შექმნეს თვალის რქოვანას იმპლანტი, რომელმაც მხედველობა 20 პაციენტს აღუდგინა
მეცნიერებმა ღორის კანის შემადგენელი, მშრალად გაყინული კოლაგენის გამოყენებით შექმნეს თვალის რქოვანას იმპლანტი, რომლის მეშვეობითაც მხედველობა 20 პაციენტს აღუდგინეს, რაც იმედის მომცემი შედეგია.
ამ ინოვაციური მეთოდის გამოსაცდელად, სპეციალისტებმა ექსპერიმენტის ფარგლებში იმპლანტი მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების თვალებში გადანერგეს. მათ შორის 14 "ლეგალურად უსინათლო" იყო, რაც სრული უსინათლობისგან განსხვავდება და სათვალის ან კონტაქტური ლინზების დახმარებით ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას ჯერ კიდევ იძლევა.
პროცედურიდან 24 თვის განმავლობაში ცდისპირებში რაიმე მწვავე უკუჩვენება არ დაფიქსირებულა, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდგომ დადებითი შედეგი ყველა მათგანში გამოვლინდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნამდვილი რქოვანას ეპითელურ უჯრედებთან ხელოვნური იმპლანტის შეერთებამ მათი ზრდა და გამჭვირვალედ გადაქცევა განაპირობა, რაც იმპლანტაციიდან მხოლოდ 2 კვირაში მოხდა.
ექსპერიმენტში სხვა, დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომელთა მიზანიც იმპლანტების სტერილურობის უზრუნველყოფა გახლდათ. მათ აღმოაჩინეს, რომ ღორის კოლაგენისგან დამზადებული რქოვანა დონორის რქოვანაზე დიდხანს ინახება (მინიმუმ 2 წელი). ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ტექნოლოგია დანერგვის შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმიდან ამოღებულ თვალის ქსოვილზე დამოკიდებულებას შეამსუბუქებს და მის ალტერნატივას შემოგვთავაზებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი იმპლანტები ნებისმიერ ადგილზე შეიძლება გაიგზავნოს პოციენტებთან, რომელთაც ისინი სჭირდებათ, გამოყენებამდე კი მაცივარში მოთავდეს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Biotechnology გამოქვეყნდა.
კომენტარები