9 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ ბუნების სილამაზეს საზღვარი არ აქვს
"ბუნებას დიდებული სიმარტივე და, ამდენად, დიდებული მშვენიერება ახასიათებს", — რიჩარდ ფეინმენი.
ბუნების სილამაზისადმი მიძღვნილი არაერთი ფილმისა და წიგნის მონაკვეთი, სიმღერა თუ ლექსი გვახსოვს, მაგრამ, როგორც ამბობენ, "ერთი სურათი ათასობით სიტყვას უდრის". ქვემოთ ნახავთ სწორედ ასეთ 9 ფოტოს, რომლებზეც ბუნების მშვენიერება მთელი სიცხადითაა აღბეჭდილი.
1. მეტყველი თვალები
როდესაც National Geographic-ის (NG) Instagram გვერდმა 100 მილიონ გამომწერს მიაღწია, ჟურნალმა, ამ ამბის აღსანიშნავად, ფოტოგრაფიის კონკურსი ჩაატარა ჰეშთეგით #natgeo100contest. სულ რაღაც 24 საათში ზემოხსენებული ჰეშთეგით 94 000 ფოტო დაგროვდა. NG-ის ფოტორედაქტორებმა და ფოტოგრაფებმა გადახედეს სურათებს და დატოვეს ტოპ-10 საუკეთესო ფოტო, რის შემდეგაც საპრიზო ადგილები გვერდის გამომწერებმა ხმის მიცემით გამოავლინეს.
მაქსიმე ისრაელ კოლიერის ეს ფოტო, მართალია, გამარჯვებული ვერ გახდა და მე-8 ადგილი დაიკავა, თუმცა, ჩემი აზრით, ასეთი მეტყველი თვალები, პირველ ადგილს იმსახურებს, ამიტომაც ამ სიის სათავეში მოვაქციე.
2. ვარდისფერი ფლამინგოები ცისფერ ფონზე
ჯუნჯი ტაკასაგოს ეს ფოტო NG-ის 2022 წლის ველური ბუნების საუკეთესო ფოტოების არქივიდანაა და გადაღებულია სალარ დე უიუნიში (ბოლივია).
არ ვიცი, თქვენ რამდენად შეამჩნიეთ, მაგრამ მე ფოტოს პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ ავტორი იაპონელი იყო. ფოტო, რომელზეც ვარდისფერი ფლამინგოებია გამოსახული და რთული სათქმელია, თუ სად მთავრდება დედამიწა და იწყება ზეცა, იაპონური ესთეტიკის ბრწყინვალე ნიმუშია. თუკი იაპონელი მწერლები გიყვართ, წესით, ჰარუკი მურაკამი გაგახსენდებოდათ, ხოლო ანიმე სამყაროსაც თუ იცნობთ, "აჩრდილწაღებულიდან" (Spirited Away) წყალზე მოსიარულე მატარებელთანაც გაავლებდით პარალელს.
3. დაბრუნებული სამოთხე
NG-ის 2012 წლის დეკემბრის ნომერი მოიცავდა ისტორიას ორი მამაკაცის შესახებ, რომლებიც აპირებდნენ სამოთხის ფრინველების 39-ვე სახეობის დოკუმენტირებას. ამ პროცესს დასჭირდა 9 წელი, 18 ექსპედიცია და 39 000 ფოტო, მაგრამ, საბოლოოდ, მათ ეს შეძლეს.
ამ ფოტოზე გამოსახულია სამოთხის დიდი ფრინველი, რომელიც ეძებს მეწყვილეს ხის კენწეროზე, ვოკამის კუნძულზე, ახალი გვინეის სამხრეთით.
4. მედუზას ლტოლვილი
დევიდ დოუბილეტის ეს ფოტო 2021 წლის 3 ნოემბერს NG-ის დღის ფოტო გახდა. ფოტოზე ჩანს პატარა თევზი, რომელმაც თავშესაფარი იპოვა მთვარის მედუზას საცეცებს შორის, ტასმანიის ზღვაში (ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის). საფრთხის მოახლოებისას, თევზი მედუზას საცეცებში იმალება იმის იმედად, რომ მტაცებლები ვერ მიეკარებიან.
