რატომ ვბაძავთ სხვა ადამიანებს საუბრისას — კონვერგენციის ძალა
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი რანაირად ისაუბრებ
შეგიმჩნევიათ ოდესმე, რომ ოდნავ განსხვავებულად იწყებთ საუბარს, როდესაც უსმენთ ადამიანს, ვინც თქვენგან განსხვავებულად საუბრობს? ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამის საილუსტრაციოდ, ალბათ, გურიაში დასასვენებლად წასული თბილისელი ბავშვია, რომელიც თბილისში კი ბრუნდება, მაგრამ უკვე გურულ დიალექტზე საუბრობს.
ლინგვისტიკაში ამ ფენომენს "ლინგვისტიკურ კონვერგენციას" უწოდებენ და ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც გექნებოდათ მსგავსი გამოცდილება.
ადამიანები მიდრეკილნი არიან მათ გარშემო არსებულ ენას მიჰბაძონ — ისინი ჰბაძავენ სხვების სიტყვათა შერჩევას, წინადადების სტრუქტურასა და გამოთქმებსაც კი.
პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტი ლეისი ვადე დაიტერესდა — შეუძლიათ, ადამიანებს მიჰბაძონ ენას, საუბარს, რომელიც არ მოუსმენიათ, მაგრამ რაღაც მოლოდინები, წარმოდგენა აქვთ მასზე?
3-წლიანი ექსპერიმენტის შემდეგ მან აკადემიურ ჟურნალ Language-ში გამოაქვეყნა საკუთარი დისერტაცია, რომლშიც ამტკიცებს, რომ ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ ეს.
ზუსტად რა არის კონვერგენცია?
სანამ უშუალოდ ექსპერიმენტის შედეგებზე გადავიდოდეთ, მოდით, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის კონვერგენცია და როგორ არის ის დაკავშირებული საუბრის, ლაპარაკის ისეთ მორგებებთან, როგორიცაა კოდის გადართვა, რაც გულისხმობს ენების ცვლას და სტილის შეცვლას, რაც სიტუაციის მიხედვით სხვადასხვა ენობრივი თავისებურების გამოყენებას მოიცავს.
კონვერგენცია გულისხმობს ადამიანთა მიერ საკუთარი საუბრის იმგვარად შეცვლას, რომ ის მათი გარშემომყოფებისას დაემსავსოს. ეს საკმაოდ ფართო კონცეფციაა და გულისხმობს როგორც ენის განზრახ, ისე გაუცნობიერებელ შეცვლას, დიდ და უმნიშვნელო ცვლილებას, მორგებას კონკრეტულ დიალექტზე ან ლინგვისტიკურ თავისებურებაზე.
კოდის გადართვა ან სტილის შეცვლა — ორივე შეიძლება, კონვერგენციის მაგალითად ჩაითვალოს, რამდენადაც საუბრის მანერა ემსგავსება იმისას, ვისაც ვესაუბრებით. თუ პირიქით ხდება და შორდება ჩვენი მანერა, ამას დივერგენცია ეწოდება.
კონვერგენცია სხვადასხვა მიზეზით თუ მიზნით ხდება. თქვენ შეიძლება უფრო თავისუფლად ისაუბროთ საკუთარ მეგობრებთან და გამოიყენოთ თქვენი წრის საუბრისთვის დამახასიათებელი წინადადებების წყობა, ლექსიკა, თუმცა იმავეს არ იზამთ, თუ, პირობითად, სამსახურის ინტერვიუზე დაგიძახებენ.
მოლოდინები საკმარისია, რომ საუბრის მანერა, სტილი შეიცვალოს?
ამის გასარკვევად დოქტორანტმა აიღო კონკრეტული მაგალითი — აშშ-ში სამხრეთული ინგლისურის გამოთქმები ჩრდილოურისგან ოდნავ განსხვავდება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით მან აიღო კონკრეტული ხმოვანი (ინგლისურში I "აი"), რომლის გამოთქმაც სამხრეთელებს განსაკუთრებული აქვთ. ცდისპირებს სამხრეთული გამოთქმით მოასმენინეს რამდნეიმე სიტყვა; არც ერთ მათგანში არ იყო ავტორისთვის საინტერესო ხმოვანი ("აი") გაჟღერებული, თუმცა შემდეგ, როდესაც მათ სიტყვები წააკითხეს, ცდის პირებმა სამხრეთული გამოთქმით წაიკითხეს ის სიტყვებიც, რომლებშიც ეს ხმოვანი შედიოდია. მათ, საკუთარ მოლოდინებზე დაყრდნობით, შეცვალეს საუბრის სტილი, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ მოსმენილი, თუ როგორ წარმოთქვამს საკუთრივ ექსპერიმენტის მოდერატორი ამ ხმოვანს და სიტყვებს, რომლებიც ამ ხმოვანს შეიცავს.
ეს იყო ძალიან ნათელი მაგალითი, რომ ადამიანები საკუთარი საუბრის სტილს ცვლიან არა მარტო იმის მიხედვით, რას უსმენენ, არამედ იმის მიხედვითაც, თუ რა მოლოდინები აქვთ.
რას ამბობს ეს ადამიანის ქცევაზე?
პირველ რიგში იმას, რომ ადამიანები აქცენტებს სხვადასხვა ენობრივი თავისებურებების კოლექციად აღიქვამენ. როდესაც უსმენენ აქცენტის X და Y თავისებურებებს, აპრიორ Z თავისებურებასაც ელიან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პასიური ცოდნა — ამ ცოდნას თქვენი საუბრის შეცვლაც შეუძლია.
მაშ, რატომ ხდება ასე? და როგორ აღიქვამს ამას ადამიანი, რომლის საუბარსაც ჰბაძავთ?
აუცილებელია, აღინიშნოს, რომ კონვერგენცია უმეტესწილად მცირეა და ამას თავისი მიზეზი აქვს. გადაჭარბებული მიბაძვა ასე მარტივად და სწრაფად არ ხდება და მეორე პირის მიერ შეიძლება დაცინვად იყოს აღქმული.
ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც მოხუც ადამიანს ესაუბრებიან, ხმას უწევენ, ნელა საუბრობენ და ლაპარაკის მეტად მარტივ სტილს იყენებენ. ამ შემთხვევაში ვარაუდები დაფუძნებულია მეორე პირის ლიმიტირებულ შესაძლებლობებზე, რომ გაგიგოს. ამას შეიძლება, სოცილაური შედეგები მოჰყვეს — მოხუცმა გაბრაზებულად მოგმართოს, თუ რატომ ესაუბრები, თითქოს ბავშვი იყოს. სხვა შემთხვევებში კონვერგენცია გეხმარებათ, რომ გარემოს მეტად მოერგოთ, გარშემომყოფებმა თავისიანად მიგიღონ და მათთან წარმატებული კომუნიკაცია დაამყაროთ. ამიტომ თუ მოლოდინები სწორია, მეტად რეალურ ფაქტებზე, მოცემულობაზეა დაფუძნებული და არა სტერეოტიპებზე, მაშინ სოციალური ბენეფიტებიც ბევრია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც კონვერგენციას მიმართავენ, ამას განზრახ აკეთებენ; ზოგიერთი მაგალითით, კონვერგენცია ზუსტადაც გაუცნობიერებლად ხდება.
იმის და მიუხედავად, რა მიზნით თუ მიზეზით ხდება კონვერგენცია, აშკარაა, რომ ჩვენი წარმოდგენა სხვა ადამიანებზე განსაზღვრავს ენას, რომელსაც ჩვენ მათთან საუბრისას ვიყენებთ.
კომენტარები