ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც 22 წევრი სახელმწიფოა. ამ კუალიციიდან გამომდინარე და შესაბამისი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსების კოორდინირებით მას შეუძლია განახორციელოს პროგრამები, რომლებიც სცილდება რომელიმე ცალკეული ევროპული ქვეყნის შესაძლებლობებს.

ESA-ს ამოცანაა, როგორც სახელი გვეუბნება, კოსმოსის ათვისება და შესაბამისი მისიები. ეს პრგრამები მოიცავს დედამიწას და მის უშუალო კოსმოსურ გარემოს, მზის სისტემას, თანამგზავრებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს. ეს ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს მის ფარგლებს გარეთ მყოფ კოსმოსურ ორგანიზაციებთან.

ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ აპრილში სააგენტომ რუსეთთან თანამშრომლობა გაწყვიტა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ის რუსეთის მთვარის პროგრამის ფარგლებში აგრესორ ქვეყანასთან აღარ ითანამშრომლებს.

ასევე: კოსმოსშიც მარტო — ევროპა რუსეთთან მთვარის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობას წყვეტს

ქვეყნები

ქვეყნები, რომლებიც ევროპულ კოსმოსურ სააგენტოში გვხვდება შემდეგია: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, უნგრეთი და პოლონეთი.

თავის მხრივ, ESA-ს შტაბ-ბინა პარიზშია, სადაც მიიღება მთავარი გადაწყვეტილებები. თუმცა, ორგანიზაციას აქვს ცენტრები ევროპის სხვადასხვა ქალაქებშიც.

ESA-ში დაახლოებით 2200 თანამშრომელია და ისინი ყველა წევრი ქვეყნიდან არიან. ესენი არიან მეცნიერები, ინჟინრები საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები და ადმინისტრაციული პერსონალი.

დაფინანსება და ბიუჯეტი

ESA-ს საქმიანობა (კოსმოსური მეცნიერების პროგრამები და ზოგადი ბიუჯეტი) ფინანსდება სააგენტოს ყველა წევრი სახელმწიფოს ფინანსური შენატანით, რომელიც გამოითვლება თითოეული ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტის შესაბამისად. გარდა ამისა, ESA ახორციელებს არაერთ არჩევით პროგრამას. თითოეული წევრი სახელმწიფო წყვეტს, რომელ არასავალდებულო პროგრამაში სურს მონაწილეობა და რა სახსრების გაღება აქვს გადაწყვეტილი.

რაც შეეხება საერთო ბიუჯეტს, ორგანიზაციას 7 მილიარდ ევროიანი ბიუჯეტი აქვს. ამ მხრივ თითო მოსახლეს, საკმაოდ ცოტა გასავალი აქვს, დაახლოებით კინოთეატრის ერთი ბილეთის ფასი. აშშ-ს შემთხვევაში ეს ოთხჯერ მეტია.

წარმომავლობა

ევროპამ კოსმოსური სააგენტოს შექმნაზე ფიქრი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო. 1945-დან 1950 წლამდე ევროპას მეცნიერები ტოვებდნენ და შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირში შესაძლებლობებს ეძებდნენ. იქ ისინი რაკეტების ტექნოლოგიაზე მუშაობდნენ რამაც მოგვიანებით კოსმოსურ რბოლას დაუდო საფუძველი.

1958 წელს, ორმა გამოჩენილმა ევროპელმა მეცნიერმა — პიერ ოჟერმა და ედოარდო ამალდიმ — ევროპულ მთავრობებს მოუწოდეს გაერთიანებულიყვნენ და შეექმნათ ერთობლივი ორგანიზაცია, რომელიც CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) მსგავსი იქნებოდა.

1964 წლიდან ევროპულ კოსმოსურ სააგენტოს საფუძველი ჩაეყარა. უკვე 1975 წელს ევროპული კოსმოსური სააგენტო დაფუძნდა ESRO-სა და ELDO-ს შერწყმის შედეგად, 10 დამფუძნებელი წევრი ქვეყნის მონაწილეობით. მისი პირველი თანამგზავრული მისია იყო Cos-B, რომელიც სწავლობდა გამა-სხივებს კოსმოსში

დღეს ESA-ს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც საბჭო ირჩევს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. თითოეულ ცალკეულ კვლევით სექტორს ჰყავს საკუთარი დირექტორატი და უშუალოდ ექვემდებარება გენერალურ დირექტორს.