ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ — ინკოგნიტო რეჟიმი ტყუილია
Google-ის დასაქმებულებმაც იციან, რომ Chrome-ის ინკოგნიტო რეჟიმი სინამდვილეში არც ისეთი პრივატულია, როგორც სახელი გვეუბნება.
Chrome-ის ბრაუზერის ინკოგნიტო რეჟიმი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, დამალონ თავიანთი ბრაუზინგის ისტორია სხვა ადამიანებისგან, რომლებიც იყენებენ იმავე მოწყობილობას, თუმცა, ის არ მალავს მათ მონაცემებს იმ ვებსაიტებისგან, რომლებსაც სტუმრობენ, ან თავად Google-სგან. ამ ფუნქციის დამაბნეველი სახელის — ინკოგნიტო რეჟიმის (Incognito Mode) — გამო, კომპანიას 5 მილიარდი დოლარის ჯარიმის გადახდა ემუქრება.
როგორც Bloomberg იტყობინება, Google-ის მარკეტინგის უფროსმა ლორეინ თოჰილმა ელფოსტა გაუგზავნა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ სუნდარ პიჩაის, რომელშიც ნათქვამია, რომ საჭიროა, "ინკოგნიტო რეჟიმი ნამდვილად პრივატული გახდეს". თოჰილმა დასძინა, რომ რადგან სერვისი რეალურად არ არის პრივატული, გუგლს მოეთხოვება, გამოიყენოს ბუნდოვანი ენა, რომელმაც, მისი თქმით, შეიძლება ზიანი მიაყენოს მომხმარებელთა ნდობას კომპანიის სერვისების მიმართ.
სხვა დოკუმენტები, რომლებიც სასამართლოში წარადგინეს, აჩვენებს, რომ გუგლის თანამშრომლები აკრიტიკებდნენ სახელს ჯერ კიდევ 2018 წელს, ისევე როგორც მის ხატულას. ასევე, კვლევის მიხედვით, 460 მონაწილიდან 56,3%-ს სჯეროდა, რომ მათი ინფორმაცია კონფიდენციალურად ინახებოდა, თუკი იყენებდნენ ინკოგნიტო რეჟიმს.
როგორ უნდა შევინახოთ მონაცემები ნამდვილად პრივატულად?
თუკი მონაცემების დაცვა გსურთ, გუგლის ინკოგნიტო რეჟიმის გამოყენების ნაცვლად, გირჩევთ, VPN სერვისები გამოიყენოთ.
VPN სერვისებს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი იყენებს საკუთარი ონლაინ ლოკაციის შესაცვლელად, რათა უყურონ ისეთ კონტენტს, რომელიც მათ რეგიონში ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, VPN სერვისები ასევე გამოგადგებათ ინტერნეტის ანონიმურად და უსაფრთხოდ დასათვალიერებლად. კერძოდ, VPN თქვენს მონაცემებს საკუთარ სერვერებში ამისამართებს და შიფრავს, ვიდრე რომელიმე ვებსაიტზე გადახვიდოდეთ.
თუ თქვენ ერთ-ერთ ყველაზე პრივატულ VPN-ს იყენებთ, მაშინ არც VPN პროვაიდერი და არც ვებსაიტები, რომლებსაც თქვენ სტუმრობთ, არ ეცნობიან ისეთ მონაცემებს, როგორებიცაა: თქვენი მოწყობილობის ტიპი, მდებარეობა ან ბრაუზინგის ისტორია. VPN-ებს შეუძლიათ დაგეხმარონ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვაში საჯარო Wi-Fi ქსელებში, რაც ნიშნავს, რომ, მათი გამოყენებით, შეგიძლიათ, მშვიდად ათვალიეროთ ინტერნეტი.
კომენტარები