უკრაინის ბრძოლა 2 ფრონტზე — როგორ აწარმოებს რუსეთი ინფორმაციულ ომს
მკითხველს უკვე არაერთხელ ვუამბეთ იმაზე, რომ ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე, ისევე, როგორც ომის დაწყებისთანავე, რუსეთი და პრორუსი ქართველი აქტორები ცდილობენ, რეალობა შეცვალონ. ტროლები, ბოტები, მასშტაბური ფესიბუქჯგუფები ყოველდღიურად ჩართული არიან რუსეთის გამართლებისა და უკრაინისა და დასავლეთის დისკრედიტაციის კამპანიაში. ამიტომ, უკრაინა 2 ფრონტზე იბრძვის და დიდ რესურს ხარჯავს იმაში, რომ პროპაგანდა მოიგერიოს.
ვრცელდება უამრავი მავნე ნარატივი და ყალბი ამბავი, რომლის ნაწილი, სამწუხაროდ, სამიზნემდე აღწევს და მომხმარებლები შეცდომაში შეყავს. თუ ერთხელ მაინც გინახავთ კომენტარი, რომელშიც არაყალბი ექაუნთი ამტკიცებს, რომ უკრაინა დამნაშავეა, ესე იგი პროპაგანდის მსხვერპლებს იცნობთ.
მართალია, რუსეთი უკრაინასთან საინფორმაციო ომს ვერ იგებს, თუმცა კონკრეტულ ბრძოლებში "წარმატება" აქვს, რაც სახიფათოა. იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ აწარმოებდა რუსეთი ამ საინფორმაციო ომს, მედიის განვითარების ფონდის ანგარიშს განვიხილავთ.
მითების დეტექტორი ორი თვის განმავლობაში, 24 თებერვლიდან 24 აპრილის ჩათვლით რუსულ, ბელარუსულ, უკრაინულ და ქართულ სოციალურ მედიას აკვირდებოდა და იმ ძირითადი გზავნილებისა და ყალბი ცნობების ტიპოლოგია გამოავლინა, რომელსაც როგორც რუსული, ასევე ქართული, ბელარუსული და უკრაინული წყაროები ავრცელებდნენ.
მონიტორინგის პერიოდში შემდეგი ტენდენცია გამოვლინდა: 160 ყალბი და მანიპულაციური შინაარსიდან, რომელიც ძირითადად რუსულ და ქართულ წყაროებში ვრცელდებოდა:
- 49,4%, ყველაზე დიდი წილი უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული;
- 28,1%-ით მას დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციული გზავნილები მოსდევს;
- 16,3% კი ყალბი და მანიპულაციური შინაარსით რუსეთის ქმედებების გამართლებისკენ იყო მიმართული.
როგორ მოქმედებდნენ უკრაინის წინააღმდეგ
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანურ მსხვერპლზე რუსეთის პასუხისმგებლობის ასარიდებლად, კრემლის პროპაგანდა მის წინააღმდეგ ბრალდებებზე კონტრბრალდებების ტაქტიკას მიმართავდა და ამკვიდრებდა მოსაზრებას, თითქოს უკრაინული მხარე მშვიდობიან მოსახლეობას სასიკვდილოდ თავად იმეტებდა, ხოლო მოსახლეობას საფრთხეს არა რუსეთის ჯარი, არამედ ბატალიონ აზოვის და სხვა ე.წ. ნაცისტური ჯგუფების ქმედებები უქმნიდა. მსგავსი შინაარსის ფრაზები არაერთხელ გაჟღერდა ქართული კრემლისტური დაჯგუფებებისგან, ასევე, გამოქვეყნდა პრორუსულ ქართულენოვან მედიებზე.
ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთის პასუხისმგებლობის უარყოფას ემსახურებოდა მიზანმიმართული დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინა მსხვერპლზე ინფორმაციას აყალბებს. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კამპანია ომის საწყისს ეტაპზე მარიუპოლელ ბლოგერ მარიანა პოდგურსკაიას უკავშირდებოდა, რომელსაც ყალბ ფეხმძიმობაში დებდნენ ბრალს. მითების დეტექტორმა ამ თემაზე ფეისბუქზე სხვადასხვა ანგარიშის მიერ კოორდინირებულად გავრცელებული 61 პოსტი გამოავლინა.
