ახალი კვლევა: კაცებს თავი უფრო ჭკვიანები ჰგონიათ, ვიდრე არიან, ხოლო ქალებს — პირიქით
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ საკუთარი IQ-ის გადაჭარბებულად შეფასების საუკეთესო პროგნოზებს წარმოადგენდა ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური სქესი.
როცა ადამიანებს თავიანთი ინტელექტის დონის შეფასებას სთხოვენ, უმეტესობა ამბობს, რომ საშუალოზე მაღალი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) აქვს, რაც სტატისტიკურად შეუძლებელია. ეს ნორმალური, ჯანსაღი კოგნიტური მიკერძოებაა და ვრცელდება ნებისმიერ სოციალურად სასურველ თვისებაზე, როგორებიცაა: პატიოსნება, მართვის უნარი და ა.შ. ეს შაბლონი იმდენად გავრცელებულია, რომ ცნობილია როგორც "საშუალოზე მაღალის ეფექტი".
ახალ კვლევაში დევიდ რეილმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს, რამდენად თანმიმდევრულად აფასებენ მამაკაცები და ქალები საკუთარ IQ-ს. ამავდროულად, შეაფასეს ზოგადი თვითსეფასება და მასკულინური და ფემინური პიროვნული თვისებები.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ საკუთარი IQ-ის გადაჭარბებულად შეფასების საუკეთესო პროგნოზებს წარმოადგენდა ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური სქესი. მამაკაცად დაბადება და ძლიერი მასკულინური თვისებების ქონა (კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც) უკავშირდება "გაბერილ" ინტელექტუალურ თვითშეფასებას.
მამაკაცების მედიდურობა და ქალების თავმდაბლობა
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში ვლინდება თავიანთი ინტელექტის გადაჭარბებულად შეფასების საერთო ტენდენცია, ინდივიდები განსხვავდებიან. ზოგიერთს ეჭვი ეპარება საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, ხოლო ზოგიერთი გადაჭარბებულად აფასებს მას. თუმცა, ზოგადად, როცა ადამიანებს თავიანთი IQ-ის შეფასებას სთხოვენ, მამაკაცები ბევრად უფრო ჭკვიანად აფასებენ თავებს, ხოლო ქალები გაცილებით მოკრძალებულები არიან.
მკვლევრების დასკვნა შეესაბამება სხვა კვლევების შედეგებს. ფსიქოლოგმა ადრიან ფურნემმა ამ ეფექტს უწოდა "მამაკაცის მედიდურობისა და ქალის თავმდაბლობის" პრობლემა და იგი ბევრ კულტურაში გვხვდება.
მაგრამ რატომ თვლიან კაცები საკუთარ თავს უფრო ჭკვიანებად, ხოლო ქალები საკმარისად ვერ აფასებენ საკუთარ ინტელექტს?
IQ-ის სქესი არ განსაზღვრავს
ფსიქოლოგიისა და ინტელექტის მკვლევრები თანხმდებიან, რომ არ არსებობს "უფრო ჭკვიანი სქესი". თუმცა ამ მავნე ცნების გაბათილება მხოლოდ ინტელექტის შეფასების ობიექტური მეთოდების განვითარების შედეგად მოხდა.
ისტორიულად, ითვლებოდა, რომ ქალები ნაკლებად ჭკვიანები იყვნენ, რადგან შედარებით პატარა თავის ქალა ჰქონდათ. თუმცა, ამავე ლოგიკით, სპილოს ინტელექტი, ჩვენსასთან შედარებით, ბევრად მაღალი უნდა იყოს. ამიტომ, როცა ტვინის ზომაზე ვსაუბრობთ, უფრო დიდი უფრო უკეთესს არ ნიშნავს.
გასულ საუკუნეში გენდერული სტერეოტიპები მნიშვნელოვნად შეიცვალა და განვითარებულ ქვეყნებში მათ, როგორც წესი, მხარს არ უჭერენ. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით სქესისა და ინტელექტის შესახებ იმპლიციტურ რწმენებზე, რადგან ფარული და ირიბი მიკერძოებები ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული.
სოციალური ფსიქოლოგიის კლასიკურ კვლევაში მკვლევრებმა მშობლებს სთხოვეს, შეეფასებინათ თავიანთი შვილების ინტელექტი. შედეგად, ვაჟები შეფასდნენ ბევრად უფრო ინტელექტუალურად, ვიდრე ქალიშვილები. ეს აღმოჩენა კი გამეორდა მთელ მსოფლიოში.
მშობლების მოლოდინები შეიძლება იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შვილების ინტელექტუალურ თვითშეფასებაზე ზეგავლენის მოხდენისას და ასევე მოქმედებს შემდგომ აკადემიურ მიღწევებზე.
