რას გვიყვება დმანისში ნაპოვნი თავის ქალა უძველეს "ადამიანებზე" — ინტერვიუ ანა მარგველაშვილთან
ჰომო საპიენსი (ჩვენ) დაახლოებით 200 000 წელია რაც დედამიწაზე დააბიჯებს. ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეებში, დიდ პროგრესს მივაღწიეთ. უკვე დღეს ვფიქრობთ კოსმოსის ათვისებაზე და ეს ბუნებრივიც არის, თითქმის აღარ დარჩა ადგილი პლანეტაზე, სადაც ფეხი არ დაგვიდგამს. თუმცა, სულ ასე არ იყო.
ოდესღაც დედამიწაზე სხვებიც დააბიჯებდნენ. ადამიანის ისტორია და ევოლუცია ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჰომო საპიენსამდე ბევრად უფრო ადრე იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები და სხვანი. მეტიც, არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ იყო დრო როდესაც პლანეტაზე ადამიანის სულ მცირე ექვსი სახეობა ცხოვრობდა ერთდროულად. რთულია ზუსტად იმის თქმა თუ როგორ გაქრნენ ისინი, ან რა სახის ევოლუცია განიცადეს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ამ პროცესების საბოლოო შედეგის დანახვა სარკეშიც შეგიძლიათ, მათგან მხოლოდ ჩვენ დავრჩით.
დღეს ჩვენ, გადარჩენილები ვიკვლევთ საკუთარს და მათ ისტორიასა თუ ევოლუციას. ამის ფონზე ორმაგად საინტერესო და ამაღელვებელია, რომ სწორედ საქართველოში — დმანისში 1991 წლიდან ჰომო ერექტუსის ასამდე ძვალია აღმოჩენილი, ხოლო 1999-2005 წლების განმავლობაში აღმოაჩინეს ჰომო ერექტუსის 5 თავის ქალა. ორ მათგანს ჩვენ როგორც მზიას და ზეზვას ისე ვიცნობთ. ეს მტკიცებულებაა, რომ აფრიკიდან წამოსული ადამიანის უძველესი წინაპრები იმ ტერიტორიაზე სახლობდნენ, რასაც დღეს ჩვენ საქართველოს ვეძახით. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო გზა გასაყარი, საიდანაც უძველესი ადამიანები ევროპასა და სხვა კონტინენტებზე გავრცელდნენ.
სულ ცოტა ხნის წინ პრეისტორიისა და ევოლუციური ანთროპოლოგიის სფეროს წამყვან ჟურნალ Journal of Human Evolution-ში ქართველი და ამერიკელი პალეოანთროპოლოგების მნიშვნელოვანი კვლევა გამოქვეყნდა. საუბარია დმანისის თავის ქალის ახალ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც მეტს ვიგებთ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადრეული ადამიანები, ჰქონდათ თუ არა ერთმანეთში ან სხვა ჯგუფებთან დაპირისპირება, ხდებოდნენ თუ არა ავად და იყვნენ თუ არა ისეთი საშიში მტაცებლების მსხვერპლნი, როგორიცაა ხმალკბილა ვეფხვი და გიგანტური აფთარი.
ამ ყველაფერზე უახლესი კვლევის მონაწილეს, ქართველ პალეოანთროპოლოგ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორს, ანა მარგველაშვილს ვესაუბრე. ანა პირველადი განათლებით სტომატოლოგია. როგორც თავად მითხრა, მას სტუდენტობისას გაუმართლა და შეხვდა ქართველ ანთროპოლოგსა და არქეოლოგ დავით ლორთქიფანიძეს. სწორედ ასე მოხვდა ის პირველად დმანისში, გათხრებზე. ანა 2002 წლიდან დმანისის მკვლევრების გუნდის წევრია. მას ერაზმუს მუნდუსის მაგისტრატურა აქვს დამთავრებული პორტუგალიასა და ესპანეთში, ხოლო დოქტორანტურა პალეოანთროპოლოგიის მიმართულებით ციურიხის უნივერსიტეტში. თუმცა, მან არც თავისი პირველი პროფესია დაივიწყა.
"მართალია, ჩემმა პროფესიამ, სტომატოლოგიამ, ცოტა სხვა გეზი აიღო, მაგრამ მედიცინასა და პირის ღრუს არ დავშორებივარ. ჩემი კვლევები პირის ღრუსა და ზოგადად ადრეული ადამიანის ძვლოვანი ნაშთების ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესებზეა, მათ მორფოლოგიაზე. ამით მოპოვებული ინფორმაციით, კოლეგებთან ერთად, ვცდილობ აღვადგინო თუ როგორ გამოიყურებოდნენ და როგორ ცხოვრობდნენ ადრეული ადამიანები", — მითხრა ანამ.
ანამ თავისი უნარები ბოლო კვლევაშიც კარგად გამოავლინა, სადაც დმანისში აღმოჩენილ თავის ქალას სწავლობდნენ. თუმცა, სანამ უშუალოდ კვლევაზე ვისაუბრებდით ანა ზოგადად ადამიანის ევოლუციასა და მის შესწავლაში დმანისის როლზეც მესაუბრა.
ანას თქმით, ადამიანის ევოლუციის ის ხაზი, რომლისგანაც დღევანდელი კაცობრიობა წარმოიშვა, დაახლოებით 6-7 მილიონი წლის წინ, აფრიკაში იღებს სათავეს. იგი შიმპანზისა და ადამიანის საერთო წინაპარს გამოეყო და ახალ, დამოუკიდებელ შტოდ განვითარდა. ადამიანის ევოლუციის ეს ტოტი სავსეა უამრავი სხვადასხვა ტიპის ადრეული ჰომინიდით, როგორებიცაა სახელანთროპი, არდიპითეკი, ავსტრალოპითეკი, პარანთროპუსი. ეს ჰომინიდები ჰომოს გვარს, ანუ ჩვენ უშუალო ხაზს, არ მიეკუთვნებოდნენ. თუმცა, როგორც ანა ამბობს, უკვე 2 მილიონი წლის წინ, ისევ აფრიკაში ჩნდება ჰომოს გვარი, რომელიც მომდევნო პერიოდში სხვადასხვა სახეობას მოიცავდა. სწორედ აქ შემოდის დმანისის ფაქტორი და მისი მნიშვნელობა:
"ზოგადად, დმანისი და სამხრეთ კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. აქ ხომ სამი ძირითადი კონტინენტის — აფრიკის, აზიისა და ევროპის გზაგასაყარია. ამიტომ, სამხრეთ კავკასიის ტერიტორია მრავალმხრივ საინტერესოა. ადამიანის ევოლუციის კუთხითაც დმანისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი იმ იშვიათ გამონაკლისებს მიეკუთვნება, სადაც ცხოველის და ადამიანის ნაშთი აღსანიშნავად ბევრია. იქ უამრავი ქვა და ქვის იარაღია აღმოჩენილი. პალეოლითური (ძველი ქვის ხანის) ფენები ზუსტადაა დათარიღებული და გეოლოგიურად ფენებიც კარგადაა შესწავლილი. ანუ, როგორც მეცნიერები ვიტყვით, არქეოლოგიური კონტექსტი იშვიათი სრულფასოვნებითაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, დმანისში ნაპოვნი ნაშთები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან აღმოჩენილი, ანუ რამდენიმე კვადრატულ მეტრზეა საუბარი როდესაც, მაგალითად, ადამიანის ნაშთებზე ვსაუბრობთ", — მითხრა ანამ.
სამხრეთ კავკასიაში, უფრო კონკრეტულად კი დმანისსა და ოროზმანში გაკეთებული მსოფლიო დონის აღმოჩენის შესახებ გასულ წელს, ჩვენს ვიდეოშიც მოგიყევით. მისი ნახვა აქვე შეგიძლიათ.
და მაინც, როგორ დაიწყო დმანისის აღმოჩენები და კონკრეტულად რა წვლილი მიუძღვის მას ადამიანის ევოლუციის აღქმაში?
დმანისის პირველი აღმოჩენა და მთავარი მნიშვნელობა
ანა გვიყვება, რომ დმანისის ადამიანების აღმოჩენა (1991 წელს) სრულიად განსაკუთრებული იყო.
"1990-იან წლებამდე მაშინდელ მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ადრეულმა ადამიანმა აფრიკა მხოლოდ მაშინ დატოვა, როდესაც მისი ტვინი საგრძნობლად გაიზარდა და საკმაოდ კარგად განვითარებული ქვის იარაღების კეთება შეეძლო. დმანისის აღმოჩენებმა კი აჩვენა, რომ ადრეულმა ადამიანმა ჰომოს გვარის გაჩენიდან (და შეიძლება მანამდეც კი, თუმცა ადამიანის ნაშთი დმანისზე ძველი ასაკის არ არის აღმოჩენილი ევროპის კონტინენტზე) მალევე დატოვა აფრიკა და საკმაოდ სწრაფად გაიკვალა გზა ევრაზიაში. ამან შეცვალა წარმოდგენა ადამიანის ევოლუციაზე და მთლიანად გადაწერა ჩვენი სახეობის ევოლუციის ისტორია. დმანისში აღმოჩენილი ადრეული ჰომოს ძვლები ჰომო ერექტუს ერგასტერ გეორგიკუსს (Homo erectus ergaster georgicus) ეკუთვნის. ჰომო ერექტუსი პლეისტოცენის დასაწყისში (დაახლოებით 1.8 მილიონი წლის წინ) ჩნდება, ხოლო დმანისელი ადამიანები კი 1.77 მილიონი წლით თარიღდებიან", — ამბობს ანა.
როგორი იყო უძველესი ადამიანის ცხოვრება
ეს ყველაფერი აჩენს შეკითხვას, როგორი კლიმატი იყო იმ პერიოდში დმანისში, რა პირობებში ცხოვრობდნენ უძველესი ადამიანები, როგორ ურთიერთობდნენ ისინი ერთმანეთთან, რას იყენებდნენ იარაღად და ვისგან და რისგან იცავდნენ თავს.
როგორც ანამ მითხრა, იმ პერიოდში დმანისში ზომიერი კლიმატი იყო, საკმაოდ მშრალი ჰავა და სიცივეც. ეს დაახლოებით ისე, როგორც ახლა. ზამთარში საკმაოდ ეციებოდა. ბუნებრივია, ასეთი კლიმატი მკაცრი იქნებოდა მაშინდელი ადამიანისთვის — საუბარი გვაქვს ჰომინიდებზე, რომლებმაც ჯერ ცეცხლის გამოყენებაც არ იციან და იარაღად ყველაზე პრიმიტიულ, მარტივ ქვის იარაღებს იყენებენ. ამის პარალელურად, მაშინდელი ეს ტერიტორია მჭიდროდ იყო დასახლებული ცხოველებით, მათ შორის სასტიკი მტაცებლებით. დმანისში აღმოჩენილია ისეთი კარნივორები (ხორცისმჭამელები), როგორებიცაა ძაღლისებრთა (მგელი) და კატისებრთა (ხმალკბილა ვეფხვი, ავაზა, ლეოპარდი) ოჯახის წარმომადგენლები, ურსიდები (დათვი), მუსტელიდები (კვერნა) და ჰიენიდები (გიგანტური აფთარი).
"დმანისი ძალიან მრავალფეროვანი იყო ცხოველებით, მათ შორის მტაცებლებითაც, რომლებიც საკმაოდ სახიფათო იყო დმანისელი ადამიანისთვის. ეს ადამიანები დიდი მტაცებლებისთვის მსხვერპლი შეიძლება გამხდარიყვნენ. იმ დროს ფაუნა განსხვავებული და ძალიან მდიდარი გახლდათ. ეს ხელს აძლევდა მათ თუ ლეშს შეჭამდნენ ან ცხოველს მოინადირებდნენ, მაგრამ ასევე საშიში იყო, რადგან თავის გადარჩენა ბევრი მტაცებელის გარემოცვაში უწევდათ", — მითხრა ანამ.
რაც შეეხება კვებას, ანას თქმით, უძველესი ადამიანები იკვებებოდნენ ფაქტობრივად ყველაფრით, რასაც იპოვიდნენ. კლიმატიდან გამომდინარე, ზამთარში ხილი ნაკლებად ექნებოდათ, ამიტომ, ხორცზე აქცენტირებაც ხშირად მოუწევდათ. ანამ მითხრა, რომ ბალახისმჭამელი ცხოველის ძვალზე ქვის იარაღის კვალია აღმოჩენილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დმანისელი ადამიანი ქვის იარაღით ხორცს ძვალს ათლიდა. ნადირობდნენ თუ არა ეს ადამიანები არ ვიცით, შეიძლება ნადირობდნენ, შეიძლება სხვა დიდი მტაცებლის მონადირებულს ჭამდნენ. თუმცა, ფაქტია, რომ ხორცი მათ კვების რაციონში შედიოდა.