გარდა ამისა, ბუჩის ტრაგედიაში რუსეთის როლის უარყოფას როგორც რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ, ასევე რუსულმა და ქართულმა ფეისბუქ და ინსტაგრამ ანგარიშებმა არაერთი პუბლიკაცია და პოსტი დაუთმეს.
"იმის საილუსტრაციოდ, რომ უკრაინა მსხვერპლს აყალბებს, გამოყენებული იყო ვიდეომანიპულაციები, სადაც ერთ შემთხვევაში რუსი რეპერის ჰასკის კლიპის გადაღების ის ფრაგმენტი იყო გამოყენებული, რომელშიც მიცვალებულის როლის შემსრულებელი სიგარეტს ეწევა, ხოლო მეორე შემთხვევაში ავსტრიაში კლიმატის ცვლილებების გასაპროტესტებლად გამართული სიმბოლური პერფორმანსის კადრები, რომელშიც აქციის მონაწილე გვამი მოძრაობს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ბოლო ვიდეო ორი განსხვავებული აღწერით გავრცელდა, ხოლო ჰასკის ვიდეო ომამდე პანდემიის დროს კორონავირუსის უარყოფისთვის გამოიყენებოდა", — აცხადებს ორგანიზაცია.
ერთ-ერთი დეზინფორმაციული ნარატივი თანხვედრაში იყო ომთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქის ჰომოფობიურ განცხადებასთან, თითქოს ომის მიზეზი "ლიბერალური დასავლური ღირებულებები და გეი აღლუმების მიმართ დონბასელების მიუღებლობა იყო".
იდენტური გზავნილებით გავრცელდა ბრიტანული ორგანიზაციის მომზადებული კლიპის გაყალბებული ვერსია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ომის დაწყებამდე ეს ვიდეო კრემლისტურმა და ძალადობრივმა ალტ-ინფომ და მისმა მხარდამჭერებმა კოორდინირებულად გაავრცელეს. რასაც თან ახლდა ჰომოფობიური ახლდა გზავნილები, თითქოს ეს არის ყირიმის დაკარგვის მიზეზი.
"უშუალოდ ომის მსვლელობისას, მარტის თვეში იდენტური ვიდეო უკრაინული სიმღერის თანხლებით რუსულენოვანი აუდიტორიისთვის სხვადასხვა სოციალური პლატფორმებით (fb, youtube, Vk, twitter და სხვა) კოორდინირებულად მარტსა და აპრილში გავრცელდა. გაყალბებული ვიდეოს გამავრცელებელთა შორის იყო რუსული ნაციონალისტური პარტიის თავმჯდომარე ნიკოლაი ბონდარიკის youtube არხი".
რას აბრალებდნენ ზელენსკის
მსგავსი დეზინფორმაციის ყველაზე დიდი წილი თავდაპირველად თავად უკრაინელების დეზორიანტაციაზე იყო მიმართული და ამკვიდრებდა აზრს, რომ ზელენსკი ქვეყნიდან გაქცეული იყო. თუმცა, ამ ნაწილში არ გაუმართლათ, რადგან ზელენსკი ყოველდღიურად იღებდა ვიდეოებს თავისი კაბინეტიდან, ადმინისტრაციის ეზოდან, დედაქლაქის ქუჩებიდან და სწორედ ასე დამკვიდრდა საკულტო ფრაზა: "პრეზიდენტ ტუტ" (პრეზიდენტი აქ არის).
ორგანიაციის განცხადებით, მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია მეტწილად მისი მორალური დისკრედიტაციისკენ (ნარკომანი, ნაცისტი) და ანტისემიტური შეთქმულებებისკენ იყო მიმართული.