5. ბედნიერი ძილგუდა
ალექს უოლკერის ამ ფოტომ, რომელიც გადაღებულია იტალიაში, მონტიჩელი ბრუსატიში, 2017 წელს სასაცილო ველური ბუნების ფოტოგრაფიის ჯილდო მოიპოვა. ფოტოზე ფარსმანდუკზე შემომჯდარი მომღიმარი პატარა ძილგუდაა გამოსახული. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, თაგვი ნამდვილად იღიმის თუ ფოტოგრაფმა მთქნარებისას გამოიჭირა, ვფიქრობ, ფოტო, უდავოდ, მშვენიერია.
6. მეოცნებე ლეოპარდი
სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფი სქაი მიკერი, რომელიც 7 წლიდან იღებს ფოტოებს, ბოცვანას მაშატუს ნაკრძალში მცხოვრებ ლეოპარდებს საათობით ადევნებდა თვალყურს და, საბოლოოდ, დაიჭირა ეს უნიკალური კადრი, რომელმაც 2018 წლის ახალგაზრდა ველური ბუნების ფოტოგრაფის გრანდიოზული ტიტული მოაპოვებინა.
აღსანიშნავია, რომ მაშატუს ნაკრძალის ლეოპარდები საკმაოდ რთულად შესამჩნევები არიან და, ამდენად, მათი ფოტოზე აღბეჭდვა საკმაოდ რთულია. თუმცა სქაის, საათობით ლოდინის შემდეგ, გაუმართლა და მათოჯას შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო. ამ მდედრ ლეოპარდს ადგილობრივმა გიდებმა, ადრე მიღებული ტრავმის გამო, შეარქვეს მათოჯა, ანუ "ის, ვინც კოჭლობით დადის".
7. ყორნების კოცნა
კანადელმა ფოტოგრაფმა შეინ კალინმა ყორნების ამ ფოტოსთვის 2021 წლის ველური ბუნების ფოტოგრაფის ჯილდო მოიპოვა.
შუა ზამთარი იყო, ყორნების გამრავლების სეზონი იწყებოდა. შეინი იწვა გაყინულ მიწაზე, რომ გადაეღო ყორნების მოლურჯო ბუმბულის დეტალები კონტრასტული თოვლის ფონზე. საბოლოოდ კი, ფოტოგრაფმა დააფიქსირა ეს ინტიმური მომენტი, როცა ყორნების წყვილმა ურთიერთობის განსამტკიცებლად გაცვალა საჩუქრები: ხავსი, ყლორტები და პატარა ქვები.
8. ციყვმა სურვილი ჩაიფიქრა
გეერტ ვეგენის ამ ფოტოზე გამოსახულმა ციყვმა, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს, ბაბუაწვერას სურვილს უთქვამს, სასაცილო ველური ბუნების 2019 წლის ჯილდო მოიპოვა.
გეერტ ვეგენი, ჰოლანდიელ-შვედი ფოტოგრაფი, ციყვებს 6 წლის განმავლობაში ყოველდღე კამერით დაყვებოდა, რომ უნიკალური კადრები აღებეჭდა. ეს ზღაპრული ფოტო მისი შემოქმედების მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია.
9. პასუხი ადამიანებს
კუს ეს ფოტო სასაცილო ველური ბუნების 2020 წლის ჯილდოს მფლობელი გახდა. მარკ ფიცპატრიკის, ფოტოს ავტორის, თქმით, ლედი ელიოტის კუნძულზე წყალქვეშ ცურვისას გადააწყდა კუს, სახელად ტერი, რომელთან ერთადაც ცოტა ხნის განმავლობაში ცურავდა. თუმცა ტერი, როგორც აღმოჩნდა, მის მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო და წამოსვლისას ფოტოგრაფს "შუა თითი უჩვენა".
სიმართლე ითქვას, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აბინძურებენ ადამიანები ტერის სახლს, ოკეანეს, მისი რეაქცია გასაკვირი არც არის.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ წარმოდგენილი 9 ფოტო ბუნების მხოლოდ მცირე ნაწილს ასახავს, ვფიქრობ, თითოეული მათგანი უნიკალურია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად ლამაზ სამყაროში ვცხოვრობთ.
კომენტარები