მოუსმინეთ: შემდეგი პოდკასტი: ადრეული ადამიანები დმანისში — ბრძოლა გადარჩენისთვის
"როდესაც ადრეულ ადამიანებზე ლაპარაკობენ, მათ ხშირად როგორც პრიმიტიულს ისე აღიქვამენ. კი ასეა, ისინი უძველესი ადამიანები იყვნენ, მაგრამ თუ დავფიქრდებით, იმ რთულ გარემოში გადარჩენა არც ისე ადვილი იყო. ისინი ახერხებდნენ ერთმანმეთზე ზრუნვას (მაგალითად, უკბილო მოხუცს უვლიდნენ და აჭმევდნენ, სავარაუდოდ), მტაცებელი ცხოველებისგან თავის გადარჩენასა და საკვების მოპოვებას", — ამბობს ანა.
ამ ეტაპზე დმანისში მინიმუმ ხუთი ინდივიდია აღმოჩენილი, ეს ინდივიდები სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ, ერთი მოზარდი, ერთი ახალგაზრდა, ორიც ზრდასრული და კიდევ ერთი უკბილო მოხუცი.
"ასეთი შესაძლებლობა — ადრეული ადამიანის და ამ სიძველის ხუთი სხვადასხვა ასაკის ინდივიდის კვლევა — უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ არსებობს. ჩვენ თითქოს ფანჯარა გვაქვს წარსულში და ვუყურებთ უძველეს პოპულაციას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი ბოლო კვლევაც", — ამბობს ანა.
უახლესი კვლევა და მისი აქცენტები
ახალი კვლევა, რომელიც სტატიის თავში უკვე ვახსენე და დმანისში აღმოჩენილი თავის ქალას სწავლობს, სწორედ უძველესი ადამიანების ცხოვრების შესასწავლადაა მნიშვნელოვანი. კვლევის ფოკუსი არის ერთ-ერთი ზრდასრული ინდივიდის თავის ქალა, რომელსაც სახის ძვლები არ აქვს შემორჩენილი და ტვინის კოლოფზე, გარედან, ოთხი დაზიანება აღმოაჩნდა. საყურადღებოა დაზიანებები...
"ჩვენი კვლევებით დასტურდება, რომ სამ შემთხვევაში ამ დაზიანებების წყარო ტრავმულია. სავარაუდოდ ერთმანეთთან კონფლიქტი ჰქონდათ და მეტოქემ (ეს მისი გუნდის თუ სხვა ჯგუფის წევრი იყო არ ვიცით) ბლაგვი იარაღი (ქვა, ხე) ჩაარტყა თავში. ეს დარტყმა არ აღმოჩნდა სიცოცხლისთვის სახიფათო და ტრავმის მერეც იცოცხლა დიდხანს. ამას ძვალზე არსებული ცვლილებების მიხედვით ვადგენთ, ანუ შეხორცების კვალით", — ამბობს ანა.
თუმცა, მეცნიერის თქმით, მეოთხე დაზიანება, რომელიც შუბლის ძვალზეა აღმოჩენილი, დანარჩენი სამისგან განსხვავდებოდა და მეტი კვლევა გახდა საჭირო. ანამ და მისმა კოლეგებმა დაავადებებთან დიფერენციალური დიაგნოზის გატარება დაიწყეს. საუბარია დაავადებაზე, რომელიც ძვალზე თვალსაჩინო კვალს ტოვებს, ასეთი კი ბევრი არ არის. შესაბამისად დიფერენციალური დიაგნოზი გატარდა კისტებთან, სიმსივნურ დაავადებებთან, ტუბერკულოზთან და სხვა. მკვლევრები ბოლოს ტრეპონემატოზზე შეჩერდნენ.
"ტრეპონემატოზს ტრეპონემას ბაქტერია იწვევს, ეს ბაქტერია დღეს, თანამედროვე ადამიანში, ვენერიული დაავადების სიფილისის გამომწვევია, თუმცა იმ დროს სიფილისის დაავადება არ არსებობდა. ბაქტერიები და დაავადებები განიცდიან ევოლუციას და ცვლილებას, ამიტომ ჩვენ არ ვიცით რა ტიპის დაავადებას იწვევდა ტრეპონემა დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ. თუმცა, რადგან ძვალზე არსებული ცვლილება ჰგავს დღეს არსებულ არავენერიულ ტრეპონემატოზს, რომელსაც მაიმუნებსა და ადამიანის მსგავს მაიმუნებში, ასევე არქეოლოგიურ მასალაში ვპოულობთ, ვვარაუდობთ, რომ დმანისის თავის ქალაზე აღმოჩენილი ეს დაზიანება ბაქტერიული ინფექციით, ტრეპონემატოზით, იყო გამოწვეული", — მითხრა ანამ.
