ფეხსაცმელში ჩამონტაჟებული ეს მოწყობილობა მოგიღიტინებთ და სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ
ფეხზე მოღიტინების მოწყობილობა, რომელიც "უკონტროლო სიცილს" იწვევს, მეცნიერბმა იმ იმედით შექმნეს, რომ იგი მომხმარებელს სტრესთან გამკლავებაში დაეხმარება.
მოწყობილობა სახელწოდებით TickleFoot ფეხსაცმელში ღაბაშის სახით თავსდება და ბატარეაზე მუშაობს. მკვლევრების თქმით, მასზე სამი აქტიური წერტილია განლაგებული, რომლებიც ფეხის გულზე ღიტინისთვის ყველაზე სენსიტიურ ადგილებს ასტიმულირებენ.
მეცნიერებმა, მათ შორის ახალი ზელანდიის ოკლენდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, განაცხადეს, რომ მოწყობილობა მაგნიტიანი ფუნჯების საშუალებით ღიტინის შეგრძნებებს აჩენს და "უკონტროლო სიცილის" გამოწვევით, შესაძლოა, სტრესის შემსუბუქებაში დაგვეხმაროს.
კვლევაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ჟურნალ Transactions on Computer-Human Interaction-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა ფეხის გულზე ღიტინისთვის ყველაზე სენსიტიური ადგილები და, მათ საფუძველზე, სტიმულაციის ის ნიმუშები გამოკვეთეს, რომლებიც სიცილს იწვევს. ეს ყველაფერი შემდგომი ექსპერიმენტით დადასტურდა.
ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილეებმა ღიტინის დონე შვიდ ქულიანი სისტემით შეაფასეს.
"მონაწილეების შეფასებებიდან რამდენიმე განაცხადი მივიღეთ, რომელთა მიხედვითაც ასეთი სიმულაციები, შესაძლოა, სასარგებლო იყოს", — წერენ მეცნიერები მოხსენებაში.
კვლევამ, რომელშიც 13 ადამიანი, მათ შორის შვიდი ქალი და ექვსი კაცი მონაწილეობდა, ასევე ნათელი მოჰფინა ფეხზე ღიტინის მიმართ ყველაზე სენსიტიური ადგილების გენდერულ ვარიაციებს.
მეცნიერების თქმით, ქალების შემთხვევაში ღიტინის ყველაზე დიდი ქულა ფეხის თაღის ცენტრმა მიიღო, კაცების შემთხვევაში კი — ადგილმა ფეხის თითებთან ახლოს.
კვლევაში მონაწილეთა გამოხმაურების საფუძველზე მეცნიერებმა მასტიმულირებლები დრეკად ღაბაშში ჩასვეს. მოხსენების ავტორების თქმით, მოწყობილობის ბატარეები დაახლოებით ერთ საათს ძლებს, მისი ჩართვა და გამორთვა კი დისტანციურადაა შესაძლებელი.
ჯერ კიდევ გასარკვევია, გამოიღებს თუ არა მოწყობილობა სასურველ შედეგს, რადგან წინა კვლევამ აჩვენა, რომ ღიტინისგან სიცილის გამოსაწვევად ადამიანი უკვე პოზიტიურ განწყობაზე უნდა იყოს.
კომენტარები