გენდერული განსხვავებები ასევე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი თვითშეფასებაში, რადგან უფრო მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები თავიანთი ცხოვრების ყველა ასპექტს (მათ შორის, ინტელექტუალურ შესაძლებლობებს) უფრო პოზიტიურად უყურებენ. გოგონები და ქალები თავიანთ ზოგად თვითშეფასებას მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხით აფასებენ, ვიდრე ბიჭები და მამაკაცები. ეს განსხვავება მოზარდობის ადრეულ ასაკში ვლინდება.
რა აღმოაჩინა კვლევამ?
მკვლევრებმა მონაწილეებს გააცნეს ინტელექტის შეფასების კრიტერიუმები და სთხოვეს, თავად შეეფასებინათ საკუთარი IQ. საშუალო ქულა 100-ია. მკვლევრებმა მონაწილეებს დაუხასიათეს ზოგადი ჩარჩო და აუხსნეს, რომ ადამიანების 2/3 (66%) 85-დან 115 ქულამდე შუალედში ხვდება.
ავტორებმა მონაწილეებს წინასწარ უთხრეს, რომ მოგვიანებით რეალური IQ ტესტის დაწერა მოუწევდათ. მკვლევრების აზრით, ეს ცრუ ტრაბახისაგან თავის არიდებასა და მამაკაცებისა და ქალების თვითშეფასების ზუსტ შემოწმებაში დაეხმარებოდათ.
მონაწილეებმა ასევე დაასრულეს ზოგადი თვითშეფასების გასაზომი ტესტი და ბემის სქესის როლის ნუსხა (Bem Sex-Role Inventory), რომელიც ზომავს მასკულინურ და ფემინურ პიროვნულ თვისებებს. მათი ჰიპოთეზით, ფსიქოლოგიური სქესი (კონკრეტულად, მასკულინურობა) იქნებოდა თვითშეფასების უკეთესი პროგნოზი, ვიდრე ბიოლოგიური სქესი (მამაკაცი ან ქალი დაბადებისას).
ნიმუშმა დააფიქსირა 107,55 საშუალო IQ ქულა. ეს ოდნავ აღემატებოდა საშუალო სტატისტიკურ მონაცემს, როგორც მოსალოდნელი იყო.
მკვლევრებმა, პირველ რიგში, გამოვიკვლიეს მონაწილეების განსჯის სიზუსტე. თუ გადავხედავთ ხაზებს, რომლებიც ასახავს თვითშეფასებულ IQ-ს რეალურ IQ-სთან, დავინახავთ, რომ ნიმუშში ქალები და მამაკაცები საკმაოდ თანმიმდევრულნი იყვნენ თავიანთი სიზუსტით. განსხვავება ის იყო, რომ მამაკაცების შეფასებები (ლურჯში) უფრო ხშირად იყო გადაჭარბებული (ხაზის ზემოთ) და ქალების შეფასებები (მწვანეში) უფრო ხშირად იყო მოკრძალებული (ხაზის ქვემოთ).
გაზომილი IQ-ის ეფექტების სტატისტიკური კონტროლის შემდეგ, მათ განიხილეს თვითშეფასებული ინტელექტის ყველაზე ძლიერი პროგნოზები. შედეგებმა აჩვენა, რომ ბიოლოგიური სქესი რჩება ყველაზე ძლიერ ფაქტორად: მამრობითი სქესის წარმომადგენლები აფასებენ თავიანთ ინტელექტს უფრო მაღალი ქულით, ვიდრე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. თუმცა, ფსიქოლოგიური სქესი ასევე იყო ძალიან ძლიერი პროგნოზი; ძალიან მასკულინური სუბიექტები აფასებდნენ თავიანთ ინტელექტს უფრო მეტად (რაც მნიშვნელოვანია, ასოციაცია ფემინურობასთან არ ყოფილა).
ასევე გამოვლინდა ზოგადი თვითშეფასების მნიშვნელოვანი წვლილი მონაწილეთა ინტელექტუალურ თვითშეფასებაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, მამაკაცები უფრო მაღალ თვითშეფასებას ავლენენ, ვიდრე ქალები.
რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი?
ამ გენდერულ განსხვავებებს შეიძლება ჰქონდეს მრავალი ახსნა, დაწყებული მშობლების დამოკიდებულებიდან გენდერული როლების შესახებ და დამთავრებული იმით, თუ რამდენ ქებას იღებენ ბავშვები მასწავლებლებისგან. თუმცა, ამ კვლევის შედეგები შეიძლება იყოს შორსმიმავალი და ახსნას ყველაფერი, დაწყებული გოგონების არჩევანით, არ განაგრძონ კარიერა მეცნიერებასა და ინჟინერიაში და დამთავრებული გენდერული ანაზღაურების სხვაობით.
კომენტარები