მეცნიერებმა ბრინჯაოს ხანის ბოჰემიაში მცხოვრების ქალის სახის აღდგენა შეძლეს.

ქალი დაკრძალეს ბრინჯაოს ხუთი სამაჯურით, ორი ოქროს საყურითა და ქარვის ყელსაბამით. სამარხში ასევე ჩააყოლეს სამი ნემსი. ის იყო ადრეული ბრინჯაოს ხანის ცენტრალური ევროპელების, უნეტიცეს კულტურის, წარმომადგენელი. უნეტიცეს ხალხი ცნობილია მეტალურგიული არტეფაქტებით, როგორებიცაა ცულები, სატევრები, სამაჯურები და სხვა.

ჩეხეთის რესპუბლიკის სამეცნიერო აკადემიის არქეოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი, მიშალ ერნე ამბობს, რომ ქალის ვინაობა დაუდგენელია, მაგრამ ნათელია, რომ ის ძალიან მდიდარი იყო.

"ალბათ უნეტიცეს ნიმუშებიდან ეს უმდიდრესი ქალბატონია", — განაცხადა ერნემ Live Science-თან ინტერვიუში.

ვაჭრობა და სიმდიდრე

ფოტო: Jarmila Švédová


რადიოკარბონული დათარიღებით დგინდება, რომ ქალი ცხოვრობდა ქრისტეშობამდე 1880-1750 პერიოდში. სასაფლაო ჩრდილოეთ ჩეხეთში, სოფელ მიკულოვიცას მახლობლად მდებარეობს. ეს რეგიონი დღემდე ცნობილია, როგორც ბოჰემია, რადგან პირველ მსოფლიო ომამდე სწორედ აქ იყო ძველი ბოჰემიის სამეფო. სასაფლაოზე 27 სამარხი აღმოაჩინეს, მრავალი არტეფაქტით, მათ შორის 900 ქარვის სამკაულით.


"ქალთა სამარხების 40%-ში ქარვა ვიპოვეთ, ამ ერთ სასაფლაოზე უფრო მეტი ქარვაა, ვიდრე გერმანიის ტერიტორიაზე აღმოჩენილ უნეტიცეს ყველა სამარხში ერთად", — თქვა ერნემ.

ქარვა, დიდი ალბათობით, ბატლიისპირეთიდანაა, რაც მიგვითითებს, რომ უნეტიცეს ხალხი ჩაბმული იყო ფართო სავაჭრო ქსელში. ბრინჯაოს ნივთები ასევე ასახავს ოსტატობის მაღალ დონეს და ისევ და ისევ, წარმოდგენას გვიქმნის ბრინჯაოს ხანის ევროპულ ვაჭრობაზე — ბრინჯაოს ნივთები მთელ კონტინენტზეა, თუმცა მათ შესაქმნელად საჭირო ნედლეული მხოლოდ რამდენიმე რეგიონში მოიპოვებოდა.

შეძლებული ქალბატონი

მიკულოვიცას მახლობლად აღმოჩენილ სამარხებში სწორედ ზემოხსენებული ქალბატონის თავის ქალა იყო ყველაზე კარგად შემონახული, რამაც მეცნიერებს მისი სახის ნაკვთების აღდგენის საშუალება მისცა.

ქალის ჩაცმულობა და აქსესუარებიც ისტორიულ რეალობას ეფუძნება — ყელსაბამი და ოქროს საყურეები არქეოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლუდმილა ბარჩაკოვამ, ხოლო ბრინჯაოს სამაჯურები და ნემსები — მჭედელმა რედეკ ლუკუვკამ შექმნა. "მკვდრეთით აღდგენილი" ქალის ჩაცმულობაზე კრისტინა ურბანოვამ, ტექსტილებზე მომუშავე არქეოლოგმა იზრუნა.

სასაფლოაში ნაპოვნი სხვა ძვლებიდან შესაძლებელია დნმ მასალების ამოღება, მეცნიერები ამჟამად ცდილობენ დაადგინონ, რა ნათესაური კავშირი არსებობდა სამარხებში დასვენებულ სხვადასხვა პირთა შორის. ერნეს თქმით, ბოჰემიურ სამარხებში ძირითადად კაცებს უფრო ამკობდნენ, ხოლო ქალები ყოველგვარი მორთულობის გარეშე იმარხებოდნენ. გაურკვეველია, რამ გამოიწვია ქალების ასეთი აღკაზმულობა მიკულოვიცას მახლობლად აღმოჩენილ საფლავებში. დასაშებია, რომ ქალებმა აქ მეტი სოციალური გავლენა და სიმდიდრე მოიპოვეს, რაც მათ სარიტუალო ტრადიციებშიც აისახებოდა.