რამდენად ეფექტურია სუბსიდირება?
სუბსიდირებაზე დახარჯული ასობით მილიონის მიუხედავად, რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 55%-ს აჭარბებს.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის სუბსიდირებაზე საქართველოში ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარი იხარჯება. გადაწყვეტილების მიმღები პირები აცხადებენ, რომ სუბსიდიის პროგრამები უნდა დასრულდეს, თუმცა ხშირად პირიქით — ფართოვდება. დროებითი მხოლოდ პანდემიის დროს კომუნალური გადასახადების ბიუჯეტიდან დაფინანსება აღმოჩნდა.
სახელმწიფო ბიუჯეტი ძირითადად გადასახადებისა და სესხებისგან შედგება (გრანტებისა და პრივატიზაციის წილი მცირეა) რომელიც მასზე დარიცხულ საპროცენტო ხარჯთან ერთად წლების შემდეგ ისევ გადასახადების გადამხდელების დასაფარი ხდება. ამ ფაქტის გათვალისწინებით, სუბსიდია მთლიანი მოსახლეობის მიერ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის დაფინანსებაა.
თანხობრივად ყველაზე მეტი ყურძნის სუბსიდირებაზე იხარჯება, მაგრამ სუბსიდირებას ექვემდებარება ვაშლი, ციტრუსი და თხილიც. დაფინანსებას, როგორც წესი, დარგის გადარჩენის აუცილებლობითა და მასზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებით ხსნიან.
- 2022 წელს ყურძნის სუბსიდირებაზე 150 მილიონი ლარი გამოიყო;
- არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე — 4 მილიონი ლარი;
- თხილზე — 20 მილიონი;
- უკვე დაგეგმილია ციტრუსის სუბსიდირებაც.
ხშირ შემთხვევაში სუბსიდირების მიზანი ურო მეტად სოციალურია, ვიდრე ეკონომიკური. ვენახის მფლობელს, ბუნებრივია, 1 კგ ყურძენში 55 თეთრის ნაცვლად 90 თეთრის მიღება ურჩევნია, უფრო მეტიც, მისი აზრით, 90 თეთრიც ცოტაა. ქართული ღვინის 55%-ზე მეტი ექსპორტზე რუსეთში გადის. რუსეთში კი ქართული ღვინის ფასი ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალია.
2021 წელს საქართველომ საზღვარგარეთ სულ $240 მილიონის ღვინო გაყიდა, მათ შორის $131 მილიონის რუსეთში. იმავე წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასმა რუსეთში $2,76 შეადგინა.
- ჩინეთში — $3,73;
- გერმანიაში — $5,04;
- შეერთებულ შტატებში — $6,33.
გარდა იმისა, რომ სხვა ქვეყნები ღვინოში ურო მეტს იხდიან, უფრო მეტსაც მოიხმარენ. იმავე 2021 წელს რუსეთმა სულ $1,1 მილიარდის ღვინო შეიძინა, გერმანიამ — $2,9 მილიარდის და შეერთებულმა შტატებმა $5,9 მილიარდის.
ეკონომისტთა განმარტებით, სუბსიდიასთან შედარებით ფულის დახარჯვა ბევრად უფრო ეფექტური, ახალ ბაზრებზე პოპულარიზაციაში იქნებოდა. თუ მეღვინეებს ღვინის მაღალ ფასად გაყიდვის შესაძლებლობა ექნებოდათ, მაშინ ისინი კილოგრამ ყურძენში 55 თეთრზე ბევრად უფრო მეტის გადახდას საკუთარი სურვილით დასთანხმდებოდნენ.
ახალი ბაზრების მოძიება და იქ ადგილის დამკვიდრება არც მარტივია, არც ერთ სეზონზე ესწრება და ხარჯებთანაცაა დაკავშირებული, მაგრამ ხარისხიანი პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში ის რაღაც ეტაპზე მაინც იმკვიდრებს თავს. რუსეთში კი ქართული ღვინის ფასის გაორმაგების ალბათობა ბევრად უფრო დაბალია და ასეთ მოცემულობაში სახელმწიფომ ან მუდმივად სუბსიდია უნდა გასცეს, ან მასზე უარი თქვას და ელექტორატის დაკარგვას შეეგუოს. სუბსიდირების შეწყვეტისას, დიდი ალბათობით, გამოჩნდება პოლიტიკური ძალა, რომელიც სუბსიდიის დაპირებას გასცემს.
აგროპროდუქციის სუბსიდირების ისტორია ყველაზე გრძელია და თან მოცულობითი — მოსარგებლე ბევრია, თუმცა მის გარდა სახელმწიფო სესხების გარკვეულ კატეგორიასა და ზოგ შემთხვევაში კომუნალურ გადასახადებსაც ასუბსიდირებს. მიზნობრივი პროგრამებით მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის საფასურიც იფარება.
2020 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით ყველას, ვინც თვეში 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს მოიხმარდა, სახელმწიფო მას დასუფთავებისა და წყლის გადასახადთან ერთად სრულად უფარავდა. ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში, სუბსიდია მთლიანად უქმდებოდა.
- ანუ 250 კვტ/სთ-ის მოხმარების პირობებში აბონენტს არა 50 კვტ/სთ, არამედ მთლიანად 250 კვტ/სთ-ს საფასური უნდა გადაეხადა.
- პროგრამაზე თვეში 50 მილიონი ლარი ანუ ჯამში 150 მილიონი გამოიყო.
ანალოგიური პროგრამა 2020 წლის ნოემბრიდანაც ამოქმედდა და 2021 წლის თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა, რაზეც შესაბამისად 200 მილიონი ლარი გამიყო.
2021 წლიდან 1 კვტ/სთ ელექტროენერგია ფიზიკურ პირებს 3,5 თეთრით გაუძვირდა. სახელმწიფომ ერთი წლის ვადით ისევ სუბსიდირება გადაწყვიტა. 2022 წლის იანვრამდე, ის ვინც 301 კვტ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარდა, საფასურს ძველი ტარიფით იხდიდა, სხვაობას კი სახელმწიფო ფარავდა.
თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით ერთჯერადი მგზავრობა 1 ლარი ღირს, თუმცა არსებობს მთელი რიგი შეღავათები: სკოლის მოსწავლეები უფასოდ მგზავრობენ, სოციალურად დაუცველები 10 თეთრად, სტუდენტები და ასაკით პენსიონერები 20 თეთრად. სხვაობას მერია ფარავს.
2017 წელს უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების გალარებაში სახელმწიფომ 65 მილიონი ლარი დახარჯა. პროგრამაში ჩართვის მსურველებს კურსზე 20 პუნქტიანი ფასდაკლება უკეთდებოდათ, რაც იმას ნიშნავდა რომ თუ დოლარის კურსი 2,30 იყო, მათთვის სპეცკურსი 2,10-ს შეადგენდა. 2021 წლიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაც ამოქმედდა.
საყოველთაო სუბსიდირებისგან განსხვავებით მიზნობრივ სუბსიდირებას ეკონომისტებისგან მეტი მხარდაჭერა გააჩნია, თუმცა ერთსულოვნება არც ამ შემთხვევაშია. კონკრეტულ ადამიანს კონკრეტული საჭიროება გააჩნია. ის, ვინც სკოლასთან ან სამსახურთან ახლოს ცხოვრობს ტრანსპორტით იშვიათად მგზავრობს და სუბსიდიითაც ნაკლებად სარგებლობს. საყოველთაო სუბსიდირების დროს მსგავსი შემთხვევები უფრო თვალში საცემი ხდება.
საქართველოში ყველა დასახლება გაზიფიცირებული ჯერ კიდევ არაა. გაზიფიცირებული სოფლებიდანაც ბევრი ფინანსური პრობლემების გამო მის ბინაში შეყვანას ვერ ახერხებს, მათ 2020-2021 წლებში გაზის სუბსიდია ფიზიკურად ვერ გამოიყენეს. 200 კუბური მეტრის საფასური კი რეგიონებში 114 ლარს შეადგენდა. უფრო მეტიც, ვინც გაზის არ ქონის გამო გასათბობად და წყლის გასაცხელებლად დენს იყენებდა, ის 200 კვტ/სთ-იან ლიმიტსაც გასცდა და მან ვეღარც ელექტროენერგიის სუბსიდირებით ისარგებლა.
სუბსიდია ქართული ნოუ-ჰაუ არ არის. პანდემიის პირველი ტალღის დროს მას ამა თუ იმ ფორმით მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფომ მიმართა. ახლაც, გაზრდილი კომუნალური ხარჯების გამო ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე გერმანიამ ენერგეტიკის სექტორში €200 მილიარდის დახმარების პროგრამა დაამტკიცა.
სუბსიდიის ალტერნატიულ ფორმად, პირდაპირი ფულადი დახმარების გარდა, შეიძლება კონკრეტული პირთა ჯგუფისთვის კონკრეტულ პროდუქციაზე გადასახადებისგან გათავისუფლება შეიძლება ჩაითვალოს. აგრომეურნეობაში თუ გლეხმა/ფერმერმა დიზელი და შხამ-ქიმიკატები საბაზროზე იაფად შეიძინა, მას მოსავლის მოყვანის ხარჯი შეუმცირდება. ასეთი მიდგომა მაინცდამაინც პოპულარული არ არის. არა ასეთი, მაგრამ მსგავსი პროექტები რამდენჯერმე განხორციელდა. საწვავის ვაუჩერები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც დარიგდა. აგრობარათები ქართულმა ოცნებამაც დაარიგა, თუმცა ორივე შემთხვევაში სუბსიდია პარალელურად გრძელდებოდა.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტით პრიორიტეტი ისევ სოციალური ხარჯებია. ასაკობრივი პენსია 70 წლამდე პირებისთვის — 35 და 70 წლიდან 65 ლარით იზრდება, თანხობრივად ასეთი ზრდა აქამდე არ მომხდარა. იზრდება ჯარის დაფინანსებაც, თუმცა ამ შემთხვევაშიც ზრდის ძირითადი მიზეზი ხელფასების მატებაა. ამ მოცემულობაში, უახლოეს წლებში, სუბსიდირების დასრულების გადაწყვეტილების მიღების ალბათობა უკიდურესად დაბალია.
კომენტარები