გველოდება თუ არა მაიმუნის ყვავილის პანდემია? — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
მაისის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, მაიმუნის ყვავილის ათობით შემთხვევაა დაფიქსირებული. შემთხვევათა დიდი ნაწილის წარმომავლობა დაუდგენელია, რაც ვირუსის შეუმჩნეველ გავრცელებაზე მიუთითებს.
აქედან გამომდინარე, მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით შფოთვა იმატებს. 21 მაისის მონაცემებით, ის მსოფლიოს 12 ქვეყანაშია დაფიქსირებული. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ნებისმიერი ვირუსის გამოჩენა ჩვენში შიშს იწვევს და ეს ბუნებრივიცაა. იმის გათვალისწინებით, რაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გამოვიარეთ, ყველას გვაშფოთებს მომავალი შესაძლო პანდემიის ხსენებაც კი.
მაისის დასაწყისში, ევროპის ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გამოჩენისა და შემთხვევათა ზრდის ფონზე უამრავი კითხვა გაჩნდა. განსაკუთრებით აქტუალური კი იმაზე ფიქრია, ვდგავართ თუ არა მომავალი პანდემიის საწყისებთან. ამ სტატიაში მოგიყვებით ყველაფერს, რაც ამ ეტაპზე, მაიმუნის ყვავილის გავრცელების შესახებ ვიცით.
რა არის მაიმუნის ყვავილი?
როგორც სახელწოდება გვთავაზობს, ეს ვირუსი მაიმუნებში ვრცელდება, ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ხანდახან ის ადამიანებზე გადადის და ეპიდემიას იწვევს. ეს ვირუსი პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში, როდესაც მათ ლაბორატორიაში იკვლევდნენ. ადამიანში პირველი მაიმუნის ყვავილის შემთხვევა კი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 1970 წელს დაფიქსირდა.
მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უმეტესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის კი ის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.
რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული მიმდინარე ეპიდემიისას?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 21 მაისის მონაცემებით, მაიმუნის ყვავილი დაფიქსირებულია 12 ქვეყანაში. ინფიცირებულთა რაოდენობა 92-ია, 28 შემთხვევის დადასტურებას კი ელიან.
გაერთიანებულ სამეფოში 9 დადასტურებული შემთხვევაა, უმეტესად ლონდონში, პორტუგალიას 14 ინფიცირებული ჰყავს, 20 კი სავარაუდოდ ინფიცირებული, ესპანეთში 7 დადასტურებული და 25 მოსალოდნელი შემთხვევაა, იტალიაში კი ორი მოსალოდნელი. ბელგიას ორი მოსალოდნელი და ერთი დადასტურებული შემთხვევა აქვს. საფრანგეთსა და შვედეთს კი თითო. აშშ-ში ერთი ინფიცირებული ჰყავთ, ერთთან დაკავშირებით კი პასუხს ელიან. კანადაში ერთი დადასტურებული და 21 მოსალოდნელი შემთხვევაა. ავსტრალიას კი ერთი ინფიცირებული ჰყავს და ერთთან დაკავშირებულ პასუხს ელიან. ნიდერლანდებსა და გერმანიაში კი 1-5 შემთხვევაა დაფიქსირებული.
აღსანიშნავია, რომ ჯერ მაიმუნის ყვავილით გამოწვეული სიკვდილის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გამოვლენილი შემთხვევები ჯერ კიდევ აისბერგის წვერია. "ის შეიძლება უფრო ფართოდ იყოს გავრცელებული, ვიდრე ამ მომენტისთვის ვაფიქსირებთ", — ამბობს მორის კრაემერი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან.
კავშირშია თუ არა ერთმანეთთან დაფიქსირებული შემთხვევები?
ჯერჯერობით, ეს საკითხი ბუნდოვანია. პირველ ადამიანს, რომელსაც მაიმუნის ყვავილი დაუდგინდა დიდ ბრიტანეთში, ნიგერიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. მას გამონაყარი 5 მაისს გამოუვლინდა, 6 მაისს ის უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და პაციენტი უკვე სრულად გამოჯანმრთელდა. კიდევ ორი შემთხვევა, რომელიც ბრიტანეთშია დაფიქსირებული, ამ ერთს უკავშირდება. თუმცა, ბოლო ოთხი პაციენტის ინფიცირების წყარო აქ უცნობია. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო ოთხი შემთხვევის კავშირი ნიგერიიდან ჩამოსულ პაციენტთან არ დგინდება.
ამ მომენტისთვის, მაიმუნის ყვავილი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა იმ ქვეყნებში, სადაც ის უკვე დაფიქსირდა. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების (UKHSA) წარმომადგენელი, სიუზან ჰოპკინსი იტყობინება. "უკანასკნელი შემთხვევები, იმ ანგარიშებში აღნიშნულ შემთხვევებთან ერთად, რომელსაც ევროპის სხვა ქვეყნები აქვეყნებენ, ადასტურებს იმას, რომ მაიმუნის ყვავილი ჩვენს საზოგადოებაში ვრცელდება", — თქვა მან.
