NASA-ს აპარატი, რომელიც ვენერას ტოქსიკურ ატმოსფეროში ჩავა — მისიის დეტალები ცნობილია
ამ დეკადის დასასრულს NASA პლანეტა ვენერას შესასწავლად DAVINCI-ს სახელით ცნობილი მისიის განხორციელებას გეგმავს, რომლის შესახებაც დეტალები მეცნიერებმა ახლახან, გამოცემაში The Planetary Science Journal გამოქვეყნებულ ნაშრომში გაასაჯაროვეს.
ეს გახლავთ ერთგვარი კოსმოსური ქიმიური ლაბორატორია, რომელიც ჩვენს მეზობელ ციურ სხეულს ორბიტიდანაც გამოიკვლევს, მის ტოქსიკურ ატმოსფეროშიც ჩავა და ზედაპირზეც (რეგიონ ალფას ტერიტორიაზე) დაეშვება. მისი მიზანი ვენერას ატმოსფერულ-კლიმატური სისტემის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება, დაშვებისას მთიანი არეალისთვის ფოტოების გადაღება, ზედაპირის რელიეფზე დაკვირვება და სხვადასხვა აირის შემცველობის განსაზღვრაა. მათ შორისაა წყალბადის იზოტოპების, რომელთა გაანალიზებაც დაგვეხმარება გავიგოთ, იყო თუ არა იქ წყლის რეზერვუარები, რა ფორმით და როდემდე.
CRIS-ად წოდებული აპარატი მასზე დამონტაჟებული ხელსაწყოებით ვენერას ღრუბლებს დააკვირდება, მთიანი რეგიონის სურათებს გადაიღებს და მცირე ზომის დასაშვებ მოდულს ზედაპირისკენ გაგზავნის. მათ მიერ შეგროვებული მონაცემებით დავადგენთ, როგორ ურთიერთქმედებს ობიექტის აირადი გარსი ზედაპირთან და რა ტიპის ქვები გვხვდება იქ.
ხომალდი სიჩქარისა და ტრაექტორიის გასასწორებლად ვენერას გრავიტაციას 3-ჯერ გამოიყენებს. პირველად ის პლანეტას გაშვებიდან 6 თვე-ნახევარში ჩაუფრენს, მოდულის დასაშვებად საჭირო პოზიციაზე განლაგებას კი 2 წელი დასჭირდება. ამ დროს ის რეგიონ ალფას თავზე უნდა იყოს მოქცეული და კადრების აღსაბეჭდად იდეალური სინათლეც უწყობდეს ხელს.
როცა CRIS ციურ სხეულს საკმარისად მიუახლოვდება, საფრენი სისტემა მოდულთან ერთად გამოთავისუფლდება და ზედაპირიდან 120 კილომეტრზე ყოფნისას ატმოსფეროს ზედა ფენასთან დაიწყებს ურთიერთქმედებას. ის სამეცნიერო საქმიანობას მას შემდეგ შეუდგება, რაც სიცხისგან დამცავ "ფარს" მოიშორებს (67 კილომეტრ სიმაღლეზე). პირველ რიგში, აირის ნიმუშების აღება იგეგმება, ბოლომდე დაშვებისას კი, რაც 1 საათს გასტანს, აპარატი ასობით სურათს გადაიღებს. იდეალურ პირობებში, ის დაჯდომიდან 17-18 წუთი გაძლებს.
მისია DAVINCI-ს გაშვება 2029 წლის ივნისშია ჩანიშნული, ხოლო ატმოსფეროში ჩასვლა — 2031 წელს.
კომენტარები