შესაძლოა, ევოლუცია იმაზე 4-ჯერ სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე გვეგონა — მასშტაბური კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, დარვინისეული ევოლუცია იმაზე ოთხჯერ სწრაფად მიმდინარეობდეს, ვიდრე აქამდე გვეგონა. ნაშრომი, რომელიც გენეტიკური ვარიაციის ანალიზს ეყრდნობა, გამოცემა Science-ში გამოქვეყნდა.
რაც მეტი გენეტიკური განსხვავებაა სახეობის შიგნით, მით უფრო სწრაფი შეიძლება იყოს ევოლუცია, რადგან რიგი მახასიათებლები ნელ-ნელა ქრება, შედარებით ძლიერები კი — მეტად იკიდებს ფეხს. უახლესი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ველურ ცხოველთა 19 განსხვავებული ჯგუფის მონაცემები შეისწავლეს მთელი მსოფლიოდან.
თითოეული საველე კვლევა საშუალოდ 30 წლის განმავლობაში (ყველაზე მოკლე 11-წლიანი იყო, ყველაზე ხანგრძლივი კი 63 წლის განმავლობაში გრძელდებოდა) მიმდინარეობდა და დაბადებასთან, სიკვდილთან, შეჯვარებასთან და შთამომავლობასთან დაკავშირებულ დეტალებს მოიცავდა. მონაცემთა ანალიზს სამი წელი დასჭირდა. მეცნიერებმა გამოთვალეს, თუ სახეობის ცვლილების რა ნაწილი იყო გენეტიკისა ბუნებრივი გადარჩევის შედეგი.
ანალიზმა აჩვენა, რომ ევოლუციისათვის საჭირო ზემოხსენებული მასალა, "ევოლუციის საწვავი", იმაზე დიდია, ვიდრე ადრეული გაზომვები მეტყველებდა. შესაბამისად, შესაძლოა, ევოლუციის სიჩქარესთან დაკავშირებით შეხედულებების შეცვლაც მოგვიწიოს. აღსანიშნავია, რომ ესოდენ დიდი მასშტაბით ზემოხსენებული მაჩვენებელი პირველად შეფასდა.
გასათვალისწინებელია, რომ მკვლევრები ხაზს უსვამენ — ეს საკმარისი მტკიცებულება არაა იმ დასკვნის გამოსატანად, რომ სახეობები იმაზე სწრაფად განიცდიან ევოლუციას, ვიდრე ადრე. დაზუსტებით ცნობილია მხოლოდ ის, რომ "ევოლუციის საწვავი" იმაზე მეტია, ვიდრე აქამდე გვეგონა.
მართალია, თავდაპირველად ჩარლზ დარვინი ევოლუციას ძალიან ნელ პროცესად აღიქვამდა, თუმცა წარსულში ჩატარებულმა კვლევამ უკვე აჩვენა, რომ შესაძლოა, ზოგიერთ სახეობაში ევოლუციას სულ რამდენიმე წელი დასჭირდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო და ცოცხალი ბუნება კლიმატის ცვლილების მუდმივ ზემოქმედებას განიცდის, იმის ცოდნა, თუ რამდენად სწრაფად შეუძლიათ ცხოველებს ადაპტაცია, იმის გაგებაშიც შეიძლება დაგვეხმაროს, რომელი სახეობები შეძლებენ გადარჩენას და რომლები — ვერა.
ამჟამად საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ, თუკი კლიმატის ცვლილება პროგრესირებას განაგრძობს, სახეობები დროულად ადაპტაციას ვერ შეძლებენ. მნიშვნელოვანია მეტად დაწვრილებითი და ხანგრძლივი კვლევები ჩატარდეს იმის გასარკვევად, თუ რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ზემოხსენებული პროცესი.
კომენტარები