UKHSA-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა (მაგრამ არა ყველა) გეი და ბისექსუალ მამაკაცებშია გამოვლენილი. უწყება მოუწოდებს მათ, უჩვეულო გამონაყარის ან დაზიანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სექსუალური ჯანმრთელობის სერვისებს. აღსანიშნავია, რომ მაიმუნის ყვავილი არ არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, თუმცა UKHSA-ს ცნობით, შესაძლოა მისი გადადება მოხდეს სექსის პროცესში, პაციენტის კანთან კონტაქტისას, რადგან ინფექცია კანზე გამონაყარსა და ჭრილობებს აჩენს, მათთან ნებისმიერი სახის შეხება კი საფრთხისშემცველია.
როგორ ვრცელდება მაიმუნის ყვავილი?
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ცნობით, მაიმუნის ყვავილის გადადება ჰაერწვეთოვანი გზით ხდება და ასევე, ინფიცირებულის კანზე არსებულ დაზიანებებთან შეხების გზით, ისევე, როგორც პაციენტის სამოსთან შეხების გზით, რომელიც გამონაყარიან სხეულზე ეცვა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) განმარტებით, მაიმუნის ყვავილის "ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძირითადად ჰაერწვეოვანი გზით ხდება. რესპირატორული წვეთები, როგორც წესი, რამდენიმე ფუტზე მეტს ვერ გადაადგილდება, ამიტომ ინფიცირებისთვის პირისპირ, ხანგრძლივი კონტაქტია საჭირო".
მაიმუნის ყვავილი ადამიანებს შორის არც ისე მარტივად ვრცელდება. UKHSA-ს ცნობით, რისკი დიდი ბრიტანეთის მოსახლეობისთვის მიმდინარე ეპიდაფეთქების ფონზე დაბალია.
მაიმუნის ყვავილით ინფიცირება შესაძლებელია პაციენტთან ახლო კონტაქტით, მის კანთან, ტანსაცმელთან, პირსახოცთან თუ თეთრეულთან შეხებით.
გარდა ამისა, ვირუსით ინფიცირება შესაძლებელია ცხოველთან უშუალო კონტაქტისას. მაგალითად, თუ დასავლეთ ან ცენტრალურ აფრიკაში მყოფს ცხოველი გიკბენთ, ან მის სისხლთან, სხეულის სითხესთან, გამონაყართან ან ნაიარევებთან გექნებათ შეხება. ის შეიძლება გადაგედოთ იმ შემთხვევაშიც, თუ ინფიცირებული ცხოველის ნახევრად უმ ხორცს შეჭამთ.
რა სიმპტომები ახასიათებს მაიმუნის ყვავილს?
UKHSA-ის ცნობით, მაიმუნის ყვავილის პირველი სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა.
ასევე, შესაძლოა მალევე გაჩნდეს გამონაყარი. როგორც წესი, ის ჯერ სახეზე ჩნდება, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის გენიტალიებზე.
რამდენად იწვევს სიკვდილს?
მაიმუნის ყვავილი, როგორც წესი, მსუბუქი დაავადებაა — ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება რამდენიმე კვირაში, მკურნალობის გარეშეც. CDC-ის მიხედვით, აფრიკაში ვირუსით 10-დან 1 ინფიცირებული კვდება. თუმცა, მაიმუნის ყვავილის ორი სახე არსებობს — კონგოს შტამი და დასავლეთ აფრიკული შტამი. WHO-ს თქმით, 10-დან 1 ინფიცირებულს კონგოს შტამი კლავს, ხოლო დასავლეთ აფრიკულის ლეტალობა 100-ში 1-ია.
მიმდინარე ეპიდემიისას, დიდ ბრიტანეთში მხოლოდ დასავლეთ აფრიკული შტამის შემთხვევებია დაფიქსირებული. ვირუსის სეკვენირებით მიღებული ინფორმაცია, ჯერჯერობით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ხელმისაწვდომი არ გახლავთ.
WHO-ს თქმით, ეს მაჩვენებლები ეხება დადასტურებულ ინფიცირებულთა შორის დაღუპულთა პროპორციას (ფატალურობის კოეფიციენტი). მაგრამ შეუმჩნებლად რჩება ბევრი შემთხვევა, რომლის დროსაც ინფიცირებულებში სიმპტომები მსუბუქია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფექციით სიკვდილიანობის კოეფიციენტი — სიკვდილიანობის წილი ყველა ინფიცირებულს შორის — შეიძლება არსებითად დაბალი იყოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მაიმუნის ყვავილით დაავადებულ ბავშვებში ინფექცია უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში. ორსულობის დროს დაინფიცირებამ კი შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, მათ შორის მკვდრადშობადობა.
არსებობს თუ არა მაიმუნის ყვავილის ვაქცინა ან წამალი?
დიახ. ანტივირუსული წამალი tecovirimat (Tpoxx) ნებადართულია ევროპაში, მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ. გარდა ამისა, არსებობს ვაქცინა სახელად Jynneos (იგივე Imvanex და Imvamune), რომელიც დაშვებულია აშშ-სა და ევროპაში, მაიმუნის ყვავილისა და ყვავილის პრევენციისთვის, 18 წლის ზემოთ ადამიანებისთვის.
მათ კი, ვისაც ბავშვობაში ყვავილის აცრა გაკეთებული გვაქვს, მაიმუნის ყვავილის ვირუსის წინააღმდეგ გარკვეული იმუნიტეტი უნდა გვქონდეს.
აქამდე თუ დაფიქსირებულა მაიმუნის ყვავილის ეპიდემია აფრიკის გარეთ?
რამდენჯერმე. მაგალითად, 2021 წელს გაერთიანებულმა სამეფომ მაიმუნის ვირუსის სამი შემთხვევის შესახებ განაცხადა, რომელიც ერთ ოჯახში დაფიქსირდა. ოჯახის ერთ წევრს ნიგერიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ხოლო 2018 წელს ასევე ნიგერიიდან ჩამოსულმა ადამიანმა გაერთიანებულ სამეფოში ორ ადამიანს გადასდო ვირუსი, მათ შორის ერთ-ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ახლანდელი ეპიდემია ყველაზე დიდია? არა. მაგალითად, აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 2001-2002 წლებში 485 შემთხვევა და 25 სიკვდილი დაფიქსირდა. 2017-2018 წელს ნიგერიაში 122 შემთხვევა და 7 სიკვდილი აღრიცხეს.
შესაძლოა თუ არა, რომ ეპიდემიას მაიმუნის ყვავილის ახალი შტამი იწვევდეს?
ეს, ჯერეჯერობით, ზუსტად არ ვიცით. თუმცა ფაქტი, რომ ამდენი შემთხვევა სხვადასხვა ქვეყანაშია დაფიქსირებული მიგვანიშნებს, რომ შტამი წინამორბედებთან შედარებით უფრო გადამდები უნდა იყოს. მეორე მხრივ კი, შესაძლოა შემთხვევითმა მოვლენებმაც შეუწყოს ხელი ვირუსს ფართოდ გავრცელებაში. მეცნიერების თქმით, ჯერ საკმაოდ ადრეა იმის ზუსტად სათქმელად, თუ რა ხდება სინამდვილეში. როგორ გავრცელდა ვირუსი ამდენ ქვეყანაში და არის თუ არა ეს ახალი შტამი.
სპეციალისტები ვირუსის ნიმუშების სეკვენირების გზით მალე დაადგენენ, განსხვავდება თუ არა მაიმუნის ყვავილის ეს ვარიანტი დასავლეთ აფრიკული შტამისგან.
გველოდება თუ არა მაიმუნის ყვავილის პანდემია?
მოსალოდნელია, რომ ეს შემთხვევაც ისევე შეიზღუდება ინფიცირებულთა კონტაქტების მართვის გზით, როგორც ყველა ადრინდელი მაიმუნის ყვავილის ეპიდემია. დიდი ბრიტანეთი სთავაზობს ვაქცინებს ინფიცირებულთა კონტაქტებს, რათა ინფექციის შემდგომი გავრცელება აირიდოს თავიდან. ასე იქცევიან სხვა ქვეყნებშიც.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევართა ნაწილი პანდემიას სრულად ვერ გამორიცხავს, ისინი არ მიიჩნევენ, რომ ეს მოსალოდნელი სცენარია. მაგალითად, ჯონ ბროუნსტეინი, ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტალიდან ამბობს: "არ ვფიქრობ, რომ დღეს მეცნიერება ამაზე [პანდემიის დასაწყისზე] მიუთითებს. მნიშვნელოვანია, რომ მაიმუნის ყვავილი ახალ კორონავირუსთან არ გავაიგივოთ".
აქამდე ზოგი მკვლევარი აფრთხილებდა მსოფლიოს იმის შესახებ, რომ მაიმუნის ყვავილი მზარდი საფრთხეა. როგორც 2018 წლის ნაშრომშია აღნიშნული: "მაიმუნის ყვავილის, როგორც ადამიანის მნიშვნელოვანი პათოგენის გამოჩენა უდავოდ რეალისტური სცენარია".
თუმცა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულები უკვე ევროპის 12 ქვეყანაშია აღრიცხული, ვირუსის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მეცნიერებას არ აქვს საფუძველი, მომავალი პანდემია ივარაუდოს. რომ შევაჯამოთ, მაიმუნის ყვავილის პანდემიის დაწყება რეალისტური სცენარი არ გახლავთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ პანდემია დაავადების ვრცელ გეოგრაფიულ არეალში გავრცელებას ნიშნავს. მაგალითად, რამდენიმე კონტინენტზე, ან სულაც ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პანდემიის ცნებით გამოიხატება იმის მოლოდინი, რომ ინფექცია მსოფლიოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეეხება. ეს კი, ამ ეტაპზე, მაიმუნის ყვავილის ფარგლებში, მოსალოდნელი არ არის.
კომენტარები