NASA ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მეცნიერულად შესწავლას აპირებს
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) სპეციალისტთა ახალი ჯგუფი შეკრიბა, რომელიც 2022 წლის შემოდგომიდან ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ სამეცნიერო მონაცემების მოპოვებას შეეცდება. სხვაგვარად ამას ამოუცნობ საჰაერო ფენომენს (UAP) უწოდებენ, ესაა შემთხვევები, რომლებსაც ჩვენთვის ცნობილ აპარატებთან ან ბუნებრივ მოვლენებთან ვერ აკავშირებენ.
ასეთი ფაქტების შესახებ ჩვენს ხელთ არსებული მწირი ინფორმაციის გამო, ძნელია, მათზე მეცნიერული ვარაუდები გამოვთქვათ, თუმცა სწორედ ესაა NASA-ს მიზანი, რომელიც სახელმწიფო და საჰაერო უსაფრთხოებასთანაც იკვეთება. რა თქმა უნდა, სააგენტო აღნიშნავს, რომ ამგვარი იდუმალი მოვლენების არამიწიერი წარმომავლობის დასტური არ არსებობს.
"NASA-ში გვჯერა, რომ აღმოჩენებისთვის საჭირო მძლავრი მეთოდები ამ სფეროზეც ვრცელდება. კოსმოსიდან დედამიწაზე დაკვირვების მრავალი შესაძლებლობა გვაქვს, რაც სამეცნიერო კვლევებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფლობთ ხელსაწყოებსა და გუნდს, რომელიც ამოუცნობის შესახებ ცოდნის გაღრმავებაში დაგვეხმარება. ზუსტად ეს არის მეცნიერება. ესაა ის, რასაც ვაკეთებთ", – ვკითხულობთ განცხადებაში.
სპეციალისტთა გუნდს ასტროფიზიკოსი დევიდ სპერგელი უხელმძღვანელებს. მათი ამოცანა მოსახლეობისგან, ხელისუფლებისგან, კომპანიებისგან თუ არაკომერციული ორგანიზაციებისგან UAP-ზე მონაცემების შეკრება და ინფორმაციის გაანალიზების საუკეთესო გზების მოძებნა იქნება.
ეს დაახლოებით 9 თვეს გასტანს, საბოლოო ანგარიში კი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება, რაც სააგენტოს გამჭვირვალობის პოლიტიკის ნაწილია.
კომენტარები