რატომ ვხედავთ მთვარეს ზოგჯერ დღისით?
მთვარის დანახვა ღამის ცაზე არავის უკვირს, თუმცა რატომ არის დედამიწის თანამგზავრი ზოგჯერ დღისითაც ხილული?
ალბათ, არაერთხელ შეგინიშნავთ მთვარე დღისით და შეიძლება იმაზეც დაფიქრებულხართ, თუ რატომ ხედავთ მას დღის ცაზე. თუკი ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ გაქვთ, სტატიაში რამდენიმე მიზეზს გაგიმხელთ.
რეალურად, მთვარე დღის განმავლობაში ხილულია იმავე მიზეზით, რის გამოც მას ვხედავთ ღამით — ის ირეკლავს მზის სინათლეს — და მისი სიახლოვე დედამიწასთან ხდის მას უფრო კაშკაშას. აღსანიშნავია, რომ მზის შემდეგ, მთვარე ყველაზე გამოკვეთილი ციური ობიექტია, რომელსაც ვხედავთ.
მაგრამ მთვარე ყოველთვის არ ჩანს დღის განმავლობაში. ეს გამოწვეულია დედამიწის ატმოსფეროთი და ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტალური ციკლით. ჩვენს პლანეტას ატმოსფერო რომ არ ჰქონოდა, მთვარე დედამიწიდან ყოველთვის ხილული იქნებოდა. ამავდროულად, მთვარის ფაზები ნიშნავს, რომ როდესაც ის მოძრაობს დედამიწასა და მზეს შორის — მაგალითად, ახალმთვარეობის დროს — განათებული მხარე ჩვენგან შორს არის, ხოლო მთვარის "ბნელი მხარე" დედამიწისკენ იყურება, რაც მას, ძირითადად, უხილავს ხდის ჩვენთვის.
"ჩვენს ატმოსფეროში გაზის ნაწილაკები — ძირითადად აზოტი და ჟანგბადი — ფანტავს შუქს, რომელსაც აქვს მოკლე ტალღის სიგრძე, როგორებიცაა: ლურჯი და იისფერი სინათლე. ეს გაფანტვა, რომელიც გულისხმობს სინათლის შთანთქმასა და განმეორებით გამოსხივებას სხვა მიმართულებით, ცას ლურჯ შეფერილობას აძლევს. იმისათვის, რომ დღისით ხილული იყოს, მთვარემ უნდა "აჯობოს" მზის გაფანტულ შუქს", —განმარტა ედვარდ გუინანმა, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პროფესორმა პენსილვანიის ვილანოვას უნივერსიტეტში. ახალმთვარეობიდან ორი ან სამი დღის განმავლობაში მთვარე უხილავია დედამიწაზე დამკვირვებლებისთვის, რადგან ცაზე იმგვარად არის განლაგებული, რომ მზის გაფანტული შუქის სინათლე აჭარბებს მთვარისას. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მთვარის შედარებითი სიახლოვე დედამიწასთან, საშუალოდ, 384 400 კილომეტრია, მის მიერ არეკლილი შუქი უფრო კაშკაშა გვეჩვენება, ვიდრე შორს მდებარე მანათობელი ან ამრეკლავი ობიექტები, როგორებიცაა: ვარსკვლავები და სხვა პლანეტები.
გუინანის თანახმად, ვარსკვლავები, რომლებიც დედამიწიდან ჩანს, მილიონობით მილიარდჯერ ნაკლებად კაშკაშაა მზის შუქთან შედარებით და მილიონჯერ უფრო მკრთალი, ვიდრე მთვარე. მზის გაბნეული სინათლე იმდენად კაშკაშაა ჩვენს ცაზე, რომ ხშირად აჭარბებს ვარსკვლავების შუქს დღის განმავლობაში, მაგრამ ყოველთვის ვერ ჩრდილავს მთვარის არეკლილ სინათლეს.
ასტრონომები ზედაპირის სიკაშკაშით ზომავენ ობიექტების — მაგალითად, გალაქტიკებისა და პლანეტური ნისლეულების — ხილვად სიკაშკაშეს. ამას ასტრონომები აკეთებენ სინათლის იმ რაოდენობის გაზომვით, რომელსაც ეს ობიექტები ასხივებს ღამის ცაზე. იმის გამო, რომ მთვარე დედამიწასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ვარსკვლავები, მისი ზედაპირის სიკაშკაშე აღემატება ცის ზედაპირის სიკაშკაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია, ადვილად დავინახოთ მისი არეკლილი სინათლე დღისით.
თუმცა, დღის შუქზე მთვარის ხილვადობაზე ასევე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორები, მათ შორის სეზონები, მთვარის მიმდინარე ფაზა და რამდენად სუფთაა ცა მოცემულ დღეს.
მთვარე დღის შუქზე, საშუალოდ, თვეში 25 დღის განმავლობაში ჩანს. დანარჩენი ხუთი დღე მოიცავს ახალმთვარეობასა და სავსე მთვარეს. ახალი მთვარის ფაზასთან მიახლოებისას, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი მზესთან ძალიან ახლოსაა და არ ჩანს. სავსემთვარეობისას კი ის მხოლოდ ღამით ჩანს, რადგან მთვარე "ამოდის მზის ჩასვლისას და ჩადის მზის ამოსვლისას".
მთვარე ჰორიზონტზე მაღლაა დღეში 12 საათის განმავლობაში, მაგრამ მისი გამოჩენა შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს დღის საათებს. ზამთარში, როდესაც დღეები უფრო მოკლეა, მაგალითად, შუა განედებზე, ნაკლები დრო რჩება მთვარის ხილვისთვის დღის განმავლობაში.
გუინანის მიხედვით, მთვარის დღის შუქზე სანახავად საუკეთესო დროა პირველი მეოთხედი (ახალი მთვარიდან ერთი კვირა) და მესამე მეოთხედი (სავსე მთვარიდან ერთი კვირა). პირველ კვარტალში, შუადღისას, ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი შეგვიძლია აღმოსავლეთ ცაზე ამომავალი დავინახოთ. მესამე კვარტალში კი ის დილით ხილული იქნება, შემდეგ კი დასავლეთით ჩავა. ეს ფაზები არის ყველაზე გრძელი პერიოდები, რომლებშიც მთვარე ჩანს მზესთან ერთად ცაში, დღეში, საშუალოდ, ხუთიდან ექვს საათამდე.
კიდევ ერთი ფენომენი, რომელიც გავლენას ახდენს მთვარის ხილვაზე, არის დედამიწის სიკაშკაშე. "ნახევარმთვარის ფაზაში, როდესაც ის მზესთან ახლოსაა, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მთვარის "ბნელი ნაწილი", რომელსაც, წესით, არ უნდა ხედავდეთ", — თქვა გუინანმა. ეს იმის გამო ხდება, რომ მთვარის ბნელი ნაწილი "დედამიწიდან არეკლილ სინათლეს იღებს". ამ ფენომენის დასაკვირვებლად საუკეთესო დროა ნახევარმთვარის ფაზაა (ახალი მთვარიდან სამი ან ოთხი დღე).
კომენტარები