შექმნეს ვიდეოთამაში, რომელიც ხანმოკლე მეხსიერებას აუმჯობესებს
მეცნიერთა გუნდმა მუსიკალურ რიტმზე დაფუძნებული ვიდეოთამაში შექმნა, რომლითაც არა მხოლოდ გართობა და დრამზე დაკვრის სწავლა, არამედ ხანმოკლე მეხსიერების გაუმჯობესებაცაა შესაძლებელი.
სპეციალისტებმა ადამიანებზე ახალი თამაშის გავლენის გამოსაკვლევად 60-დან 79 წლამდე ასაკის 47 მონაწილე შეარჩიეს და 2 ჯგუფად დაყვეს. პირველს რიტმზე დაფუძნებული თამაში Rhythmicity ერგო წილად, მეორეს კი — სიტყვების აწყობა. მათ 2 თვის განმავლობაში, კვრაში 5 დღით, დღეში 20 წუთით უნდა ეთამაშათ.
ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ჯგუფებს შორის სხვაობა ცხადი იყო: მათ, ვინც Rhythmicity-ს თამაშობდა, ვიზუალური აღქმისა და შერჩევითი ყურადღების მეშვეობით, ხანმოკლე მეხსიერება საგრძნობლად გაუუმჯობესდა, რაც მეცნიერებმა სახის ამოცნობის ტესტირებით დაადგინეს.
"ეს იმის მნიშვნელოვანი დასტურია, რომ მუსიკალური რიტმით მომზადებას შეუძლია, არამუსიკალური დავალების უკეთ შესრულებაში დაგვეხმაროს", — აცხადებენ ავტორები.
Rhythmicity მუსიკოს მაიკი ჰარტის დახმარებით შეიქმნა. მონაწილეებს რიტმი პლანშეტზე უნდა გაემეორებინათ. ტემპი, სიზუსტე და სირთულე იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ როგორ ართმევდნენ ისინი დავალებას თავს. ეს ნიშნავს, რომ თამაში ინდივიდზეა მორგებული.
ტესტირების დროს გაკეთებულმა ელექტროენცეფალოგრამამ აჩვენა. რომ ამ ადამიანებს უცნობი სახეების ამოცნობა შედარებით უადვილდებოდათ. ასევე, ტვინის ზედა პარიეტულ წილში მომატებული აქტიურობა დაფიქსირდა. ეს რეგიონი სწორედ ხანმოკლე მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი და ნოტებზე თვალის მიდევნებით დაკვრაშიც გვეხმარება.
უკანასკნელ კვლევაში ჩართული სპეციალისტებისთვის ეს პირველი ვიდეოთამაში არ ყოფილა. გასულ წლებში მათ თამაშები, სახელად NeuroRacer, Body-Brain Trainer და Labyrinth შექმნეს, რომლებიც მეხსიერებაზე, ყურადღების კონცენტრაციასა და სისხლის წნევის დარეგულირებაზე იყო კონცენტრირებული.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.
კომენტარები