"შეთქმულების თეორები, რომ უკრაინა სოდომ-გომორის ცოდვების, ხოლო ზელენსკის რეჟიმი მართლმადიდებლობასთან ბრძოლის გამო ისჯებოდა, თანხვედრაში იყო ომთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქის განცხადებასთან", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ამ საკითხში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი პროსახელისუფლებო ტროლები, მას შემდეგ, რაც უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის სიტუაცია დაიძაბა. ამაზე მკითხველს უკვე ვუამბეთ.
რა მოუგონეს აზოვის ბატალიონს
აზოვის ბატალიონი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე იყო სამიზნე. დაჯგუფება რუსეთში აკრძალულია და კრემლმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინელი მებრძოლები ნაცისტებად წარმოეჩინა. ეს მუდმივად ისმოდა რუსი ოფიციალური პირების განცხადებებში და ინერციით ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში.
MDF-ის განმარტებით, ყველაზე ფართოდ ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელდა ძველი ვიდეო, რომელიც ამტკიცებდა, რომ აზოვის ბატალიონმა დონბასელი მეომარი ჯვარზე გააკრა და დაწვა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დეზინფორმაცია, რომელიც 2015 წლიდან ვრცელდება, 2022 წლის ომის კონტექსტში 22-მა ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშმა გააზიარა, მათ შორის კრემლისტურ ალტ-ინფოსთან დაკავშირებულმა ანგარიშებმა.
როგორც ქართული კრემლისტური გამოცემები და ინდივიდუალური რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები ავრცელებდნენ დაუსაბუთებელ ცნობებს უკრაინის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის სტეპან ბანდერას წინააღმდეგ.
"ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბანდერას მიერ დახოცილი ბავშვების ხსნოვნის საპატივცემულოდ პოლონეთში ძეგლი აღიმართა, რომელიც რეალურად დედის მიერ საკუთარი შვილების დახოცვის ტრაგიკულ ისტორიას ასახავდა".
ბრძოლა დასავლეთის წინააღმდეგ
MDF-ის განცხადებით, ტრადიციულად, ანტიდასავლური დეზინფორმაციის ყველაზე დიდი წილი ბიოლოგიურ ლაბორატორიებს უკავშირდებოდა. კრემლის ინფორმაციული ოპერაციები ამერიკელების მიერ უკრაინასა და საქართველოში ბიოლოგიური იარაღის გამოცდის საფრთხესა და სახიფათო ექსპერიმენტებზე აპელირებდა. მიზანმიმართულ დეზინფორმაციის კამპანიას თან ახლდა კრემლის განცხადებები, რომ რუსეთი მის საზღვრებთან ბიოლოგიური იარაღის გამოცდას არ დაუშვებდა.
ორგანიზაციის განცხადებით:
- კოორდინირებულად ყალბი ინტერპრეტაციით ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს ნულანდმა აღიარა, რომ ამერიკა უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღს ფლობს;
- ასევე ბრალდებები ბიოლოგიური იარაღის წარმოების პროცესში ამერიკის პრეზიდენტის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მონაწილეობის შესახებ;
- ლაბორატორიებთან დაკავშირებული დეზინფორმაციები როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს შემთხვევაში ხშირად გაჟონილ დოკუმენტებს და იდენტურ ექსპერტებს ეყრდნობოდა, კერძოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტვ Zvezda-სთან დაკავშირებულ ბულგარელ ჟურნალისტს დილიანა გაიტანჯიევას.
გზავნილების ნაწილი რუსეთის შიდა აუდიტორიაზეც იყო მორგებული და ამკვიდრებდა აზრს, რომ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთზე მეტად თავად ამ ქვეყნებს აზარალებდა, ევროპა კი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო შიმშილის პირას იყო მისული. მსგავსი სიუჟეტები ძალიან ხშირად გვხვდებოდა კრემლის ტელევიზიებში.
