ალცჰაიმერის დიაგნოზი სიმპტომების გამოვლენამდე შეიძლება დაისვას — ახალი კვლევა
ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ შესაძლებელია არა მხოლოდ ალცჰაიმერის რისკების დადგენა სიმპტომების გამოვლენამდე, არამედ ასევე შესაძლებელია იმის გაგება, თუ ვისი მდგომარეობა გაუარესდება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ალცჰაიმერის მქონე ადამიანების იდენტიფიცირება შესაძლებელია მანამ, სანამ რაიმე სიმპტომი გამოვლინდება. გარდა ამისა, ასევე შესაძლებელია იმის პროგნოზირება, თუ ვისი მდგომარეობა გაუარესდება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ არსებობს ორი ცილა, რომელიც დაკავშირებულია ალცჰაიმერთან — ბეტა-ამილოიდი, რომელიც აყალიბებს ფოლაქებს თავის ტვინში და ტაუ, რომელიც შემდგომ ეტაპზე გროვდება ტვინის უჯრედებში. ამ ცილების ამაღლებული დონე კოგნიტიურ დაქვეითებასთან ერთად ადრე წარმოადგენდა ალცჰაიმერის დიაგნოზის დასმის საფუძველს.
"ტვინში ცვლილებები ხდება ათი და ოცი წლით ადრე, სანამ პაციენტი რაიმე მკაფიო სიმპტომს განიცდის და მხოლოდ მაშინ, როცა ტაუ იწყებს გავრცელებას, ნერვული უჯრედები კვდება და მოცემული ადამიანი აწყდება პირველ კოგნიტიურ პრობლემებს. სწორედ ამიტომაა რთული ალცჰაიმერის დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიებზე", — განმარტავს ოსკარ ჰანსონი, სკანეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ნევროლოგიის უფროსი ექიმი და ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი.
ასევე იხილეთ: დემენციის ნიშნები დიაგნოზამდე თითქმის 10 წლით ადრე ვლინდება — ახალი კვლევა
ოსკარ ჰანსონი ხელმძღვანელობს დიდ საერთაშორისო კვლევას, რომელიც ჩატარდა 1325 მონაწილესთან შვედეთიდან, აშშ-დან, ნიდერლანდებიდან და ავსტრალიიდან. მონაწილეებს კვლევის დასაწყისში არ ჰქონდათ კოგნიტიური დაქვეითება. მკვლევრებმა, PET სკანირების გამოყენებით, მონაწილეთა ტვინში ტაუსა და ამილოიდის არსებობის ვიზუალიზაცია მოახერხეს.
ადამიანები, რომლებშიც ზემოხსენებული ორი ცილა აღმოაჩინეს, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ დაავადების განვითარების 20-40-ჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვიდრე ის მონაწილეები, რომლებსაც ბიოლოგიური ცვლილებები არ აღენიშნებოდათ.
ასევე იხილეთ: სიმსივნე, დემენცია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიკვდილი — ყველაფრის რისკს ამ ერთი აქტივობით შეამცირებთ
"როდესაც ტვინში არის ბეტა-ამილოიდი და ტაუ, ეს აღარ შეიძლება ჩაითვალოს რისკის ფაქტორად, არამედ — დიაგნოზად. პათოლოგისტი, რომელიც იკვლევს მსგავსი ტვინის ნიმუშებს, დაუყოვნებლივ დაუსვამს პაციენტს ალცჰაიმერის დიაგნოზს", — ამბობს რიკ ოსენკოპელე, კვლევის პირველი ავტორი და ლუნდის უნივერსიტეტისა და ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის უფროსი მკვლევარი.
ის განმარტავს, რომ ალცჰაიმერის მკვლევრები მიეკუთვნებიან აზროვნების ორ სკოლას — ერთ ნაწილს სჯერა, რომ ალცჰაიმერის დიაგნოსტირება შეუძლებელია, სანამ კოგნიტიური დაქვეითება არ დაიწყება, ხოლო მეორე ჯგუფს, რომელსაც თავად ის და მისი კოლეგები მიეკუთვნებიან, მიაჩნია, რომ დიაგნოზი შეიძლება დაფუძნებული იყოს მხოლოდ ბიოლოგიაზე და იმაზე, რასაც ტვინში ვხედავთ.
ასევე იხილეთ: 250%-ით გაზრდილი რისკი — ყველაზე მეტად რა უწყობს ხელს დემენციის განვითარებას?
"შეგიძლიათ, შეადაროთ ჩვენი შედეგები, მაგალითად, პროსტატის კიბოს. თუკი ჩაატარებთ ბიოფსიას და აღმოაჩენთ კიბოს უჯრედებს, დიაგნოზი იქნება კიბო, მაშინაც კი, თუ პირს ჯერ კიდევ არ აქვს სიმპტომები", — დასძინა მან.
ბოლო დროს დადებითი შედეგები გამოვლინდა ალცჰაიმერის საწინააღმდეგო ახალი წამლის, ლეკანემაბის კლინიკურ კვლევებში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესოა ლუნდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, რადგან თუკი შევძლებთ დაავადების დიაგნოსტირებას კოგნიტიური დაქვეითების დაწყებამდე, მაშინ პრეპარატს გამოვიყენებთ დაავადების განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზე. ამდენად, ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღ კვებასთან ერთად, ადამიანს ექნება შანსი, თავიდან აიცილოს ან შეანელოს კოგნტიური დაქვეითება.
კომენტარები