მეცნიერებმა თაგვებს 2 თვის განმავლობაში ტკბილი გამაგრილებელი სასმელი ასვეს და, აი, რა მოხდა
დღესდღეობით კოლაზე დაფუძნებულ ტკბილ გამაგრილებელ სასმელებს (კოკა-კოლა, პეპსი და ა.შ.) ბევრი ჩვენგანის რაციონში ადგილი მყარად აქვს დამკვიდრებული, თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ მათი ხშირად დალევა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნამდვილად არაა. ეს იმიტომ, რომ ასეთ პროდუქტებში დიდი რაოდენობით შაქარი ან შაქრის შემცვლელია, რომელთა მიღებაც დიაბეტის, გულის დაავადებების, კბილების დაშლის, ღვიძლის პრობლემებისა და სხვა გართულებების რისკს შეიცავს.
ახალი კვლევის მიხედვით, ეს ყველაფერი არაა. ორგანიზმზე მსგავსი სასმელების გავლენის დასადგენად მეცნიერებმა ექსპერიმენტი 3 ასაკობრივი ჯგუფის თაგვებზე ჩაატარეს, კერძოდ, 2 თვის, 8 თვისა და 14 თვის მღრღნელებზე. მათ ერთ ნაწილს წყალთან ერთად კოლასაც აძლევდნენ, სხვები კი მხოლოდ წყალს სვამდნენ.
57 დღის შემდეგ სპეციალისტებმა ცხოველებს ქცევითი ტესტი ჩაუტარეს, რომელიც ლაბირინთში გზის გაგნებას მოიცავდა. აღმოჩნდა, რომ პირველ ჯგუფში შემავალ ცდისპირებში, განსაკუთრებით 2 და 8 თვის თაგვებში, მეხსიერება გაუარესებული იყო, ხოლო კოგნიტიური ფუნქციები — დაქვეითებული.
აქედან 10 დღეში მეცნიერებმა მღრღნელები დააძინეს, რათა ტვინის ცვლილებებიც შეესწავლათ. ავტორები აღნიშნავენ, რომ იმავე ჯგუფის წარმომადგენლებში ტვინის შუბლის წილი, რომელიც მენტალურ ფუნქციებს აკონტროლებს, დაზიანებული იყო ისევე, როგორც ჰიპოკამპუსი, რომელიც მეხსიერებასა და სწავლის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ადამიანებში ტვინის ამ ნაწილების დაზიანება პიროვნულ ცვლილებებს, ზედმეტ იმპულსურობას, შფოთვას, დეპრესიას, ბიპოლარულ აშლილობას, შიზოფრენიასა და სხვა პრობლემებს უკავშირდება. აქვე უნდა ითქვას, რომ კვლევა გრძელვადიან პერიოდში გამაგრილებელი სასმელების ყოველდღიურ მოხმარებას გულისხმობდა, თანაც უფრო ასაკიანი თაგვების შემთხვევაში უარყოფითი გავლენა ნაკლებად გამოვლინდა.
ცხადია და მკვლევრებიც ამბობენ, რომ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი ადამიანებზე პირდაპირ არ უნდა გადმოვიტანოთ, თუმცა ზემოხსენებული პროდუქტების მავნებლობა მაინც ცალსახაა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Experimental Gerontology გამოქვეყნდა.
კომენტარები