ნახეთ: კოსმოსურმა ზონდმა მზის ამსახველი შთამბეჭდავი კადრები გადაიღო
ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ მზის შესასწავლად გაშვებულმა კოსმოსურმა ზონდმა Solar Orbiter მარტში ჩვენს ვარსკვლავს 48 მილიონ კილომეტრ მანძილზე ჩაუარა, რა დროსაც ის მერკურის ორბიტის შიგნით მოძრაობდა. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში ტემპერატურა 500 გრადუს ცელსიუსს აღწევს.
აპარატმა მნათობთან მიახლოებისას მისი ამსახველი შთამბეჭდავი კადრების გადაღება შეძლო, რომლებიც მზის სამხრეთ პოლუსსა და სხვა, აქამდე დაუფიქსირებელ დეტალებს გვიჩვენებს. ეს ყველაფერი ზონდმა მასზე დამონტაჟებული 10 სამეცნიერო ინსტრუმენტის მეშვეობით აღბეჭდა.
Solar Orbiter-ს ჩვენთვის უხილავი რეგიონების "დანახვა" შეუძლია. ამის მაგალითია ვარსკვლავის პოლუსები, რომელთა დედამიწიდან გამოკვლევა ძალზე რთულია. შესაბამისად, იქ მოქმედი მაგნიტური ველის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.
ახლა კი, ზემოხსენებული აპარატის წყალობით, სამხრეთ პოლუსის დეტალური გამოსახულება უკვე მოგვეპოვება. კადრებში სწორედ მაგნიტური ველის გავლენით გააქტიურებული არეალი ჩანს, სიკაშკაშით გამორჩეული ადგილები კი მაგნიტური ველის დახურულ ხაზებს ემთხვევა, რომლებსაც ნაწილაკები ვერ ლახავს, იქ ემწყვდევა და მძლავრ ულტრაიისფერ რადიაციას გამოყოფს.
Solar Orbiter-ის მიერ დაფიქსირებული კიდევ ერთი მოვლენა "მზიური ზღარბია", როგორც მას მეცნიერებმა უწოდეს. ამ ფენომენის წარმოქმნის ზუსტი პროცესი ჯერჯერობით უცნობია. ის 25 000-კილომეტრიან რეგიონს მოიცავს, რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით ხასიათდება.
კერძოდ, ამ დროს მზის გვირგვინიდან, ანუ ატმოსფეროს ზედა ფენიდან ცხელი და ნაკლებად ცხელი აირის ერთგვარი გეიზერები ყველა მიმართულებით იფრქვევა, რაც სწორედ ზღარბის ეკლებს მოგვაგონებს.
"ეს სურათები ნამდვილად გასაოცარია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ Solar Obiter მონაცემების შეგროვებას ხვალვე შეწყვეტს, აქამდე მოპოვებული ინფორმაციის გასაანალიზებლად წლები დაგვჭირდება", — ამბობენ სპეციალისტები.
კომენტარები