ჯეიმს ვების ტელესკოპმა არშემდგარი ვარსკვლავის ატმოსფეროში სილიკატების ღრუბლები დააფიქსირა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენგან 72 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ყავისფერი ჯუჯის ატმოსფეროში სილიკატების ღრუბლები დააფიქსირა. მეცნიერთა საერთაშორისო გუნდის ინფორმაციით, ეს პირველი მსგავსი პრეცედენტია.
ესაა სუბვარსკვლავი, ობიექტი, რომელსაც წყალბადის ბირთვული სინთეზისთვის მასა არ ჰყოფნის, რის გამოც სტანდარტულ მნათობად არ მიიჩნევა, ხოლო აირის გიგანტ ეგზოპლანეტებთან შედარებით, ზედმეტად მასიურია. ამის მიუხედავად, მათში დეიტერიუმი სინთეზირდება, რომელიც პროტონისგან და ნეიტრონისგან შემდგარი მძიმე წყალბადია.
ამ პროცესისთვის ბევრად ნაკლები წნევა და ტემპერატურაა დამახასიათებელი, ვიდრე ვარსკვლავების შემთხვევაში, მაგრამ ეს საკმარისია, რომ ყავისფერ ჯუჯებში სინათლე და სითბო გამოიყოს, რაც ეგზოპლანეტებში არ ხდება. ასეთ ინფრაწითელ გამოსხივებას კი სწორედ მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორია აღიქვამს.
ვებმა მსგავსი ობიექტის ყველაზე მკაფიო სპექტრული მონაცემები მოიპოვა, რაც მათ უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. მის მიერ გამოკვლეული სუბვარსკვლავი VHS 1256-1257 b გახლავთ, რომელიც იუპიტერზე 19-ჯერ მასიურია, ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და მოწითალო შეფერილობის ატმოსფერო აქვს.
ამის მიზეზად ყავისფერი ჯუჯების ღრუბლები მიიჩნეოდა, ამიტომ სპეციალისტებმა ვების დახმარებით VHS 1256-1257 b-ის შემადგენლობაზე დაკვირვება გადაწყვიტეს. სხვადასხვა ელემენტი სინათლეს თავისებურად შთანთქავს და ირეკლავს, ამიტომ მათი გამოვლენა სწორედ სპექტრული ინფორმაციის გაანალიზების გზითაა შესაძლებელი.
ტელესკოპმა იქ წყლის, მეთანის, ნახშირბადის მონოქსიდის, ნატრიუმისა და კალიუმის კვალს მიაგნო, რომელთაგანაც მესამე ასე მკაფიოდ აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. რაც მთავარია, ატმოსფეროს სქელ ფენაში მიკვლეულია სილიკატების ნაწილაკებისგან შედგენილი ღრუბლები, რომლებიც სუბმიკრომეტრი ზომის მარცვლებს შეიცავს. ეს, სავარაუდოდ, ისეთი მინერალებია, როგორიცაა ფორსტერიტი, ენსტატიტი, კვარცი და სხვა.
ასეთი ღრუბლები შესაძლოა, მსგავსი ობიექტების სიკაშკაშის ცვლილებას განაპირობებდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებაა. ავტორთა ნაშრომი სამეცნიერო პორტალ arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები