5 რამ, რაც მეცნიერებამ ტუტანხამონის მუმიის შესახებ გაგვიმხილა
ასი წლის წინ, ძველი ეგვიპტის ჩვენებური გაგება სამუდამოდ შეიცვალა, მას შემდეგ რაც ტუტანხამონის საფლავი აღმოაჩინეს. აღმოჩენა ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1922 წლის 4 ნოემბერს გაკეთდა.
ქრისტეს შობამდე 1 305 წელს დაბადებული ტუტანხამონი ეგვიპტეს მხოლოდ ათი წლის განმავლობაში მართავდა. მიუხედავად ამისა, მისი საფლავი იყო მოწყობილი აქამდე არნახული სიმდიდრით.
მუმიებით ჩვენი გატაცება გასაგებია, მით უმეტეს, როდესაც ეს საშუალებას გვაძლევს ათასობით წლის წინ მცხოვრები მმართველის სახის ხილვისა და აღქმის. ტუტანხამონის აღმოჩენა მის თავდაპირველ განსასვენებელში, მთელი მისი საკუთრებით, გვეხმარება ვიგრძნოთ კავშირი პირველყოფილ წარსულთან. ის დროში უკან გვაბრუნებს ახალგაზრდა მეფის დაკრძალვასთან.
ტუტანხამონის ცხოვრების შესწავლას ხშირად ჩრდილავს სენსაციური ჭორები, რომლებიც მისი საფლავის აღმოჩენასთანაა დაკავშირებული, როგორიცაა წყევლა და სხვა. თუმცა, მოდი ვნახოთ რას ამბობს ამ მუმიაზე მეცნიერება.
1. ტუტანხამონის სიკვდილი ჯერ კიდევ საიდუმლოა
ძნელია იმის გარკვევა, თუ რატომ მოკვდა ადამიანი, რომელიც ასე დიდი ხნის წინ ცხოვრობდა. ამ მხრივ არც ტუტანხამონია გამონაკლისი. ძველ ეგვიპტეში ხალხი უფრო მცირე ხნით ცოცხლობდა, რადგან მათ არ გააჩნდათ ისეთივე ჯანდაცვა, როგორც ჩვენ. თუმცა, ტუტანხამონი მოკვდა დაახლოებით 19 წლის ასაკში, რაც საკმაოდ ახალგაზრდაა ძველი ეგვიპტისთვისაც კი.
ცოტა ხნის წინ, რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და დნმ-ის ტესტირების გამოყენებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტუტანხამონს ჰქონდა მალარია, სხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად, როგორიცაა სასის ნაპრალი. ვიცით ისიც, რომ სიკვდილამდე მან ფეხიც მოიტეხა. ეს ინფორმაცია გვეხმარება ტუტანხამონის ჯანმრთელობის სურათის შექმნაში. თუმცა ზუსტად არ გვეუბნება, თუ როგორ დაიღუპა ის, გარდა იმისა, რომ არანაირი ნიშანი არ არსებობს მისი მკვლელობის.
2. ის ყვავილებთან ერთად დაკრძალეს
როდესაც 1922 წელს ტუტანხამონის საფლავი გაიხსნა, მას ყვავილებისგან დამზადებული საყელო ეცვა. ყვავილები კარგად იყო შემონახული, რადგან ტუტანხამონთან ერთად დალუქული იყო სამარხში.
სხვა მუმიებზეცაა ნაპოვნი თაიგულები, თუმცა ეს ერთადერთი სამეფო სამარხია, სადაც ყველა ყვავილი იპოვეს ისე, როგორც ის თავიდან იყო. ყვავილები მნიშვნელოვანი იყო ძველი ეგვიპტელებისთვის, რომლებიც თავიანთი სამარხების კედლებზე ხატავდნენ ყვავილის ბაღებს.
საყელოში გამოყენებული ყვავილებისა და მცენარეების შესწავლამ აჩვენა, რომ ტუტანხამონი დაკრძალეს მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლოსკენ. სხეულის დასაკრძალად მომზადებას 70 დღე დასჭირდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტუტანხამონი სავარაუდოდ ზამთარში მოკვდა.
3. ტუტანხამონის გარეგნობა შენარჩუნდა სპეციალური ტექნიკით
ძველი ეგვიპტელები მიჰყვებოდნენ სპეციალურ მეთოდებს, როდესაც მუმიფიცირებას მიმართავდნენ. ტვინისა და შინაგანი ორგანოების ამოღების შემდეგ, მარილს სახელად ნატრონს იყენებდნენ სხეულის გასაშრობად. ამით იქმნებოდა მუმია, რომელსაც შეეძლო ათასობით წლის გაძლება, თუმცა ეს პროცესი გარეგნობაზე გარკვეულწილად მაინც მოქმედებდა.
ძველ ეგვიპტელებს სწამდათ, რომ სულს, ანუ Ka-ს, სჭირდებოდა თავის სხეულში დაბრუნება, რათა შემდგომ სიცოცხლეშიც ეარსება. ამიტომ მას სხეულის ამოცნობა უნდა შესძლებოდა. ასე რომ, იმისათვის, რომ მისი სახე უფრო სიცოცხლისუნარიანი გამოჩენილიყო, ტუტანხამონის სახის კანის ქვეშ ჩასვეს ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ფისი.
ბოლო დრომდე ვარაუდობდნენ, რომ ტუტანხამონი სწრაფად და ცუდად იყო ბალზამირებული, რადგან ის მოულოდნელად მოკვდა. თუმცა, უახლესი CT სკანირება აჩვენებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სახის გამართვას დრო და უნარი დასჭირდებოდა.
4. ტუტანხამონს "შემდგომი ცხოვრების" გზაზე თან მეგზურები ახლდა
როდესაც ვსაუბრობთ ტუტანხამონის მუმიაზე, ბუნებრივია, პირველი სწორედ ტუტანხამონი გვახსენდება, თუმცა, ის მარტო არ იყო. სამარხში ასევე ორი მინიატურული კუბოც აღმოაჩინეს. 2011 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს კუბოები ეკუთვნოდა ორ ნაყოფს. ერთი ხუთი თვის ნაყოფი იყო, მეორე დაახლოებით ცხრა თვის ორსულობის ნაყოფი. სავარაუდოდ, ესენი არიან ტუტანხამონისა და მისი ცოლის ანხესენამონის ვერ შობილი შვილები. სავარაუდოდ ისინი მამაზე ადრე დაიღუპნენ.
ძველ ეგვიპტეში ბავშვების მუმიფიცირებაც კი იშვიათი იყო და შესაბამისად, კიდევ უფრო უცნაურია მუმიფიცირებული ნაყოფის აღმოჩენა. ტუტანხამონისთვის შვილების დაკარგვა აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, როგორც ჩანს, მას სურდა ისინი მასთან ერთად შემდგომ ცხოვრებაში ყოფილიყვნენ.
5. ცნობადობა ტუტანხამონზე მთლად კარგად არ ასახულა
დიდება ყოველთვის კარგს არ ნიშნავს. ამას ზოგჯერ ჩვენ ცნობადი სახეების შემთხვევაშიც ვხედავთ. ეს ეხება ტუტანხამონსაც, რომლის პოპულარობამ გამოიწვია ზედმეტი მეცნიერული კვლევები და ზიანი მიაყენა მის სხეულს. ტუტანხამონი ალბათ ყველაზე შესწავლილი მუმიაა მსოფლიოში, ეცის ყინულის კაცის შემდეგ. ტუტანხამონის უახლესმა კვლევებმა დახვეწილი კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით აჩვენა, რომ მისი სხეული აღარ არის ხელუხლებელი ან თუნდაც სრული.
პირველი კვლევა 1925 წელს ჩატარდა, მუმიის აღმოჩენიდან ძალიან მალე. თავად ტუტანხამონის ნახვის სურვილით, ანატომისტებმა, რომლებიც მას სწავლობდნენ, დიდი სირთულით ამოიღეს იგი სამარხიდან, რადგან ის ფისით იყო მიმაგრებული. უხეშმა მოპყრობამ კიდურები და თავი ტანისგან დააცალკევა.
მიუხედავად ამისა, ტუტანხამონი ერთადერთი ცნობილი სამეფო მუმიაა, რომელიც დარჩა თავის საფლავში რჩება. საერთო ჯამში, მეცნიერება დაგვეხმარა გავიგოთ მეტი ტუტანხამონის ჯანმრთელობის, ცხოვრებისა და შემდგომი სიცოცხლისთვის მზადების შესახებ. მისი მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ მისი პირადი ცხოვრების შესწავლა. დღეს ეს უკვე ზოგად საკაცობრიო საკითხია.
კომენტარები