მსოფლიოში 7-დან 1 ადამიანს ლაიმის დაავადება აქვს — რას ნიშნავს ეს
ლაიმის დაავადება ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანებზე ინფიცირებული ტკიპებისგან გადადის. ახალგამოქვეყნებული კვლევით კი ცნობილი ხდება, რომ ეს დაავადება მსოფლიოში სულ უფრო ვრცელდება, ამის სავარაუდო მიზეზი კი კლიმატის ცვლილებაა. უფრო კონკრეტულად, დათბობის შედეგად ტკიპების ახალ რეგიონებში გავრცელება.
150 000-ზე მეტი ადამიანის სისხლის ანალიზთან დაკავშირებლი მონაცემების შესწავლის შედეგად დაასკვნეს, რომ მსოფლიოში ადამიანების 14 პროცენტზე მეტს აქვს ტკიპებით გამოწვეული ლაიმის დაავადება.
როდესაც ინფიცირებული ტკიპა კბენს ცხოველს, როგორიცაა ირემი ან ადამიანი, მას შეუძლია მასპინძელ ორგანიზმს გადასცეს ბაქტერია Borrelia burgdorferi — ლაიმის დაავადების ძირითადი მიზეზი. სიმპტომები, მათ შორის ცხელება, თავის ტკივილი, გამონაყარი და სისუსტე, შეიძლება გამოჩნდეს ტკიპის ნაკბენიდან რამდენიმე დღიდან კვირამდე. ლაიმის დაავადების უმეტესი შემთხვევების მკურნალობა შესაძლებელია ანტიბიოტიკებით, მაგრამ ჩარევის გარეშე, პათოგენმა შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი დაზიანება და ანთება მთელ სხეულში.
მას შემდეგ, რაც პირველად გამოვლინდა 1975 წელს, ლაიმის დაავადება გახდა ყველაზე გავრცელებული ტკიპებით გამოწვეული ზოონოზური დაავადება მთელ მსოფლიოში. ხოლო მისი პრევენციის უკეთესი სტრატეგიების შემუშავებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა მისი გავრცელების პრინციპის უფრო მკაფიო გაგება.
ამ მიზნით, იან დონგმა ჩინეთის კუნმინგის სამედიცინო უნივერსიტეტიდან და მისმა კოლეგებმა შეაგროვეს მონაცემები. მათ შეისწავლეს 89 კვლევა, რომელიც ჩატარდა 1984 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრამდე და მოიცავდა სისხლის ნიმუშებს სულ 150 000-ზე მეტი ადამიანისგან.
შემდეგ კონკრეტულად გამოიკვლიეს სისხლში B. burgdorferi-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა, რაც მიუთითებს ლაიმის დაავადების მიმდინარე ან ადრეულ ინფექციაზე. მათმა შედეგებმა აჩვენა, რომ ლაიმის დაავადების ინფექციის გლობალური მაჩვენებელი 14,5 პროცენტია.
ანალიზმა აჩვენა სამი რეგიონი ლაიმის დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით: ცენტრალური ევროპა (20,7 პროცენტი), აღმოსავლეთ აზია (15,9 პროცენტი) და დასავლეთ ევროპა (13,5 პროცენტი). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა კარიბის ზღვის აუზში, სამხრეთ აზიასა და ოკეანიაში (ყველა 5 პროცენტზე ნაკლები), ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში ინფიცირების მაჩვენებელი 9 პროცენტზე მეტი იყო.
ინფექციის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცები აღმოჩნდნენ, რომლებიც ცხოვრობენ დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე სოფლად და აქვთ პროფესიები, რომლებიც მოიცავს გარეთ ყოფნას ან ცხოველებთან მჭიდრო კონტაქტს.
მიმოხილვამ ასევე აჩვენა, რომ ლაიმის დაავადების ინფექციები დროთა განმავლობაში უფრო ხშირი გახდა. კლიმატის ცვლილებას შეუძლია ტკიპებს ახალ რეგიონებში გავრცელებისკენ გაუხსნას გზა და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაზარდოს, რაც თავის მხრივ, გაზრდის მათში პათოგენების გადაცემის შესაძლებლობას.
"ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ Borrelia burgdorferi-ის გავრცელების მაჩვენებელი 2010–2021 წლებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2001–2010 წლებში", — წერენ ავტორები. ისინი აღნიშნავენ, რომ უფრო გრძელი ზაფხულმა, თბილმა ზამთარმა და ნალექებთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ტკიპების გავრცელებას.
აღსანიშნავია, რომ ლაიმის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინები ამჟამად ტესტირების სხვადასხვა ეტაპზეა, მაგრამ ჯერ არცერთი მათგანი არ არის დამტკიცებული ადამიანებში გამოსაყენებლად.
კომენტარები