მკვლევრებმა პირველად აჩვენეს, თუ რა ხდება ტვინში განმეორებადი ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის (rTMS) დროს. საუბარია დეპრესიის მკურნალობის პროცესზე. დასკვნები American Journal of Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

როდესაც ისეთი მიდგომები, როგორიცაა მედიკამენტები, ვერ ეხმარება პაციენტს დეპრესიის დაძლევაში, ამ დროს rTMS-ს ხშირად იყენებენ როგორც მკურნალობის მეთოდს. ითვლება, რომ ანტიდეპრესანტები არაეფექტურია სერიოზული დეპრესიის მქონეთა დაახლოებით 40%-ისთვის.

ამ სესიის დროს პაციენტის სკალპზე დამაგრებულია მოწყობილობა ელექტრომაგნიტური ხვეულით. შემდეგ მოწყობილობას მიეწოდება უმტკივნეულო მაგნიტური პულსი, რომელიც ასტიმულირებს ნერვულ უჯრედებს დორსოლატერალურ პრეფრონტალურ ქერქში. ეს ტვინის ის ნაწილია, რომელიც მონაწილეობს განწყობის რეგულირებაში.

მიუხედავად იმისა, რომ rTMS ეფექტურია, ტვინზე მისი ზემოქმედების მექანიზმები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გასაგები.

"როდესაც პირველად დავიწყეთ ეს კვლევა, კითხვა, რომელსაც ჩვენ ვსვამდით, იყო ძალიან მარტივი: გვინდოდა გაგვეგო, რა ემართება ტვინს, როდესაც rTMS მკურნალობას მივმართავდით", — ამბობს დოქტორი ფიდელ ვილა-როდრიგესი, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის განყოფილების პროფესორი.

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ექიმმა ვილა-როდრიგესმა და მისმა გუნდმა rTMS-ის მკურნალობის დროს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) სკანერული დაკვირვება განახორციელეს. რადგან MRI-ს შეუძლია ტვინის აქტივობის გაზომვა, მკვლევრებმა შეძლეს რეალურ დროში დაენახათ რა ცვლილებები ხდებოდა ტვინში.

ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ დორსოლატერალური პრეფრონტალური ქერქის სტიმულირებით, ასევე გააქტიურდა ტვინის რამდენიმე სხვა რეგიონი. ამ სხვა რეგიონებზე მოდის მრავალი ფუნქცია: ემოციური რეაქციების მენეჯმენტი, მეხსიერება და მოტორული კონტროლი.

შემდეგ მონაწილეებმა გაიარეს კიდევ ოთხი კვირის rTMS მკურნალობა. მკვლევრებმა შეაფასეს იყო თუ არა გააქტიურებული რეგიონები დაკავშირებული დეპრესიის ნაკლებ სიმპტომებთან, როდესაც მათი მკურნალობა დასრულდა.

ამ ახალი რუქით, თუ როგორ ასტიმულირებს rTMS ტვინის სხვადასხვა უბნებს, დოქტორი ვილა როდრიგესი იმედოვნებს, რომ დასკვნები შეიძლება გამოიყენონ იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგად რეაგირებს პაციენტი rTMS მკურნალობაზე.

"ამ პრინციპის დემონსტრირებით და ტვინის რეგიონების იდენტიფიცირებით, რომლებიც გააქტიურებულია rTMS-ით, შეგვიძლია გავიგოთ მეტი და ეს ნიმუში ბიომარკერად გამოვიყენოთ", — ამბობს ის.

დოქტორი ვილა-როდრიგესი ახლა იკვლევს, თუ როგორ შეიძლება rTMS გამოიყენონ მთელი რიგი ნეიროფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ. ის ამბობს, რომ ამ ტიპის კვლევა ხელს შეუწყობს rTMS მკურნალობის უფრო ფართო გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას. მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ კანადის ჯანდაცვამ დაამტკიცა ეს კონკრეტული მკურნალობის მეთოდი, ჯერ კიდევ არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მსგავსი კვლევებით მეთოდის დამკვიდრებას შეუწყობენ ხელს, რაც საბოლოოდ დეპრესიის დამარცხებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.