მეცნიერებმა რაკეტის საწვავის შესაქმნელად მთვარის ნიადაგი გამოიყენეს
წარმატების შემთხვევაში, იდეას კოსმოსის კვლევის რადიკალურად შეცვლა შეუძლია.
ჩინელ მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ შეძლეს, მთვარის რეგოლითის ნიმუშები რაკეტი საწვავად და ჟანგბადად ექციათ. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მას კოსმოსის კვლევის რადიკალურად შეცვლა შეუძლია, რადგან მკვლევრებს მიეცემათ საშუალება, კოსმოსშივე არსებული რესურსებით შეავსონ ავზი და გააგრძელონ კვლევა ან უკან დაბრუნდნენ.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მთვარის ნიადაგს შეუძლია, გარემოში არსებული და ასტრონავტის სხეულიდან გამოყოფილი ნახშირორჟანგისა და სითხის მეთანად და ჟანგბადად გადაქცევის კატალიზატორი იყოს. კვლევა National Science Review-ში გამოქვეყნდა.
"მთვარის ნიადაგის რესურსის ადგილზე გამოყენება საწვავისა და ჟანგბადის საწარმოებლად ძალიან მნიშვნელოვანია თუ გვსურს, კაცობრიობამ მთვარის გამოყენება დაიწყოს. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანური რესურსები დედამიწის გარეთ ძალიან მცირეა, ჩვენ ვგეგმავთ სრულად რობოტებზე დამყარებული სისტემების გამოყენებას CO2-ის გარდაქმნის საქმეში" — განაცხადა წამყვანმა ავტორმა იუძიე სიონგმა
ეს ნიშნავს, რომ მომავალში მთვარის ზედაპირის საკვლევი მისიები ბევრად ხანგრძლივი შეიძლება გახდეს.
კვლევის მიხედვით, რომელიც შედარებით ადრე ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, მთვარის ნიადაგის საშუალებით საწვავისა და ჟანგბადის წარმოქმნა უეკიპაჟო სისტემებსაც შეუძლიათ, მეტიც, ახლომახლო ასტრონავტის ყოფნაც კი არ არის საჭირო.
ექსპერიმენტში გუნდის მიერ გამოყენებული ნიმუშები ჩინეთის Chang'e-5 მისიიდან იყო, რომელიც შიდა მონღოლეთში 2020 წლის დეკემბერში დაეშვა და 1976 წლის შემდეგ დედამიწის ერთადერთი თანამგზავრის ნიადაგით დაბრუნებული პირველი მისია გახდა.
"ეკიპაჟიან და სრულად უპილოტო სისტემებს შორის განსხვავების შემჩნევა შეუძლებელია, რაც დამატებით გვარწმუნებს ჩვენ მიერ შემოთავაზებული სისტემის მაღალ შანსებში" — განაცხადეს კვლევაში მეცნიერებმა.
ყველაზე რთულად გადასალახი პრობლემა მაინც ნახშირორჟანგის გათხევადებაა, რაც მთვარის ცივ ატმოსფეროში ძალიან რთული საქმეა. New Scientist-ის მიხედვით, აირის კონდენსირებას საკმაოდ მაღალი ტემპერატურა და სიმხურვალე სჭირდება.
ერთი სიტყვით, პერსპექტივა შესანიშნავია: ავტონომიური მანქანა, რომელიც ჩვენგან შორს საწვავსა და ჟანგბადს მოიმარაგებს სტუმრებისთვის. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ და მხოლოდ გეგმაა და პრაქტიკულად მის განხორციელებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია.
კომენტარები