გადაშენებული მამონტები ბრუნდებიან — CIA გენური ინჟინერიის პროექტს დააფინანსებს
CIA აფინანსებს კვლევას, რათა აღადგინოს გადაშენებული ცხოველები, მათ შორის — მამონტი და ვეფხვის მსგავსი თილაცინი.
სარისკო კაპიტალის საინვესტიციო ფირმის, სახელწოდებით In-Q-Tel-ის, მეშვეობით, რომელსაც CIA აფინანსებს, ამერიკული სადაზვერვო სააგენტო ანაზღაურებას დაჰპირდა ტეხასის ტექნოლოგიურ კომპანია Colossal Biosciences-ს. კოლოსალის ვებსაიტის მიხედვით, კომპანიის მიზანია აღადგინოს მამონტი გენური ინჟინერიის გამოყენებით.
კოლოსალმა ასევე გამოხატა ინტერესი 1930-იან წლებში გადაშენებული თილაცინის, იგივე ტასმანიური ვეფხვისა და ფრინველი დოდოს აღდგენისა.
თავის მხრივ, CIA-ს ნაკლებად აქვს მამონტებისა და ტასმანიური ვეფხვების ხილვის გულისამაჩუყებელი მოტივები, არამედ იგი დაინტერესებულია გენური ინჟინერიის ტექნოლოგიით, რომელსაც კოლოსალი ავითარებს.
"სტრატეგიულად, ეს ნაკლებად ეხება მამონტებს და უფრო მეტად — შესაძლებლობებს", — წერენ In-Q-Tel-ის მოხელეები.
გადაშენებული ცხოველების დაბრუნება შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკად ჟღერდეს და, გარკვეულწილად, ასეც არის. 10 000 წლის წინანდელი მამონტის დაბრუნების გზა არ არსებობს, თუმცა, დნმ-ის რედაქტირების ხელსაწყოების გამოყენებით, მეცნიერებს შეუძლიათ თანამედროვე სპილოების დნმ-ის თანმიმდევრობებში სიცივისადმი მდგრადი მახასიათებლების ჩასმა, რაც მათ გენეტიკურად ამსგავსებს მამონტებს. შედეგად მიღებული არსება თავისთავად არ იქნება მამონტი, უფრო ზუსტად, იგი იქნება მარიონეტული ცხოველი, რომელიც უფრო მეტად ჰგავს სპილოს მამონტის მსგავსი მახასიათებლებით.
ამ პროცესის საფუძველია გენის რედაქტირების მეთოდი, სახელწოდებით CRISPR — გენეტიკური "მაკრატელი", რომელიც მეცნიერებს შეუძლიათ, გამოიყენონ კონკრეტული გენის თანმიმდევრობების ამოსაჭრელად, ჩასასმელად და ორგანიზმის დნმ-ში ჩასანაცვლებლად. აღსანიშნავია, რომ CRISPR-ის აღმომჩენებმა 2020 წლის ნობელის პრემია მოიპოვეს ქიმიაში.
In-Q-Tel-ის ბლოგპოსტში ნათქვამია, რომ ამ პროექტში ინვესტიცია დაეხმარება აშშ-ს მთავრობას "დაადგინოს ეთიკური და ტექნოლოგიური სტანდარტები" გენური ინჟინერიის ტექნოლოგიებისთვის და ამყოფოს აშშ ერთი ნაბიჯით წინ კონკურენტ ქვეყნებზე, რომლებსაც შეიძლება ასევე აინტერესებდეს გენეტიკური კოდის წაკითხვა, წერა და შეცვლა.
თუმცა ყველა ასე ოპტიმისტურად არ არის განწყობილი გენური ინჟინერიის გამოყენებაზე გადაშენებული ცხოველების გაცოცხლებისთვის. კრიტიკოსების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიას შეუძლია შექმნას ჯანსაღი მარიონეტული მამონტი, მამონტის ბუნებრივი ჰაბიტატი აღარ არსებობს და, თუნდაც ასე იყოს, გენეტიკური კოდი ვერ ასწავლის ცხოველს, როგორ განვითარდეს უცნობ ეკოსისტემაში. ზოგიერთი მეცნიერი ასევე ამტკიცებს, რომ გადაშენების პროექტებზე თანხის დახარჯვას ცოცხალი ცხოველების დაცვა სჯობს.
კომენტარები