ორგანიზაციის განცხადებით, როგორც რუსული, ასევე ქართული წყაროები დასავლეთის ადანაშაულებდნენ ომის წაქეზებასა და სამხედრო ესკალაციის გზით კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობაში. აღსანიშნია, რომ ნაწილობრივ ისინი სახელისუფლებო განცხადებებს და რიტორიკას იმეორებდნენ.
"მეორე ფრონტის გახსნისა და ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობის შესახებ ბრალდებები საქართველოს შემთხვევაში დამატებით უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ კეთდებოდა, რასაც კოორდინირებულად სახელისუფლებო არაავთენტური ანგარიშები ავრცელებდნენ", — აღნიშნულია ანგარიშში.
იმის საილუსტრაციოდ, რომ დასავლეთი ომის მხარეს წარმოადგენს და გარდა პოლიტიკური დაინტერესებისა, სამხედრო ოპერაციებშიც არის ჩართული, ვრცელდებოდა ცნობები ამერიკის საიდუმლო სამხედრო აგენტების, ასევე მარიუპოლში ნატოს ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტის როჯერ კლუტიეს დაკავების შესახებ. ამასთანავე ამ უკანასკნელ შემთხვევაში ვიზუალურ მტკიცებულებად РИА НОВОСТИ-ის ის ვიდეო იყო გამოყენებული, რომელიც რეალურად ყირიმში უკრაინის მოქალაქის დაკავებას ასახავდა.
გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, რუსულ მედიაში და სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ ცნობილი ამერიკელი მომღერლის ბრიტნი სპირსის ინსტაგრამი იმის გამო დაიბლოკა, რომ მან ნატო გააკრიტიკა და დასავლური მედია უკრაინის მაპროვოცირებელი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამ ინფორმაციას რუსულ ონლაინ პლატფორმებთან და სოციალური მედიის მომხმარებლებთან ერთად ბელორუსული გამოცემები Чеснок და Минская правда-ც ავრცელებდნენ. რამოდენიმე შემთხვევაში კი გაყალბებულ პოსტს თავად ფოტოშოპით დამუშავებული ბრიტნი სპირსის ფოტო ერთვოდა, რომელზეც მის მაისურზე რუსეთის დროშა იყო დატანილი.
რუსეთის ქმედებების გამართლების მცდელობა
კრემლის პროპაგანდა სამხედრო ინტერვენციის გამართლების მიზნით ამკვიდრებდა აზრს, რომ ე.წ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას მხოლოდ პრევენციული ხასიათი ჰქონდა და უკრაინული აგრესიის შეკავებას და დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დაცვას ისახავდა მიზნად.
"რუსეთის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია, სამხედრო ინტერვენციის გამართლების მიზნით, ამტკიცებდა, რომ უკრაინას გაეროს მიერ ოფიციალურად აღიარებული საზღვრები არ ჰქონდა და შესაბამისად, რუსეთს არც უკრაინის საზღვრები დაურღვევია, არც საერთაშირისო სამართალი", — ვკითხულობთ ანგარიშში.
განცხადებებს, რომ კრემლი სამიზნედ მშვიდობიან მოსახლეობას არ ირჩევს, როგორც RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი და კრემლის პროპაგანდისტული სხვა არხები, ასევე საქართველოში კრემლისტური ტვ „ალტ-ინფოს“ წამყვანები ახმოვანებდნენ.
როგორ მოქმედებდნენ აქტორები
MDF განმარტავს, რომ ფეისბუქსა და ინსტრაგრამზე ინფორმაციული ოპერაციების განსახორციელებლად და პროპაგანდის მიზნით კრემლი კომუნიკაციის მრავალფეროვან არხებს იყენებდა. მაგალითად, ანგარიშში გამოვლენილია შემთხვევები, როცა ზოგიერთი საინფორმაციო მედია მონიტორინგის გვერდის ავლის მიზნით, პოლიტიკური შინაარსის მასალებს ან გასართობი არხებით (Россия 1, Музыка 80-90-00’s) ავრცელებდა, ან კოორდინირებულად პარტიის მხარდამჭერი ინდივიდუალური ფეისბუქ ანგარიშების მეშვეობით (საქართველო, ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა).
