ერაყში წყალში ჩაძირული, 3 400 წლის წინანდელი ქალაქის ნანგრევები ხელახლა გამოჩნდა
კლიმატის ცვლილების გამო, ერაყი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებზეც კლიმატის ცვლილება განსაკუთრებულად მოქმედებს. ბოლოდროინდელი გვალვებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა იქ მდებარე უდიდესი მოსულის კაშხლიდან წყლის მარაგის გამოყენება, რომელიც მარცვლეულს მოხმარდა.
შედეგად, რეზერვუარში წყლის დონემ იკლო და იქ ჩაძირულმა 3 400 წლის წინანდელმა ქალაქის ნანგრევებმა დღის სინათლე კიდევ ერთხელ იხილა. არქეოლოგიური მნიშვნელობის ეს ადგილი, სახელად კემუნი, ძველად მითანის იმპერიის ცენტრი გახლდათ, რომელიც ამ რეგიონში მდინარე ტიგროსის მიმდებარედ იყო გაშენებული.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კემუნი გამოჩნდა. მსგავსი რამ 2018 წელსაც მოხდა. ამგვარ შესაძლებლობებს არქეოლოგები მიდამოს შესასწავლად იყენებენ, სანამ ის ისევ წყალში ჩაიძირება. სპეციალისტებმა უძველესი ქალაქი მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში გამოიკვლიეს.
მათ იქ ახალი, საინტერესო სტრუქტურები აღმოაჩინეს, რომელთა შორისაცაა ციხე-სიმაგრე კედლებითა და კოშკებით, ინდუსტრიული დანიშნულების კომპლექსი, ასევე, რამდენიმესართულიანი საწყობი, რომელშიც დიდი რაოდენობით პროდუქტი ინახებოდა. საოცარია ისიც, რომ ალიზის კედლები ამ დრომდე შენარჩუნდა, თუმცა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1350 წელს მომხდარი მძლავრი მიწისძვრის კვალი მაინც შესამჩნევია.
მიკვლეულია კერამიკული ნაკეთობებიც, კერძოდ, სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც გამოუმწვარი თიხის 100-ზე მეტ ფილას ვხვდებით ლურსმული წარწერებით. ისინი შუა ასურულ პერიოდს მიეკუთვნება.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ მიგნებებით იქ მცხოვრებ ადამიანებსა და თავად მიწისძვრაზეც კი მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ. ამჟამად კაშხალი უკვე სავსეა, ნანგრევებს კი ეროზიისგან სპეციალური საფარველი იცავს, რათა მომავალში გამოჩენისას ის ხელახლა შეისწავლონ.
კომენტარები