რატომაა გაფანტული სკლეროზის დროული მკურნალობა მნიშვნელოვანი?
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც მთავარ დარტყმას ნერვულ სისტემას აყენებს. კერძოდ, ამ დროს ნეირონების ერთგვარი საფარველი, რომელიც მიელინის გარსის სახელითაა ცნობილი, ზიანდება. შედეგად, ანთება ვითარდება, რაც სიმპტომებს ედება საფუძვლად.
დაავადების ნიშნები შესაძლოა, ამა თუ იმ პაციენტში, სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია დაღლილობა, გაშეშება, კუნთების დაჭიმულობა, მხედველობის დარღვევა, მოძრაობის გაძნელება და კოგნიტიური ცვლილებები. ასევე, მისთვის დამახასიათებელია მდგომარეობის პერიოდული გაუარესებაც, რაც გაფანტული სკლეროზის გამწვავებას უწყობს ხელს.
სამწუხაროდ, ეს ქრონიკული დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ იკურნება. სამაგიეროდ, არსებობს უამრავი მედიკამენტი, რომელიც სიმპტომებს ებრძვის და მდგომარეობის გაუარესების პროცესს ანელებს. ასეთი პრეპარატების ერთ-ერთი ჯგუფი დაავადების მოდიფიცირებად თერაპიებში (DMT) გამოიყენება და მკურნალობაში მათი დროული ჩართვა ძალზე ეფექტიანია.
DMT-ს როლი გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში
DMT-ის ტიპში შემავალი მედიკამენტები, პირველ რიგში, სწორედ ანთებას ებრძვის, რაც შეტევების რაოდენობასა და სიმწვავეს ამცირებს. მხოლოდ აშშ-ში მათი გამოყენება 1990-იანი წლებიდანაა ნებადართული, რაც უამრავ პრეპარატზე ვრცელდება. ეს შესაძლებლობას გაძლევთ, თქვენი მდგომარეობისთვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებები შეარჩიოთ, რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციით.
დროული მკურნალობა ისეთ პრობლემებს აგაცილებთ თავიდან, როგორიც მოძრაობის გართულებაა. ეს სტატისტიკურადაც დასტურდება. მაგალითად, DMT-მდე პაციენტთა 80 პროცენტს 65 წლის ასაკისთვის უკვე დამხმარე მოწყობილობა ან ნივთი სჭირდებოდა, როგორიც ხელჯოხია, თუმცა ახლა ეს მაჩვენებელი მხოლოდ 20 პროცენტს შეადგენს.
რატომ უნდა დაიწყოთ მკურნალობა მაქსიმალურად ადრე?
გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობის შეძლებისდაგვარად ადრე დაწყება იდეალურია. იქიდან გამომდინარე, რომ ანთებასთან გვაქვს საქმე, დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დაავადების აქტივობას, ასევე, სხვადასხვა გართულების რისკს ამცირებს.
ამას ერთ-ერთი კვლევაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც ადრეული მკურნალობა ყველაზე ეფექტიანია. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თერაპიის ხანგრძლივობაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.
რატომაა მნიშვნელოვანი ხანგრძლივი თერაპია?
ჩვენს ჯანმრთელობაზე DMT-ის თუნდაც მცირეხნიანი გამოყენების დადებითი გავლენის შესახებ ცნობილია, მაგრამ ხანგრძლივი თერაპია უფრო იმედისმომცემია. გამოცემაში Multiple Sclerosis გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ეს დაავადების პროგრესირების შენელების მხრივ განსაკუთრებულად შედეგიანია.
რაც მთავარია, მსგავსი პრეპარატები უსაფრთხოა მაშინაც კი, თუ მათ დიდი ხნის განმავლობაში მოიხმართ. ამის მიუხედავად, მედიკამენტების შერჩევა სპეციალისტს უნდა მიანდოთ, რათა მოსალოდნელი უკუჩვენებები და სხვა დეტალები გათვალისწინებული იყოს. ამის შესახებ მას სჯობს, დიაგნოზის დასმისთანავე გაესაუბროთ და დანიშნულ დოზებში თვითნებურად ცვლილება არ შეიტანოთ.
გახსოვდეთ, რომ სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა, დაავადების განვითარების პარალელურად ეფექტიანობა დაკარგოს, ამიტომ ექიმთან ერთად ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ. პრეპარატთა ფართო არჩევანის გამო, მათი ინდივიდუალურად მორგება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ სასურველიცაა.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები