რომელია ყველაზე პოპულარული ფერი მსოფლიოში?
ვარდი წითელია, ია ლურჯია და მათ შორის არის ფერების უამრავი გრადაცია. მაგრამ რომელია ამ ფერებიდან, სტატისტიკურად ყველაზე პოპულარული მთელ მსოფლიოში?
კვლევების მიხედვით, კაცობრიობის საყვარელი ფერი მუდმივი არ არის, ის იცვლება. YouGov-ის 2015 წლის გამოკითხვამ დაადგინა, რომ ლურჯი ყველაზე პოპულარული ფერი იყო მსოფლიოში. ამავდროულად, 2017 წელს, 100 ქვეყანაში 30 000 ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ღრმა ჩაისფერი ყველაზე პოპულარული ფერია. პასუხი, როგორც ჩანს, განსხვავდება წლებისა და შერჩეული მოსახლეობის მიხედვით.
ფერთა პრეფერენციებზე კულტურა დიდ გავლენას ახდენს. მაგალითად, 2019 წლის კვლევამ ჟურნალში Perception შეადარა ხალხის საყვარელი ფერები პოლონურ, პაპუასა და ჰადზას კულტურებში. (ჰაზდა არის მონადირე-შემგროვებელი ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს ტანზანიაში.) სასურველი ფერები ფართოდ განსხვავდებოდა ამ კულტურებს შორის.
ერთსა და იმავე კულტურაშიც კი, ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ და სოციალიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ამა თუ იმ ფერის მიმართ სიმპათია. მაგალითად, თანამედროვე დასავლურ კულტურაში ლურჯი ტრადიციულად ასოცირდება ბიჭებთან, ხოლო ვარდისფერი ითვლება "გოგოს ფერად".
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ 2013 წელს ჟურნალ Archives of Sexual Behavior-ში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც გამოკითხული იყო 749 ამერიკელი მშობელი, დაადგინა, რომ კაცები უპირატესობას ანიჭებენ ლურჯს, ქალები კი წითელს, იასამნისფერსა და ვარდისფერს.
ეს გენდერული განსხვავებები შვილების ფაქტორთანაც აღმოჩნდა დაკავშირებული. კაცები, რომლებსაც მხოლოდ ვაჟები ჰყავდათ, უფრო მეტად ამჯობინებდნენ ლურჯს, ვიდრე ის მამები, რომლებსაც გოგოები ჰყავდათ.
ამავდროულად, საზოგადოებები, რომლებიც თანასწორუფლებიანები არიან, ფერების მხრივაც დიდად არ განსხვავდებიან. მათ შემთხვევაში საყვარელი ფერების მიმართ გენდერული მიკერძოებულობა შედარებით იკლებს.
თუმცა, ფერების აღქმა და კატეგორიზაცია საკმაოდ უნივერსალურია. 1970-იანი წლების ბოლოს მკვლევრებმა ჩაატარეს ფერების ტერმინების წარმოუდგენლად ფართო კვლევა მსოფლიოს 110 ენის ფარგლებში. მიზანი იყო ამერიკელი ლინგვისტის ბენჯამინ ლი უორფის მიერ MIT Technology Review-ში გამოთქმული ჰიპოთეზის შემოწმება, რომ "ჩვენ აღვიქვამთ ბუნებას ჩვენი მშობლიური ენის მიხედვით. და რომ, ენა არ არის უბრალოდ სიტყვების გადმოსაცემად, არამედ მისი განმსაზღვრელი ჩარჩოა". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ენა აყალიბებს რეალობის აღქმას.
თუმცა, კვლევამ სხვა რაღაცა აღმოაჩინა. შედეგად დადგინდა, რომ კულტურებში ადამიანები მსგავსად ასახელებდნენ ფერებს. მაგალითად, თუ ადამიანებს აჩვენებთ სხვადასხვა ფერებს, რომლებიც ინგლისურად არის დაჯგუფებული "ლურჯთან", დიდი შანსია, რომ ტაგალოურ, თურქულ ან ტაჯიკურ ენებზე, ეს იგივე ფერები აღწერილი იქნას სიტყვით, რომელიც უხეშად ითარგმნება როგორც "ლურჯი". კვლევამ აჩვენა, რომ კულტურებში ძირითად ფერებს მსგავსად აღიქვამდნენ და მათ ვერბალიზაციასაც შესაბამისად ახდენდნენ: საუბარია წითელზე, ლურჯზე, ყვითელსა და მწვანეზე. იგივე "დამთხვევები" იყო ფერების გრადაციებშიც.
დასასრულს, შეკითხვაზე, თუ რომელია ყველაზე პოპულარული ფერი, როგორც ვხედავთ კონკრეტული პასუხი არ არსებობს. მათი აღქმა შეიძლება იგივე რჩებოდეს, მაგრამ პოპულარობა დროსა და გარემო პირობებზეა დამოკიდებული, ისევე როგორც სოციუმზე.
კომენტარები