მეცნიერებმა საშვილოსნოს ყელის კიბოს პროგნოზირებისთვის უფრო ზუსტი ტესტი შეიმუშავეს
მეცნიერებმა შეიმუშავეს უფრო ზუსტი ტესტი უჯრედების ცვლილებებისთვის, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვეევა შეუძლია.
რევოლუციურ ტესტს ასევე შეუძლია, შეარჩიოს დნმ-ის მარკერები ზოგიერთი სხვა გავრცელებული კიბოსთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მომავალში შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მკერდის, საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელისა და საკვერცხის კიბოს პროგნოზირებადი ტესტი.
მეცნიერებმა ადრე აჩვენეს, რომ რუტინული ნაცხის ტესტიდან საშვილოსნოს ყელის უჯრედების გამოყენებით, მათ შეეძლოთ საკვერცხისა და ძუძუს კიბოს აღმოჩენა ან მათი განვითარების ალბათობის პროგნოზირება. ახლა კი ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოზე ტესტირებისას, ახალი ტესტი უკეთ მუშაობს, ვიდრე მიმდინარე მეთოდები უჯრედების ცვლილებების მქონე ქალების იდენტიფიცირებისთვის, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ.
ახალი კვლევა მოიცავდა 1254 საშვილოსნოს ყელის სკრინინგ ნიმუშს ქალებისგან, რომლებსაც აქვთ უჯრედული ცვლილებები დაბალიდან მაღალი რისკის ჩათვლით. კვლევის მონაწილეთა ნაწილს უჯრედული ცვლილებები არ აღენიშნებოდა, მაგრამ ჰქონდა ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV), რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების უმეტესობას. ამ მონაწილეთა შემთხვევაში, ტესტმა აღმოაჩინა, რომ მათ 55%-ს უჯრედული ცვლილებები ექნება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
"ეს ახალი მეთოდი უფრო სპეციფიკურია და არ იწვევს ზედმეტ მკურნალობას, რაც კარგი ამბავია საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკისთვის და ყველასთვის, ვისაც სკრინინგი სჭირდება", — თქვა ათენა ლამნისოსმა, Eve Appeal-ის საქველმოქმედო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა. "ძალიან მისასალმებელია, რომ სკრინინგის ხელსაწყოები და პროგნოზირებადი ტესტები უფრო ეფექტური ხდება. გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ კიბო და ვიცით, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში, ჩარევა ადრეულ ეტაპზე შეგვიძლია."
დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 3200 ახალი შემთხვევა ფიქსირდება და დაახლოებით 850 ადამიანი იღუპება. ამ დაავადების მქონე ქალების ნახევარი ცოცხლობს მხოლოდ 10 ან ცოტა მეტი წლის განმავლობაში.
თავიანთ უახლეს კვლევაში, ექსპერტებმა, ინსბრუკის უნივერსიტეტისა და UCL-ის ხელმძღვანელობით, შეისწავლეს დნმ-ის მეთილაცია, რომელიც მოქმედებს როგორც ინფორმაციის დამატებითი ფენა დნმ-ის თავზე. დნმ შეიცავს ყველა იმ გენს, რომელსაც ადამიანები მემკვიდრეობით იღებენ ორივე მშობლისგან, ხოლო დნმ-ის მეთილაცია ეუბნება უჯრედებს დნმ-ის რომელი ნაწილები წაიკითხონ. ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: მოწევა, დაბინძურება, არასწორი კვება და ჭარბი წონა — შეუძლია შეცვალოს ეს მარკერები და უჯრედის ქცევა. დნმ-ის მეთილაციაზე დაკვირვებით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ, კიბოს გამოვლენა და, შესაძლოა, წინასწარ განსაზღვრონ, კიბოს განვითარების რა რისკი ექნება ადამიანს მომავალში.
პროფესორმა მარტინ ვიდშვენტერმა, UCL-ის ქალთა კიბოს განყოფილებიდან, აღნიშნა, რომ "საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ახლა ფართოდ არის დანერგილი და იწვევს საზოგადოებაში მოცირკულირე ვირუსის რაოდენობისა და ტიპების ცვლილებას. თავის მხრივ, ჩვენი მიდგომები საშვილოსნოს ყელის სკრინინგთან მიმართებაში უნდა ადაპტირდეს იმგვარად, რომ პროგრამებმა გააგრძელოს სარგებლის მოტანა. ახალი, ჰოლისტიკური, რისკის პროგნოზირებადი სკრინინგის პროგრამების შექმნა საშვილოსნოს ყელის ნიმუშების არსებული, ეფექტური კოლექციის ირგვლივ, გვთავაზობს რეალურ პოტენციალს კიბოს პრევენციისთვის მომავალში."
კომენტარები