მოზამთრე დათვები, შესაძლოა, დიაბეტის მკურნალობის გასაღებს წარმოადგენდნენ — როგორ
მეცნიერებმა აღმოაჩინეს რვა ძირითადი ცილა, რომელიც ხელს უწყობს გრიზლ დათვებში დიაბეტის პრევენციას.
ადამიანს დღეში ათი ათასობით კალორია რომ მიეღო და შემდეგ თვეების განმავლობაში ძალიან ცოტა ემოძრავა, მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი კატასტროფული იქნებოდა. მეცნიერებს უკვე დიდი ხანია, აინტერესებთ, რატომ არ იწვევს იგივე ქცევა გრიზლებში დიაბეტს.
ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა მოზამთრე დათვების თაფლიანი წყლით გამოკვებით აღმოაჩინეს გენეტიკური მინიშნებები იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლებენ ეს დათვები საკუთარ ინსულინის დონეს. შედეგები, რომლებიც iScience-ში გამოქვეყნდა, შეიძლება ადამიანებში დიაბეტის მკურნალობაში დაგვეხმაროს.
ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც გვხვდება ძუძუმწოვართა უმეტესობაში და რომელიც არეგულირებს ორგანიზმში შაქრის დონეს. მაგრამ თუ სისხლში ბევრი შაქარი შედის, დროთა განმავლობაში უჯრედები წყვეტენ რეაგირებას და ხდებიან რეზისტენტული ინსულინის მიმართ. ეს არის მთავარი მიზეზი მე-2 ტიპის დიაბეტისა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა, ინსულტი და სიბრმავე. დაახლოებით 10 ამერიკელიდან 1-ს, ანუ ამ ქვეყანაში დაახლოებით 37 მილიონ ადამიანს აქვს მე-2 ტიპის დიაბეტი. თუმცა, ადამიანებისგან განსხვავებით, დათვებს როგორღაც შეუძლიათ, გააკონტროლონ ინსულინის მიმართ თავიანთი რეზისტენტულობა და "ჩართონ" და "გამორთონ" ის, გადამრთველის მსგავსად.
იმის გასარკვევად, თუ როგორ, მკვლევრებმა აიღეს სისხლის შრატი ექვსი დატყვევებული, 5-დან 13 წლამდე ასაკის, გრიზლი დათვისაგან, WSU Bear Center-ის კვლევით დაწესებულებაში პულმანში, ვაშინგტონში. მათ ასევე შეაგროვეს დათვის ცხიმოვანი ქსოვილი, რომელსაც იყენებდნენ უჯრედული კულტურების გასაზრდელად ლაბორატორიაში.
ეს ექსპერიმენტი დაეხმარა გუნდს, გაერკვია დათვების საიდუმლოება თავიანთი ინსულინის კონტროლისთვის. მათ აღმოაჩინეს რვა ძირითადი ცილა, რომლებსაც, როგორც ჩანს, უნიკალური როლი აქვთ დათვის ბიოლოგიაში და მუშაობენ დამოუკიდებლად ან ერთად ინსულინის რეგულირებისთვის გამოზამთრების დროს.
გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები გენების უმეტესობას იზიარებენ დათვებთან, ამ რვა ცილის როლის გაგებამ შეიძლება მეცნიერებს მეტი ასწავლოს ადამიანის ინსულინის რეზისტენტულობის შესახებ.
შემოდგომის სეზონზე დათვები დღეში 20 000-მდე კალორიას იღებენ და ყოველდღიურად 3,6 კილოგრამს იმატებენ, რათა მომავალი ზამთრისთვის მოემზადონ. როდესაც ისინი ზამთრის დასაწყისში იწყებენ ჰიბერნაციას, ცივი თვეების განმავლობაში დაგროვილ ცხიმს ეყრდნობიან.
"ჰიბერნაცია ღრმა ძილზე მეტია", — ამბობს პერი. "ბევრი ფიზიოლოგიური ცვლილება საშუალებას აძლევს დათვებს, რომ გრძელ ზამთარს საკვების გარეშე გადაურჩნენ." მათი მეტაბოლური სიხშირე, გულისცემა და სხეულის ტემპერატურა მცირდება და ისინი ინსულინ-რეზისტენტულები ხდებიან.
მოზამთრე დათვები განიცდიან სიფხიზლის პერიოდებს, რომლის დროსაც ისინი მოძრაობენ, მაგრამ არ ჭამენ. როდესაც საკვლევმა დათვებმა გაიღვიძეს, მეცნიერთა ჯგუფი ორი კვირის განმავლობაში კვებავდა მათ თაფლიანი წყლით, შემდეგ კი აგროვებდა მათ სისხლს. გუნდს გაზაფხულსა და ზაფხულში უკვე აღებული ჰქონდა სისხლის სინჯები იმავე დათვებისგან.
შემდეგ, ლაბორატორიაში მკვლევრებმა გააერთიანეს სხვადასხვა სისხლის შრატი სხვადასხვა ტიპის უჯრედულ კულტურებთან — მაგალითად, მათ შეურიეს უჯრედული კულტურა ჰიბერნაციაში მყოფი დათვისაგან აღებული ცხიმოვანი ქსოვილიდან აქტიური დათვისაგან აღებული სისხლის შრატთან. ამან გუნდს საშუალება მისცა დაენახა, რა გენეტიკური ცვლილებები მოხდებოდა უჯრედებში.
ყველა შესწავლილი კომბინაციიდან, თაფლით ნაკვები ჰიბერნაციაში მყოფი დათვებისგან მიღებული შრატი ყველაზე მეტად დაეხმარა იმ რვა ძირითადი ცილის გარკვევას, რომლებიც მონაწილეობენ ინსულინის მგრძნობელობისა და რეზისტენტულობის რეგულირებაში.
მაიკ სავაიასთვის, Sinopah Wildlife Research Associates-ის დათვების ბიოლოგისთვის, რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში, ამ "მომხიბლავი კვლევის" მთავარი მნიშვნელობა დევს იმაში, თუ რა გავლენას იქონიებს მისი შედეგები ადამიანის ჯანმრთელობაზე:
"ამ რვა ცილის იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ისევე, როგორც იმის ზუსტად დადგენა, თუ რა ირთვება და გამოირთვება, როცა დათვი ცვლის თავის ინსულინის მიმართ რეზისტენტულობას."
კვლევის შედეგებს შეუძლია, დიაბეტის პრევენციასთან კიდევ ერთი ნაბიჯით მიგვაახლოვოს. ამისათვის კი, გუნდი იმედოვნებს, რომ მომავალ კვლევებში შეძლებენ იმის ზუსტად გარკვევას, თუ როგორ თიშავს ეს კონკრეტული ცილები დათვებში ინსულინის მიმართ რეზისტენტულობას.
კომენტარები