7 მიზეზი — რატომ უნდა დაესწრო DataFest Online: Data & Technologies in Wartime-ს
უკვე ტრადიციული მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi სპეციალური, ციფრული გამოშვებით ბრუნდება. ღინისძიება DataFest Online: Data & Technologies in Wartime შეეხება ძალიან აქტუალურ და საჭირო თემას — მონაცემებსა და ტექნოლოგიებს ომის დროს. მისი დახმარებით, სფეროს პროფესიონალებისგან გავიგებთ, რა როლი აქვს ტექნოლოგიებსა და მონაცემებს 21-ე საუკუნეში ომების მიმდინარეობისას.
DataFest Online: Data & Technologies in Wartime სამი დღის განმავლობაში, 5-7 მაისს გაიმართება. ფესტივალის პირველი ორი დღე ინსპირაციულ პრეზენტაციებს დაეთმობა. მესამე დღე დატატონებს (მონაცემებზე დაფუძნებული ჰაკათონი) მიეძღვნება, სადაც მონაწილეები სხვადასხვა გამოწვევაზე იმუშავებენ.
ფესტივალზე დასასწრებად რეგისტრაცია ყველას შეუძლია. ის სტარტს მალე აიღებს და თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საჭირო ცოდნით აღგვჭურვავს. მანამდე კი წარმოგიდგენთ 7 მიზეზს, თუ რატომ უნდა დაესწროთ ამ ფესტივალს.
სინამდვილის და სიყალბის გარჩევა
ადამიანები ინსტიქტურად ვცდილობთ საინფორმაციო სივრცის პოზიტიური ამბებით გაჯერებას, რომ ომის მძიმე ემოციური წნეხი შევიმსუბუქოთ. ასეთ დროს, ვიკეტებით "ბაბლში", შერჩევითად ვეცნობით ინფორმაციას, ან სულაც ყალბ ამბებს ვიჯერებთ. რუსეთთან ბრძოლაში ოპტიმიზმი უდიდესი იარაღია, მაგრამ რეალობასაც რომ არ მოწყდე, DataFest-ზე გაიგებ, როგორ დააიდენტიფიცირო ომის პროპაგანდა, ყალბი ამბები და საინფორმაციო მანიპულაციები.
ამდენი ექსპერტია. ვის ვენდო?
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ალბათ თქვენც ხშირად მოისმენდით ფრაზას "ომის წიგნები გადასაწერია". მართლაც, ომის თეორიები თავდაყირა დააყენა ახალმა ტექნოლოგიებმა, სამოქალაქო წინააღმდეგობამ, "უძლეველი არმიის" უმოტივაციობამ. ღია მონაცემების ხელმისაწვდომობამ ახალი ექსპერტები გამოავლინა, ეკრანებზე ვხედავთ ნაცნობ სპეციალისტებსაც, სოციალურ მედიაში კი უბრალო მომხმარებლებიც კი ექსპერტები გავხდებით ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, ვის და როგორ ანალიზს უნდა ენდო, DataFest Online-ზე გაიგებ.
აღმოაჩენ კიბერთავდასხმების და უსაფრთხოების რეალურ გავლენებს
ომში Anonymous-ის ჩართულობამ საყოველთაო აღტაცება გამოიწვია. მანამდე, უკრაინის სტრატეგიულმა საკომუნიკაციო არხებზე რუსეთმა მასშტაბური კიბერ თავდასხმა განახორციელა. რამდენად ცვლის ომის მიმდინარეობას, დანაკარგებსა და საბოლოო შედეგებს კიბერ ოპერაციები? როგორ შეიძლება ჩვენი, უბრალო მოქალაქეების მონაცემებიც კი ინსტრუმენტად გამოიყენონ საომარ კიბერთავდასხმებში? ღონისძიებაზე მოწვეული მაღალი პროფილის სპიკერები ამ და სხვა საკითხებს დეტალურად მიმოიხილავენ.
ისწავლი ღია მონაცემების გამოყენებას ომის ანალიზისთვის და პროგნოზებისთვის
ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა ომის მიმდინარეობას რადიკალურად ცვლის. სატელიტური მონაცემების ანალიზით, ომის დანაშაულების დოკუმენტირებით, ოლიგარქების ქონების ძიებით, უკვე უბრალო მოქალაქეებსაც შეუძლიათ პირდაპირი გავლენა მოახდინონ საომარ შედეგებზე. DataFest Online-ის სპიკერები პრაქტიკულ ვორქშოფებს ჩაატარებენ და გაჩვენებენ, როგორ განავითარო ციფრული უნარ-ჩვევები ომთან დაკავშირებული მონაცემების მოძიებისთვის და ანალიზისთვის.
შეძლებ დაეხმარო უკრაინელ ხალხს და მოხალისეებს
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, თუმცა დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, თანხა გადარიცხონ ვერიფიცირებულ, სანდო ჰუმანიტარულ ფონდებში უკრაინელი მოხალისეების, მოსახლეობის, ლტოლვილებისა და ჟურნალისტების დასახმარებლად.
გაიგებ, რა საფრთხეებს ქმნის და როგორ ცვლის ომის მიმდინარეობას ტექნოლოგიები
ვიზუალური ამომცნობი სისტემები, ავტონომიური იარაღები, საპატრულო დრონები, “კამიკაძე რობოტები”, მასობრივი დესტრუქციის იარაღები — უკრაინაში მიმდინარე ომმა დაგვანახა, რომ ტექნოლოგიებს თანამედროვე და მომავალ საომარი მოქმედებებში გადამწყვეტი როლი უჭირავთ. DataFest Online ამ ტექნოლოგიებს, მათ საფრთხეებსა და გავლენებს დეტალურად მიმოიხილავს.
შეგეძლება მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსში მონაწილეობა
ფესტივალის ფორმატი მონაცემებზე დაფუძნებულ ჰაკათონებსაც მოიცავს, სადაც შეგეძლება სხვადასხვა გამოწვევაზე იმუშავო, ღონისძიების თემებთან დაკავშირებით მონაცემთა ვიზუალიზაცია შექმნა და ფულადი პრიზები მოიგო.
კომენტარები