თუ დიაგნოზი, რომელიც 1.8 მილიონი წლის წინ მცხოვრებ "პაციენტს" დაუსვეს მართალია, მაშინ ეს დმანისში ტრეპონემატოზის უძველესი გამოვლინებაა. გარდა ტრავმისა და ინფექციისა თავის ქალაზე, კეფის ძვალზე ორი ნახვრეტისებური დეფექტია, რამაც ანას და მისი კოლეგების ყურადღება მიიპყრო.
მათ გაზომეს დისტანცია ნახვრეტებს შორის და ეს დისტანცია, რამდენიმე დიდი მტაცებლის ეშვებს შორის დისტანციას დაემთხვა. გარდა ამისა, სხვადასხვა მეთოდებით დადგინდა, რომ ეს ნახვრეტები სიცოცხლეშივე გაჩნდა (და სიკვდილის მიზეზიც გახდებოდა), რადგან ჩატეხილი ძვლის კიდეების კუთხეები სპეციფიკურია სიცოცხლეში მიყენებული ტრავმისთვის.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დმანისელი ადამიანი სავარაუდოდ რომელიმე დიდი მტაცებლის მსხვერპლი გახდა. ამაზე მიუთითებს ის, რომ მას არ აქვს სახე. სწორედ სახეს მოაჭამს ხოლმე ხშირად მტაცებელი ცხოველი მსხვერპლს. დამატებით, ქალას ფუძეზე აღინიშნება მოღრღნის კვალი. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს ინდივიდი ან გიგანტური აფთრის ან რომელიმე დიდი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლის მსხვერპლი გახდა", — ამბობს ანა.
როგორც კვლევამ აჩვენა, დგინდება, რომ ადრეულ ადამიანებს ჰქონდათ ერთმანეთთან ფიზიკური კონფლიქტები, სავარაუდოდ სნეულდებოდნენ ინფექციური დაავადებებით და დიდი მტაცებლების მსხვერპლნიც ხდებოდნენ. მათ მართლაც დაძაბული ცხოვრება ექნებოდათ.
სტატიის თავში უკვე აღვნიშნე, რომ კონკრეტულ კვლევაზე ქართულ-ამერიკული გუნდი მუშაობდა. ანამ მითხრა, რომ ეს გუნდი უკვე წლებია იკვლევს დმანისის ნაშთებს. გუნდში საქართველოდან იყვნენ: დმანისის პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, დოქტორი ნიკოლოზ წიქარიძე და თავად ანა. ამერიკიდან სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ ჰარვარდის პროფესორი, ცნობილი პალეანთროპოლოგი, ფილიპ რაიტმაიერი და პროფესორი მართა ტაპენი მინესოტას თუინ სითიზ უნივერსიტეტიდან, ისინი მრავალი წელია უკვე დმანისში მუშაობენ.
ასევე იხილეთ: უძველესი ადამიანის კვალზე — საქართველოში 1.8 მილიონი წლის კიდევ ერთი ძეგლი აღმოაჩინეს
როგორც ვხედავთ, დმანისის აღმოჩენებმა მართლაც გადატრიალება მოახდინა ადამიანის ევოლუციის აღქმაში, ამით ძირფესვიანად შეიცვალა ხედვა ადამიანის წარმოშობაზე და მის გავრცელებაზე აფრიკიდან ევრაზიაში. ანას თქმით, დმანისის არქეოლიოგიური ძეგლი და ადრეული ადამიანები კიდევ უამრავ საიდუმლოს ინახავენ და მომავალი კვლევები ამ ინფორმაციას აუცილებლად გაგვიმხელენ. რაც მთავარია, მიმდინარე პროექტებთან ერთად, ბევრი საინტერესო ახალი კვლევა უკვეა დაგეგმილი.
მაშ ასე, წინ წარსულში, ვნახოთ რა იქნება შემდეგი...
კომენტარები