით აზიანებდა მის თეთრ ნივთიერებას.
ხშირად ფიქრობენ, რომ ინტელექტი არის რესურსი, რომლითაც დავიბადეთ და რომელიც შეგვიძლია, ვავარჯიშოთ ან ფუჭად გავფლანგოთ. თუმცა ეს არ ასახავს მთელ სურათს. ინტელექტი არის დინამიკური ფენომენი, რომელიც, დიდწილად, დამოკიდებულია ჩვენი საცხოვრებელი გარემოს ხარისხზე.
კომენტარები