მთვარის მისია Artemis 1-ის ფარგლებში, ღრმა კოსმოსში მიკროორგანიზმებს გაგზავნიან
მიმდინარე თვის ბოლოს NASA მთვარეზე უეკიპაჟო საცდელ მისია Artemis 1-ს განახორციელებს, რომელიც პროგრამა არტემისის მნიშვნელოვანი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ ეს რაკეტა Space Launch System-სთვის პირველი ფრენა იქნება. მას კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვებენ, აპარატში კი პაწაწინა მგზავრებიც იქნებიან.
საუბარია საფუარ სოკოებზე, ერთუჯრედიან მიკროორგანიზმებზე, რომლებიც ღრმა კოსმოსში ხანგრძლივ ბიოლოგიურ ექსპერიმენტში, სახელად BioSentinel მიიღებენ მონაწილეობას. ისინი კუბსატის ტიპის მცირე ზომის თანამგზავრში იქნებიან მოთავსებულნი. ეს მისია დაგვეხმარება გავიგოთ, როგორი გავლენა აქვს კოსმოსის რადიაციას სიცოცხლის ფორმებზე.
მსგავსი რისკების შეფასება აუცილებელია, რადგან ადამიანები პლანეტათაშორის მოგზაურობას გეგმავენ (პირველ ჯერზე, მარსზე), უსაფრთხოება კი ყველაზე მნიშვნელოვანია.
Space Launch Systems მინიატიურულ სატელიტს კოსმოსში გამოათავისუფლებს. ეს უკანასკნელი დედამიწა-მთვარის სისტემის მიღმა გადაინაცვლებს, რეგიონში, სადაც მიკროორგანიზმები და, მითუმეტეს, ასტრონავტები აქამდე არასდროს ყოფილან. თანამგზავრი 6 თვის განმავლობაში მზის გარშემო ორბიტაზე იმოძრავებს არეალში, სადაც დედამიწის მაგნიტური ველი აღარ ვრცელდება.
უნდა ითქვას, რომ მიკროორგანიზმებს მეცნიერები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც იკვლევენ, თუმცა ამ ლაბორატორიას მავნე გამოსხივებისგან ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი იცავს. სწორედ ამიტომ, იქ ასტრონავტების გაშვება შედარებით უსაფრთხოა, რასაც ვერ ვიტყვით შორეულ მისიებზე, რომლებიც სამომავლოდ იგეგმება.
კომენტარები