ქართული ბრაუზერისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ — Stack უკვე Product Hunt-ზეა
Product Hunt-ზე შეგიძლიათ, ამ წარმატებულ ქართულ სტარტაპს ხმა მისცეთ.
პირველი ქართული სმარტ ბრაუზერის, Stack-ის ახალი ვერსია Stack NEXT უკვე Product Hunt-ზეა და მისთვის ხმის მიცემაც შეგიძლიათ.
Product Hunt ახალი პროდუქტების აღმოსაჩენად შექმნილი პოპულარული ამერიკული ვებსაიტია, რომელზეც კომპანიები სიახლეებს ტვირთავენ, შემდეგ კი მომხმარებელი სიმპათიას ხმის მიცემით გამოხატავს.
რა არის Stack?
Stack 2018 წელს შექმნილი ქართული ბრაუზერია, რომლის საშუალებითაც ინტერნეტში მუშაობა ძალიან გაგიადვილდებათ. სტარტაპი თავის მიზნად ბრაუზერის გამოყენების გამოცდილების შეცვლას ისახავს, რადგან აქამდე ყველა ჩვენგანისთვის ბრაუზერი სხვა არაფერი იყო, თუ არა საშუალება, რომლითაც ინტერნეტს ვიყენებთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 20 წელზე მეტია, ბრაუზერების მუშაობის პრინციპი ბრაუზინგზეა დამყარებული და არა ვებ აპლიკაციებთან მუშაობაზე. ქართული სტარტაპი სწორედ ტაბებით გადაჭედილი ბრაუზერის პრინციპის ცვლილებას ემსახურება.
თავდაპირველად პოპულარობა პროდუქტმა სწორედ Product Hunt-ის საშუალებით მოიპოვა. გარდა ამისა, Stack-მა კიდევ არაერთ ავტორიტეტულ კონკურსში მიაღწია წარმატებას: სთექის წარმატებაში წვლილი მიუძღვის საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორს, 500 Startups-ს, რომლის ხუთ ფინალისტს შორისაც მოხვდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის, Stack ევროპის და გლობალურ StartUp Grind-ის კონფერენციაზე Stack TOP 25 სტარტაპს შორის დასახელდა და პოპულარულმა ტექნოლოგიურმა გამოცემა TechCrunch-მა ფავორიტებს შორის ზედიზედ ორჯერ დაასახელა.
ასევე იხილეთ: Stack გავლენიანი გამოცემის TechCrunch-ის ფავორიტია — რას ნიშნავს ეს?
მომხმარებელთა ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, თავი ხარვეზებმაც იჩინა. სტარტაპს, რომელმაც დროის მოკლე მონაკვეთში დიდ სიმაღლეებს მიაღწია, სიახლეები დასჭირდა. გუნდის განახლებული ძალით მუშაობის შედეგი კი სწორედ Stack NEXT-ია.
Stack NEXT
ბრაუზერის ახალ ვერსიაზე, ფაქტობრივად, საძირკვლიდან მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო. აბსოლუტურად განახლებული პროდუქტის შექმნაში გუნდმა ჩადო მთელი ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში დააგროვა და შედეგად Stack NEXT მივიღეთ, რომელიც სამ ძირითად პრინციპს ემყარება:
1. Stack, როგორც სივრცითი ბრაუზერი
Stack გახდება თქვენი სამგანზომილებიანი სივრცე, სადაც დააორგანიზებთ თქვენს ვირტუალურ გარემოს სამუშაოსა და პირადი ცხოვრებისთვის. სტარტაპი გვპირდება, რომ ეს ვირტუალური სახლი იქნება.
შესაბამისად, თუ ყოველ ჩვენგანს აქვს ეს 3D სამყარო, ბუნებრივია, შეგვიძლია დავუკავშირდეთ და ვესტუმროთ ერთმანეთს, გავატაროთ დრო ერთად.
2. Stack, როგორც მულტიფლეიერ ბრაუზერი
კაცობრიობა მუდმივად გაერთიანებისკენ, კავშირისკენ და თანამშრომლობისკენ მიიწევს. ინტერნეტმა ყველა ფიზიკური ბარიერი მოშალა და შესაძლებელია დავუკავშირდეთ ერთმანეთს, მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა.
Stack პირველი მულტიფლეიერ ბრაუზერია, სადაც შესაძლებელია დავუკავშირდეთ ერთმანეთს და შევქმნათ მომავალი. ბრაუზერში ყველა ვებაპლიკაცია შეიძლება გახდეს კოლაბორაციული, რაც კომუნიკაციის ახალი გამოცდილებაა.
3. Stack, როგორც მზრუნველი ბრაუზერი
პროდუქტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ Stack მომხმარებელზე ორიენტირებული ბრაუზერია. ის უპირისპირდება ინტერნეტ სივრცეში დღესდღეობით არსებულ სიტუაციას, რომლის პირობებშიც მთავარი პროდუქტიულობაა, ყოველ ნაბიჯზე შევხვდებით რეკლამებსა და ბანერებს, თითქოს ინტერნეტმა სული, ემოციური და ადამიანური ფაქტორი დაკარგა.
Stack-ისათვის კი პროდუქტიულობა შედეგია და არა მიზანი. სტარტაპის მოტივაციაა, შექმნას გარემო, რომელიც მომხმარებელს ირგვლივ არსებული სამყაროს მიმართ უფრო ყურადღებიანს გახდის.
თუ მოგწონთ იდეა, რომლის ირგვლივაც Stack-ის გუნდია გაერთიანებული, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ producthunt.com-ზე და წარმატებულ ქართულ სტარტაპს ხმა მისცეთ.
კომენტარები