"თუ მხედავ, იტირე" — მდინარეთა დაშრობის შედეგად ევროპაში "შიმშილის ქვები" გამოჩნდა
ევროპაში ინტენსიური გვალვა და მაღალი ტემპერატურა მდინარეებს აშრობს, შედეგად კი მათ ნაპირებზე საუკუნეების წინ ამოკაწრული ლოდები ჩნდება. დატანილი წარწერები მომავალი თაობებისათვის მოსალოდნელი გასაჭირის შეტყობინებას ემსახურება.
The Miami Herald-ის უწყებით, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ საუკუნეების წინანდელი ლოდები, ე.წ. "შიმშილის ქვები", წინა კვირას მას შემდეგ გამოჩნდა ხელახლა, რაც გვალვამ ევროპაში მდინარეები დააშრო.
ერთ-ერთი ასეთი ლოდი მდინარე ელბის ნაპირას შენიშნეს, გერმანიაში. იგი 1616 წლით თარიღდება და ზედ გერმანული წარწერა აქვს: "Wenn du mich seehst, dann weine" — "თუ მხედავ, იტირე".
2013 წელს ლოდები ჩეხმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს. წარწერათა ავტორების ვინაობა უცნობია, თუმცა ისინი ძირითადად გაფრთხილებებია გვალვის შედეგების შესახებ.
"ნათქვამია, რომ გვალვამ ცუდი მოსავალი, საკვების ნაკლებობა, ფასების ზრდა და ღარიბთა შიმშილობა მოიტანა", — წერენ მკვლევრები — "1900-ამდე ქვაზე შემდეგი წლების გვალვებია აღნიშნული: 1417, 1616, 1707, 1746, 1790, 1800, 1811, 1830, 1842, 1868, 1892 და 1893."
NPR-ის ცნობით, ქვები ბოლოს 2018 წლის გვალვისას გამოჩნდა, თუმცა ანდრეა ტორეტის, ევროპული კომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (JRC) მკვლევარს, თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, ეს ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი გვალვა იყოს, რომელიც კი ევროპას დასტყდომია თავს.
9 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბოლო 500 წლის განმავლობაში არც ერთი მოვლენა არ ჰგავდა 2018 წლის გვალვას, თუმცა, მისი აზრით, წლევანდელი კიდევ უარესია. ძალიან დიდია რისკი იმისა, რომ მომავალი სამი თვის განმავლობაში სიმშრალე გაგრძელდება.
არაერთი კვლევა მოწმობს, რომ ხშირი და ინტენსიური გვალვა კლიმატის ცვლილების შედეგია — გლობალური ტემპერატურის ზრდა ნალექწარმოქმნას ცვლის და აორთქლების გაძლიერებას იწვევს. ამასთანავე, გვალვის ევროპულ ობსერვატორიას თუ დავეყრდნობით, კონტინენტის 47%-ის ნიადაგში ტენის ნაკლებობა შეიმჩნევა, 17%-ის შემთხვევაში კი მცენარეთა ზრდას საფრთხე ემუქრება.
კომენტარები