მეცნიერებმა იმ ნაკლებად ცნობილი მცენარეების სია შექმნეს, რომელიც, შესაძლოა, 2050 წელს ჩვენი რაციონი შეადგინოს. მომავალში, შესაძლოა, საუზმეზე ყალბი ბანანი მიირთვათ, ხემსად კი პანდანუსის ხის ხილი დააყოლოთ.

უკრაინის ომმა ხაზი გაუსვა მარცვლეულის მხოლოდ მცირე, გლობალურად გაყიდვად ნაწილზე დაყრდნობის საფრთხეს.

Royal Botanic Gardens in Kew-ის ექსპერტების მიხედვით, კალორიების 90%-ს მხოლოდ 15 მცენარეული კულტურიდან ვიღებთ. მეცნიერები ახლა ჩვენი მომავალი რაციონისთვის ახალ ინგრედიენტებს ეძებენ.

კლიმატის ცვლილება მძიმე "საკვების შოკის" რისკს ზრდის, რა დროსაც მოსავალი არ მოდის და ძირითადი პროდუქტების ფასები მსოფლიოს გარშემო სწრაფად იზრდება.

Royal Botanic Gardens in Kew-ის მკვლევრის, დოქტორი სემ პირინონის თქმით, საკვების მრავალფეროვნების გაზრდა ერთ-ერთი გამოსავალია შიმშილის პრობლემის შესამსუბუქებლად, რაც ასევე შეიტანს წვლილს ბიომრავალფეროვნების კარგვასთან ბრძოლაში და კლიმატის ცვლილებასთან შეგუებაშიც დაგვეხმარება.

"ათასობით საჭმელად ვარგისი მცენარის სახეობა არსებობს მსოფლიოს გარშემო, რომლებსაც სხვადასხვა პოპულაციები მოიხმარენ და სწორედ აქ შეგვიძლია გამოსავლების ძიება მომავლის გლობალური გამოწვევებისთვის", — ამბობს იგი.

მსოფლიოში არსებული საკვებად ვარგისი 7 000 მცენარიდან, ფართოდ მხოლოდ 417 გამოიყენება. ქვემოთ რამდენიმე მცენარის შესახებ მოგიყვებით, რომლებიც, შესაძლოა, 2050 წელს ჩვენს რაციონშიც აღმოჩნდეს.

პანდანუსი

ფოტო: BBC

პანდანუსი (Pandanus tectorius) პატარა ხეა, რომელიც წყნარი ოკეანის კუნძულებიდან ფილიპინებამდე სანაპიროებზე იზრდება. სამხრეთ აზიის დიდ ნაწილში მცენარის ფოთლები ტკიბილი და ცხარე კერძებისთვის არომატის მისანიჭებლად გამოიყენება, მისი ანანასისებრი ხილი კი, მომზადების გარეშე, უმად მიირთმევა.

მკვლევარ მერიბელ სოტო გომესის თქმით, პანდანუსი უძლებს ისეთ პირობებს, როგორიც გვალვა და ძლიერი ქარია.

"პანდანუსი კლიმატის მიმართ გამძლე და მაღალი კვებითი ღირებულების საკვებია, რომელიც ასევე გემრიელიცაა", — ამბობს იგი. "ჩვენი კვებითი პორტფოლიოს გამრავალფეროვნება კარგი იქნებოდა, რათა მასში ისეთი საკვებიც მოვიცვათ, რომელსაც აქვს კვებითი ღირებულება და შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა გამოწვევების მქონე გარემოში მთელი მსოფლიოს გარშემო".

"თუ პანდანუსს მდგრადად გამოვიყენებთ, ადგილობრივებისთვის რესურსების ამოწურვის გარეშე, იგი უფრო ფართოდ უნდა მოვიყვანოთ", — განაცხადა მეცნიერმა.

ლობიო

ფოტო: BBC

ლობიო, ან ზოგადად პარკოსნები, კიდევ ერთი მომავლის საკვებია. იგი იაფია, მდიდარია ცილით და B ვიტამინებით, შეგუებულია სხვადასხვა ტიპის გარემოს ოკეანის სანაპიროებიდან მთის ფერდობებამდე. მსოფლიოში 20 000 სახეობის პარკოსანი არსებობს, მაგრამ მათგან მხოლოდ მცირე ნაწილს ვიყენებთ. მიიჩნევა, რომ ველურ გარემოში კიდევ ასობით სახეობაა, რომლის შესახებაც მეცნიერბმა ჯერ არაფერი იციან.

მორამას ლობიო (Tylosema esculentum), ბოტსვანას, ნამიბიისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში ერთ-ერთ მთავარ საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. აქ მას სიმინდთან ერთად ხარშავენ, ან ფქვავენ და მისგან კაკაოს მსგავს სასმელს ან ფაფას ამზადებენ.

რა თქმა უნდა, ყველა პარსკოსანი საჭმელად ვარგისი არაა, მაგრამ ექსპერტები სხვადასხვა სახეობების თვისებებს სწავლობენ იმის გასარკვევად, თუ რომელი შეიძლება გამოგვადგეს ჩვენი საკვები რაციონის შესავსებად.

ველური მარცვლეული

ფოტო: BBC

მარცვლეული, რომელსაც ბალახოვანი მცენარეებისგან ვიღებთ, ასევე უდიდესი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათი 10 000 სახეობა უამრავ პოტენციურად ახალ საკვებს გვთავაზობს.

ფონიო (Digitaria exilis) ნოყიერი აფრიკული მარცვლეულია, რომელიც კუსკუსის, ფაფისა და სასმელების დასამზადებლად გამოიყენება. მცენარე კარგად უძლებს მშრალ პირობებს.

ყალბი ბანანი

ფოტო: BBC

ენსეტი, ან "ყალბი ბანანი" ბანანის ახლო ნათესავია, მაგრამ მას მხოლოდ ეთიოპიის ნაწილში მიირთმევენ. ეს ბანანის მსგავსი ხილი საკვებად ვარგისი არაა, მაგრამ მისი სახამებლით მდიდარი ღეროები და ფესვები დუღილის შემდეგ ფაფის ან პურის გასაკეთებლად გამოდგება.

კვლევები გვთავაზობს, რომ ბანანის მსგავს კულტურას აქვს პოტენციალი, გლობალური დათბობის პირობებში მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანი გამოკვებოს.

რა თქმა უნდა, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, 2050 წელს როგორი რაციონი გვექნება, თუმცა, კლიმატის ცვლილებასა და შიმშილთან გასამკლავებლად საკმარისი საკვები რესურსების მოძიება არ უნდა გაგვიჭირდეს. მით უფრო, რომ ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია.