ჩვენი ცოდნა კოსმოსზე რევოლუციურად შეიცვლება — სამყარო, შესაძლოა, ისე არ ფართოვდება, როგორც გვეგონა
სამყაროს შემადგენლობისა და მისი გაფართოების ყველაზე ზუსტი გაზომვები, რაც კი ოდესმე გაკეთებულა, გვიჩვენებს, რომ "რაღაც საეჭვოა" კოსმოსის შესახებ ჩვენს ცოდნაში.
The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებულმა ახალმა ყოვლისმომცველმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი შეუსაბამობა სამყაროს გაფართოების სიჩქარის შესაფასებლად ორ განსხვავებულ გზას შორის. კვლევამ აჩვენა, რომ სამყაროს დაახლოებით 5% შედგება იმისგან, რაც ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ნორმალური მატერია, ხოლო დანარჩენი ბნელი მატერია და ბნელი ენერგიაა, რომელთაგან ორივე საიდუმლოებითაა მოცული.
კვლევის თანახმად, ბნელი ენერგია, ჰიპოთეტური ძალა, რომელიც იწვევს სამყაროს მზარდი ტემპით გაფართოებას, შეადგენს კოსმოსის 66,2%-ს. დარჩენილი 33,8% არის ენერგიისა და ბნელი მატერიის ერთობლიობა, რომელიც ასევე უცნობია, მაგრამ, შესაძლოა, შედგებოდეს ჯერ კიდევ აღმოუჩენელი სუბატომური ნაწილაკისგან.
იმის დასადგენად, თუ რისგან შედგება ჩვენი სამყარო, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი დააკვირდა აფეთქებულ ვარსკვლავებს, იგივე სუპერნოვებს. მათ გააანალიზეს სინათლე 1550 სხვადასხვა სუპერნოვადან, დაწყებული დედამიწასთან ახლოს მყოფებით და დამთავრებული 10 მილიარდზე მეტი სინათლის წლით დაშორებულებით, მაშინ, როდესაც სამყარო მისი ამჟამინდელი ასაკის მეოთხედი იყო. ამ ვარსკვლავების ერთმანეთთან შედარებით, მკვლევრებს ეძლევათ საშუალება გაიგონ თუ როგორ იქცევა და ვითარდება სამყარო დროთა განმავლობაში.
ანალიზის ორი ათწლეული
კვლევამ განაახლა Pantheon (პანთეონის) პროექტის მონაცემები რამდენიმე წლის წინ და აღმოაჩინა შესაძლო პრობლემები და უფრო ზუსტი გამოთვლები. კვლევის ავტორების თქმით, Pantheon+-ის უახლესი ანალიზი არის მსოფლიოს დამკვირვებლებისა და თეორეტიკოსების ორ ათწლეულზე მეტი გულმოდგინე ძალისხმევის კულმინაცია კოსმოსის არსის გაშიფვრაში.
1990-იანი წლების ბოლოს სუპერნოვაზე დაკვირვებით, რეისმა და სხვა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სამყარო არა მხოლოდ ფართოვდება, არამედ ფართოვდება სწრაფი ტემპით, რაც ნიშნავს, რომ გალაქტიკები ერთმანეთისგან "გარბიან".
Pantheon+-მა ასევე გააერთიანა მონაცემები SH0ES სუპერნოვას კოლაბორაციასთან, რათა ეპოვა სამყაროს გაფართოების სისწრაფის ყველაზე ზუსტი საზომი. მათი შეფასებით, სამყარო ამჟამად ფართოვდება 73,4 კმ/წმ ყოველ მეგაპარსეკში, ანუ 3,26 მილიონ სინათლის წელიწადში. ჰარვარდ-სმიტსონის განცხადებით, ეს დაახლოებით 255 000 კილომეტრია საათში.
ჰაბლის დაძაბულობა
მაგრამ აქ ერთი პრობლემაა. კოსმოსური მიკროტალღური ფონის რადიაციის გაზომვა, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო შორს ჩანდეს დროში, დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 300 000 წლის შემდეგ, ვარაუდობს, რომ სამყარო ფართოვდება მნიშვნელოვნად ნელი ტემპით — დაახლოებით 67 კილომეტრით მეგაპარსეკში. ამ შეუსაბამობას, ამერიკელი ასტრონომი ედვინ ჰაბლის საპატივსაცემოდ, ჰაბლის დაძაბულობა ეწოდა.
პანთეონ+-ის შედეგებმა აიყვანა ჰაბლის დაძაბულობის სიზუსტე იმაზე მაღლა, რაც ცნობილია, როგორც ხუთი სიგმას ზღურბლი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეუსაბამობა "აღარ შეიძლება მიეწეროს იღბალს", — თქვა დილონ ბრაუტმა, კვლევის წამყვანმა ავტორმა. "ეს ცხადად მიუთითებს, რომ ჩვენს ცოდნაში სამყაროზე პოტენციურად რაღაც საეჭვოა."
შეუსაბამობის ზოგიერთი შესაძლო, გადაუმოწმებელი თეორია შეიძლება მოიცავდეს სხვა სახის ბნელ ენერგიას ძალიან ადრეულ სამყაროში, პირველყოფილ მაგნიტურ ველებში, ან თუნდაც იმას, რომ ირმის ნახტომი კოსმოსურ სიცარიელეშია, რაც პოტენციურად ანელებს მას.
ბრაუტმა აღნიშნა, რომ, როგორც მეცნიერები, ცდილობენ, ჯერჯერობით ყველაფერში ერთდროულად არ გაერკვიონ. თუმცა სამყაროზე ჩვენს ცოდნაში გველოდება მთავარი რევოლუცია, რომელიც, შესაძლოა, ჩვენი სოცოცხლის მანძილზე მოხდეს.
ასევე იხილეთ: ტესტი: რა იცი სამყაროს გაფართოებაზე?
კომენტარები