"გარდა რუსეთის სამთავრობო და პროპაგანდისტული მედიებისა (RT, Первый канал, Россия 1, Телеканал «Звезда», Царьград და სხვა), ხდებოდა ინგლისურენოვანი ექსპერტების (სკოტ რიტერი, გონზალო ლირა) კომენტარების კოორდინირებული გავრცელება. მათ მოსაზრებებს კი აუდიტორიას დასავლეთის ნეიტრალური დამკვირვებლების პოზიციად და დასავლეთის გამოფხიზლების მტკიცებულებად (Запад начинает прозревать) სთავაზობდნენ", — ვკითხულობთ ანგარიშში.
აღსანიშნია ისიც, რომ იმ ინგლისურენოვანი ექსპერტების მოსაზრებების ტირაჟირებაში, რომლებიც რუსეთის ქმედებებს ამართლებდნენ, სამთავრობო მედიასა და ინდივიდუალურ ფეისბუქ მომხმარებლებთან ერთად, უცხოეთში რუსეთის საელჩოების ფეისბუქ ანგარიშებიც იყვნენ ჩართულნი. ასევე, იყენებდნენ კრემლთან დაკავშირებული უცხოელი ჟურნალისტებს და სხვადასხვა მედია პლატფორმებს, ფეისბუქის ანგარიშებსაც, რომელთა ნაწილი რუსეთიდან იმართებოდა.
კიდევ ერთი პრობლემური საკითხია, კრემლისტური უკვდავი პოლკიც, რომელსაც საქართველოშიც ყავს დანაყოფი. როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, გამოვლინდა სხვადასხვა ქვეყნაში რუსული დიასპორებისა და უკვდავი პოლკის ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც უკრაინა-რუსეთის ომის დროს როგორც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის, ასევე ადგილობრივი დიასპორების მობილიზებისთვის გამოიყენებოდა. უცხოეთში კომუნისტური პარტიების მობილიზება კი ნატოს წინააღმდეგ და რუსეთის მხარდაჭერის გამოსახატად ხდებოდა.
ორგანიზაციის განცხადებით, ქართულენოვანი წყაროები, რომლებიც კრემლის იდენტურ პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ მასალებს ავრცელებდნენ, ფრაგმენტიზირებული იყვნენ. თუმცა, ანგარიშში გამოკვეთილია რამდენიმე ჯგუფი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული დეზინფორმაციულ კამპანიაში და ამ მიზნით სხვადასხვა აქტორების მობილიზებას ახდენდა:
- ორი კრემლისტური პარტია – ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი – მათი საკომუნიკაციო არხებით, კრემლის საინფორმაციო დღის წესრიგთან იყო თანხვედრაში;
- კრემლისტური ონლაინ პლატფორმები საქართველო და მსოფლიო (Geworld.ge, Sezonitv.ge, Newsfront, ასევე spnews.io, რომელიც Newsfront-თან და პოლიტიკანო სთან დაკავშირებული გამოცემაა;
- ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში იყო ასევე ჩართული ყოფილი სამხედრო და ულტრამემარჯვენე ქართული მარშის წევრი ერმილე ნემსაძე, რომელიც ფეისბუქ გვერდ აზიმუტს მართავს;
- ომის საწყის ეტაპზე დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩართული იყო ევრაზიის ინსტიტუტთან და Newsfront-თან დაკავშირებული შოთა აფხაიძის ფეისბუქ ანგარიში და ცალკეული ინდივიდუალური ფეისბუქ პროფილები;
- უკრაინის საწინააღმდეგო და რუსეთის ქმედებების გამამართლებელ განცხადებებს ხშირად სასულიერო პირი, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე აკეთებდა, რომლის ვიდეო მიმართვებს ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერები, ასევე რელიგიური შინაარსის პროფილები (Sxaltis Mtavarepiskoposi Spiridoni, ღმერთი სამშობლო ადამიანი) კოორდინირებულად ავრცელებდნენ.
კომენტარები